იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს კორონავირუსული დაავადება შეხვდება, არ აქვს გარანტია, რომ ის ხელახლა არ გადაედება. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2-ია, არსებობს სხვა კორონავირუსებიც, რომელთა შესახებაც უკვე ათწლეულებია ვიცით და რომლებიც ძლიერი სეზონურობით გამოირჩევიან.
მკვლევრები ამ სეზონური კორონავირუსებიდან ოთხს უკვე 35-წლიანი მონაცემების საფუძველზე სწავლობდნენ და აღმოაჩინეს, რომ ხელახალი ინფიცირება საკმაოდ ხშირად ხდება, პირველი ინფიცირებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.
მართალია, ეს ბევრს არაფერს გვეუბნება ამჟამინდელი გლობალური პანდემიის შესახებ, მაგრამ ნამდვილად არ გახლავთ კარგი ნიშანი იმისთვის, რომ მოსახლეობაში გრძელვადიანი იმუნიტეტის გამომუშავების იმედი გვქონდეს.
1980-იანი წლებიდან დღემდე ამსტერდამში მცხოვრები 10 მამაკაცისგან აღებული სისხლის შრატის 513 ნიმუშის ანალიზისას, მკვლევრებმა შენიშნეს კორონავირუსებთან დაკავშირებული ანტისხეულების რამდენიმე ტალღა.
თითოეული ეს ტალღა დაკავშირებულია ხელახლა ინფიცირებასთან; ოთხი სეზონური კორონავირუსის — HCoV-NL63-ის, HCoV-229E-ის, HCoV-OC43-ის და HCoV-HKU1-ის შესწავლისას, მკვლევართა ჯგუფმა თითოეულ პაციენტზე 3-დან 17-მდე ინფექცია აღმოაჩინა.
იშვიათ შემთხვევებში, ხელახალი ინფიცირება ექვსი თვის შემდეგაც ფიქსირდებოდა, მაგრამ უფრო ხშირად, ინფექცია უკან ერთი წლის შემდეგ ბრუნდებოდა, რაც მიუთითებს, რომ დამცავი იმუნურობა საკმაოდ ხანმოკლეა.
ამ დრომდე დადასტურებულია COVID-19-ით ხელახლა ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რამდენ ხანს შეიძლება გრძელდებოდეს იმუნურობა SARS-CoV-2-ისადმი.
ამის დადგენის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სხვა კორონავირუსების კვლევაა და სამწუხაროდ, როგორც 35-წლიან მონაცემთა საფუძველზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს, მრავალი კორონავირუსისადმი იმუნურობა არა მხოლოდ დროებითი, არამედ ხანმოკლეც არის. გარდა ამისა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელახლა ინფიცირება შეიძლება ადამიანთა ყველა კორონავირუსის საკმაოდ გავრცელებული მახასიათებელი იყოს.
ეს კვლევა შეზღუდულია იმით, რომ ანტისხეულთა დონე კორონავირუსული ინფექციის მომასწავებლად მიიჩნევა და დაზუსტებით ვერ დავადგენთ, იყო თუ არა ანტისხეულთა ყოველი მოზღვავება ნამდვილად ხელახლა ინფიცირებით გამოწვეული.
გარდა ამისა, კვლევა მონაწილეთა მცირე ჯგუფზე ჩატარდა და საჭიროა უფრო დიდ კონტინგენტზე ჩატარება.
მიუხედავად ამისა, მოგვცა გარკვეული ისეთი ცნობები, რომლებსაც სხვა კვლევები არ გვთავაზობს.
„ჩვენი სეროლოგიური კვლევა უნიკალურია, რადგან გვერდს უვლის წინა ეპიდემიოლოგიურ კვლევათა შერჩევით მიკერძოებას, რომლებიც სიმპტომებზე დაფუძნებული ტესტირების პროტოკოლებს ეყრდნობა“, — წერე ავტორები პუბლიკაციაში.
ამის ნაცვლად, პაციენტების ტესტირება რეგულარულად ხდებოდა, წელიწადში რამდენჯერმე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა ისინი თავს ჯანმრთელად გრძნობდნენ. ეს კი საკმაოდ მნიშნველოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მრავალი კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ასიმპტომური იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელახლა ინფიცირების მრავალი შემთხვევა გამოგვრჩება.
SARS-CoV-2-ზე ჩატარებული ერთ-ერთი უახლესი კვლევა მიუთითებს, რომ სპეციფიკურ ანტისხეულთა დონე შემცირებას იწყებს ინფიცირებიდან ორი თვის შემდეგ, განსაკუთრებით მსუბუქ შემთხვევებში.
სწორედ მსგავსი რამ აღმოაჩინა ახალმა კვლევამაც.
სისხლის ნიმუშები, რომლებიც 1989 წლამდე შეგროვებულია ყოველ სამ თვეში ერთხელ, შემდეგ კი ყოველ ექვს თვეში ერთხელ, აჩვენებს, რომ ამსტერდამში კორონავირუსულ ინფექციათა უმეტესობა ზამთარში ხდება.
„ჩვენს კვლევაში, ოთხივე სეზონური კორონავირუსი ყველაზე ნაკლებად გავრცელებული აღმოჩნდა ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. დასტურდება, რომ ზომიერი სარტყლების ქვეყნებში ისინი ყველაზე ძლიერ ზამთარშია წარმოდგენილი და პოსტპანდემიურ ერაში, ეს მახასიათებელი შეიძლება SARS-CoV-2-მაც გაიზიაროს“, — წერენ მკვლევრები.
ადამიანის კორონავირუსების სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ მათთან დაკავშირებულ ინფექციათა მაჩვენებელი ზაფხულში მცირდება.
მომავალში აუცილებლად ვნახავთ, მიჰყვება თუ არა სხვა კორონავირუსთა ასეთ ტენდენციას SARS-CoV-2-იც. თუმცა, თუ გვსურს, რომ რაც შეიძლება ფრთხილად ვიყოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის გრძელვადიან იმუნიტეტს ტოვებს.
ამავე დროს, შეიძლება რთული აღმოჩნდეს ხანგრძლივი იმუნური პასუხის ვაქცინაციის გზით მიღებაც. ამ შემთხვევაში, მოგვიწევს რეგულარული აცრები, ზუსტად ისე, როგორც სეზონური გრიპის შემთხვევაში.
კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.