7 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ არის Facebook-ის წაშლა ურთულესი
7 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ არის Facebook-ის წაშლა ურთულესი

Facebook-ის ირგვლივ მორიგი კამპანია აგორდა, ამჯერადაც ჩვენი პერსონალური მონაცემების სხვებისთვის გადაცემის გამო.

ზოგიერთმა Facebook-ის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ კომპანია კვლავ ინარჩუნებს 2 მილიარდზე მეტ მომხმარებელს.

მათი უმეტესობა Facebook-ს დაუბრუნდება, როგორც ეს უკვე მრავალჯერ გაუკეთებიათ – მომხმარებლებს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უჩნდებათ, რაც მათ მიჯაჭვულობას განაპირობებს.

ათწლეულობის განმავლობაში მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ურთიერთობა მედიასთან, იქნება ეს კინო, ტელევიზია თუ რადიო, სიმბიოზურია. ადამიანებს მოსწონთ იმ სიამოვნების გამო, რომელსაც მისი მოხმარებისგან იღებენ. სარგებლებს შორის არის ესკაპიზმი, რელაქსაცია და მეგობრული ურთიერთობები.

თუმცა, ონლაინ-მედიაში მომხმარებელთა ქცევა მედიაკომპანიებს უზრუნველყოფს მონაცემებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ზუსტად ის სარგებელი, რაც ყველაზე მეტად სურდათ. მაგალითად, მომხმარებელთა ქცევა და ონლაინ-გამოცდილება მიუთითებს მათ ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე.

მოხმარების შედეგად, Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს, ისევე როგორც ყველა სხვა ინტერაქტიულ მედიას, საშუალებას ვაძლევთ, მოგვამარაგოს პლატფორმაზე ინტერაქციის ახალი შესაძლებლობებით, რომელმაც შეიძლება დააკმაყოფილოს ზოგიერთი ჩვენი თანდაყოლილი სურვილი.

Facebook-ის ინტერაქტიული ხელსაწყოები ამარტივებს თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გზებს, გეხმარებათ აზრების გამოხატვაში, ხელს უწყობს თქვენს წარმოჩენას, გინარჩუნებთ ურთიერთობებს და აკმაყოფილებს თქვენს სურვილებს სხვათა მიერ აღიარების თვალსაზრისით.

სოციალური მედია იყენებს ზოგადი ფსიქოლოგიური თვისებებისა და ტენდენციების უპირატესობებს, რათა მეტჯერ დაგაკლიკინოთ და უფრო მეტად გამოავლინოთ საკუთარი თავი. შესაბამისად, მასზე უარის თქმა დროთა განმავლობაში განსაკუთრებით რთულდება.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი გვთავაზობს 7 ფსიქოლოგიურ მიზეზს, რატომ არის განსაკუთრებით მტკივნეული და რთული სოციალურ ქსელებზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა.

ზრდით მეგობრების რაოდენობას

რაც უფრო მეტს კლიკავთ, მით მეტად ძლიერდება თქვენი ონლაინ-ურთიერთობები. „მოწონების“ ღილაკზე დაჭერა, მეგობრის ფოტოზე დაკომენტარება, დაბადების დღის მილოცვა და სხვების მონიშვნა ერთ-ერთი ის გზაა, რომლითაც Facebook-ი სოციალურ პროცესებში ჩართვის საშუალებას გაძლევთ.
ყველა ეს მცირე კონტაქტიც კი მომხმარებლებს შედარებით უმარტივებს ბევრ ადამიანთან ურთიერთობას.

გეხმარებათ სასურველი იმიჯის შექმნაში

რაც უფრო მეტს ამჟღავნებთ საკუთარი თავის შესახებ, მით უფრო იზრდება წარმატებული თვითწარდგენის შანსი. როგორც კვლევებმა აჩვენა, სტრატეგიული თვითწარდგენა Facebook-ის მოხმარების საკვანძო მახასიათებელია. მომხმარებლები თავიანთ ონლაინ-იდენტობას მრავალი გზით აყალიბებენ. მაგალითად, რომელ კონცერტზე მიდიან და ვისთან ერთად, რას ან ვის ემხრობიან, რომელ აქციას ესწრებიან და ა. შ.

ამ გზით შეგიძლიათ განაგოთ თქვენი ონლაინ-იდენტობა და მართოთ სხვათა შეხედულებები თქვენდამი, რაც ასეთი ინტენსივობითა და სიზუსტით ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა რეალურ ცხოვრებაში. ონლაინ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წარმოაჩინოთ საკუთარი თავის იდეალური ვერსია.

ღია ფანჯარაში გახედვა

რაც მეტს კლიკავთ, მით მეტად შეგიძლიათ მოხვდეთ სხვებს თვალში ან პირიქით. ამ სახის სოციალური ძიება და დაკვირვება Facebook-იდან მიღებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიამოვნებად ითვლება.

სოციალურ მედიაში ადამიანთა დიდი ნაწილი სიამოვნებას იღებს სხვების მალულად თვალიერებით. თქვენი გარემოს მონიტორინგის ფსიქოლოგიური საჭიროება ძლიერ ფესვგადგმულია და საშუალებას გაძლევთ არ გამოგრჩეთ დღის ახალი ამბები, მაგრამ გგვრით შიშს, რომ რაიმე გამოგრჩებათ.

ცნობილია, რომ სხვათა ცხოვრებაში ცხვირის ჩასაყოფად Facebook-ს იყენებენ კონფიდენციალური ასაკოვანი მოქალაქეებიც კი, რომლებიც ვერ იტანენ ბევრი რამის გამჟღავნებას.

თქვენი სოციალური ურთიერთობების გაზრდა

რაც უფრო მეტს ამჟღავნებთ საკუთარი თავის შესახებ, მით მეტად იზრდება თქვენი სოციალური ღირებულება. მეტად მზადყოფნით შეიძლება სამსახური იპოვოთ LinkedIn-ის საშუალებით. გარდა ამისა, შეიძლება დაგიკავშირდეთ ძველი კლასელიც.

როგორც კვლევებმა აჩვენა, Facebook-ის აქტიურ მოხმარებას შეუძლია გაზარდოს თქვენი სოციალური კაპიტალი. არ აქვს მნიშნელობა, უბრალო სტუდენტი ხართ თუ ასაკოვანი მოქალაქე, სოციალური ქსელები დაგეხმარებათ ოჯახის წევრებთან კონტაქტში და დიდი ხნის წინ დაკარგული მეგობრების მოძიებაში.

სოციალურ მედიაში აქტიურობა დაკავშირებულია თვითშეფასების ზრდასთან და სუბიექტურ კეთილდღეობასთან.

იზრდება თქვენი გავლენა

რაც მეტს კლიკავთ, უფრო იზრდება და უმჯობესდება ისეთი აქტივობები, რომლებიც პოპულარულსა და მოდურს გაგხდით. როცა სოციალურ მედიაში აზიარებთ ახალ ამბავს ან გამოხატავთ დადებით შეხედულებას სერვისის ან პროდუქტის მიმართ, წვლილი შეგაქვთ მისი უცაბედი პოპულარობის შექმნაში.

ასეთი მხარდაჭერა, მაგალითად Amazon-ის პროდუქტებზე 5 ვარსკვლავის დაწერა მეტად დამაჯერებელი რეკლამაა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ წარმოადგენს კონსენსუსს მრავალ მოსაზრებას შორის.

ამ გზით თქვენ ხდებით ონლაინ-საზოგადოების წევრი, რომელიც ყალიბდება იდეების, მოვლენების, მოძრაობების, ამბებისა თუ პროდუქტების გარშემო, რაც საბოლოოდ ზრდის თქვენს კუთვნილების შეგრძნებას.

საკუთარი თავის გამოხატვა და აღიარება

რაც მეტს ამჟღავნებთ საკუთარი თავის შესახებ, მით მეტად იზრდება თქვენი ფუნქცია. იქნება ეს ტვიტი, ახალი სტატუსი თუ დეტალური ბლოგპოსტი, ამით გამოხატავთ საკუთარ თავს და წვლილი შეგაქვთ სოციალურ მედიაში მიმდინარე მსჯელობის ფორმირებაში. საკუთარი თავის თვითგამოხატვა შეიძლება ძალიან ძლიერი საშუალება იყოს.

თქვენს პოსტებზე მიღებულ მოწონებებსა და გაღიმებულ სახეებს შეუძლია ძირფესვიანად გაზარდოს თვითშეფასების გრძნობა. ამაში წვლილი შეაქვს სხვათა მიერ აღიარების განცალკევებულ ფსიქოლოგიურ საჭიროებას.

ყოველი ამ გზით, სოციალური მედიის მახასიათებლები უზრუნველგვყოფს ძალიან ბევრი სიამოვნებით. თუ ფიქრობთ, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ამ ყველაფერზე უარს იტყვის იმის შიშით, რომ ვინმემ ოდესმე შეიძლება მათი Facebook-პროფილებიდან მონაცემები ჩაიგდოს ხელში არჩევნებზე ზეგავლენის მიზნით, შეგიძლიათ ასე ფიქრი განაგრძოთ.

 

ალგორითმები, რომლებიც არასოდეს გაგიშვებთ

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა შესაძლოა, საერთოდაც არ იცის, რომ ალგორითმები მათ პერსონალურ მონაცემებს მოიპოვებს, საჭიროა იცოდნენ, რომ პერსონალურ მონაცემთა გაზიარება არის აუცილებელი ბოროტება, რომელიც მათ გამოცდილების გაზრდაში ეხმარება.

ალგორითმები, რომლებიც თქვენს ინფორმაციას აგროვებს თქვენს ინტერესებზე, ქცევებზე, კავშირებსა თუ მეგობრებზე დაყრდნობით, ასევე ზრდის თქვენს სოციალურობას. Facebook-ის მხრიდან ასეთი პროვოცირების გარეშე, დიდი ალბათობით, ასე სოციალური ვერ იქნებოდით.

Facebook-ი ჩვენი დროის ყველაზე დიდი სოციალური ქსელია. ვიმატებთ ბევრ მეგობარს და თვალს ვადევნებთ მათ საქმიანობას.

წარმოიდგინეთ, რამდენ შეტყობინებას გზავნის Facebook-ი თუნდაც მხოლოდ ღონისძიებათა შესახებ. ამით ის თქვენს წაქეზებას ახდენს.

წაქეზების თეორიის თანახმად, თქვენ ნაკლებად გადაწყვეტთ რაიმე მოქმედებას ვინმეს წაქეზების გარეშე. თუ Facebook-ი არასოდეს შეგახსენებთ ღონისძიებებზე დასწრებას, მეგობრების დამატებას, სხვების პოსტების ხილვას თუ დაბადების დღის მილოცვას, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს გაგეკეთებინათ, შესაბამისად, შემცირდებოდა თქვენი სოციალური ცხოვრება და სოციალური წრე.

Facebook-მა ეს ძალიან კარგად იცის. უბრალოდ სცადეთ თქვენი Facebook-ის ანგარიშის წაშლა და აუცილებლად გააცნობიერებთ, რომ ის თქვენი პირადი თუ საზოგადოებრივი მეხსიერების უზარმაზარი საცავია, რომელზე უარის თქმაც სულაც არაა ადვილი.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით