რას ნიშნავს რეალურად ფეისბუქის სახელის ცვლილება, რა შეიცვლება ჩვენთვის და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
რას ნიშნავს რეალურად ფეისბუქის სახელის ცვლილება, რა შეიცვლება ჩვენთვის და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ

ფეისბუკმა კორპორაციული სახელი შეიცვალა და მას „მეტა“ დაარქვა. ამით ის აგრესიულ დისტანცირებას ცდილობს კრიზისში მყოფი სოციალური მედიის ბიზნესისგან და საკუთარ თავს წარმოგვიჩენს, როგორც ახალი ციფრული სამყაროს, სახელად „მეტავერსის“ შემქმნელს.

75-წუთიან ონლაინპრეზენტაციაზე, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს შეახსენა, რომ კომპანიამ ზრდით გადაუსწრო მის ყველაზე პოპულარულ და პრობლემურ სოციალურ მედია აპლიკაციას — პლატფორმას, რომელსაც კვლავ ფეისბუქი ერქმევა. ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია გეგმავს, რომ ფოკუსირდეს ახალ კომპიუტერულ ტალღაზე: ვირტუალურ სამყაროზე, სადაც ადამიანები თავისუფლად დაიარებიან ავატარების სახით, ესწრებიან ვირტუალურ ბიზნესშეხვედრებს, შოპინგობენ ვირტუალურ მაღაზიებში და სოციალიზაციას ახდენენ ვირტუალურ თავშეყრის ადგილებში.

„ამიერიდან, ჩვენ პირველ რიგში მეტავერსი ვიქნებით და არა ფეისბუქი. ფეისბუქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია, მაგრამ ის სულ უფრო და უფრო ვეღარ მოიცავს იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ ეტაპზე, ჩვენი ბრენდი ისე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ პროდუქტთან, რომ ვერ ასახავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ“, — აღნიშნა ცუკერბერგმა კომპანიის ყოველწლიურ ღონისძიება Connect-ზე, რომელიც ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაზეა ფოკუსირებული.

ცუკერბერგის ეს ნაბიჯი მოჰყვა იმ ჭაობს, რომელშიც ფეისბუქი სხვადასხვა ბრალდებათა გამო ჩაეფლო; მათ შორის, სოციალური მედიის პლატფორმას ადანაშაულებენ რეალურ სამყაროში კერძო და საგულდაგულო თვალთვალში, რასაც მრავალი საფრთხე მოსდევს; ასევე მას შემდეგ, რაც კომპანიამ უგულებელყო გაფრთხილებები მისივე თანამშრომელთა მხრიდან იმ რისკების შესახებ, რაც კომპანიის დიზაინურ გადაწყვეტილებებს მოსდევს, ასევე იმის შესახებ, თუ რამდენად მოწყვლადს ხდის მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებებს სახიფათო კონტენტი. ამავე თვეში, აშშ-ის კონგრესსა და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას ხელში ჩაუვარდა კომპანიის ათობით ათასი შიდა დოკუმენტი, რის საფუძველზეც კანონმდებლები ტექნოლოგიური გიგანტისთვის სადავეების ამოდებისათვის საჭირო სასწრაფო ქმედებებზე ალაპარაკდნენ.

ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ სკოლაში სწავლისას კლასიკა უყვარდა და ახალი სახელის შთაგონება ბერძნული სიტყვა „მეტა“ გახდა, რაც „მიღმას“ ნიშნავს.

„ჩემთვის ეს იმის სიმბოლოა, რომ ყოველთვის შეგიძლია რაღაცის შენება“, — აღნიშნა ცუკერბერგმა.

ფეისბუქი ჯერ არ ამბობს, იქნება თუ არა ცვლილებები ხელმძღვანელობაში, მაგრამ ცუკერბერგის პირად ფეისბუქგვერდზე მისი სამუშაო ადგილის სახელი შეიცვალა და ახლა წერია: „მეტას დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი“.

ღონისძიებაზე ცუკერბერგმა წარმოადგინა მინიშნებების სერია მეტავერსის ახალი სოციალური, სათამაშო და სამუშაო კონცეპტების შესახებ.

„ვიცი, ზოგიერთი იტყვის, რომ ახლა მომავალზე ფოკუსირების დრო არ არის, მაგრამ მინდა გავაცნობიეროთ, რომ აწმყოში მრავალ პრობლემაზე გვაქვს სამუშაო და ყოველთვის ასე იქნება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ადამიანი ოდესმე იფიქრებს, რომ კარგი დროა მომავალზე ფოკუსირებისთვის. ვცხოვრობთ იმისთვის, რასაც ვქმნით. ვუშვებთ შეცდომებსაც, მაგრამ მუდმივად ვსწავლობთ და წინ მივდივართ“, — აღნიშნა ცუკერბერგმა.

ფეისბუქმა წარმოადგინა კონცეპტუალური ვიდეოების სერია, რომლებშიც წარმოჩენილია მისი ხედვა მეტავერსისადმი, მაგალითად, შენი ჰოლოგრაფიული სურათის გაგზავნა იმ კონცერტზე, რომელსაც მეგობარი რეალურ ცხოვრებაში ესწრება; ვირტუალური მაგიდის გარშემო კოლეგებთან ერთად ჯდომა და ა. შ. კომპანიის განცხადებით, ის ამ კონცეპტის შესაქმნელად ევროპაში 10 000 ადამიანს დაიქირავებს.

უკვე დამკვიდრებული, ბრენდული სახელი წარსულში არაერთ დიდ კომპანიას შეუცვლია. მაგალითად, Kentucky Fried Chicken-ი გახდა KFC, იაპონური საავტომობილო ბრენდი Datsun-ი Nissan-ი გახდა. ამის მაგალითია სიგარეტების მწარმოებელი Philip Morris-ი, რომელმაც Altria დაირქვა.

ხშირად სახელის ცვლილების მიზანი კომპანიის უფრო დიდი ამბიციების სათანადოდ ასახვაა. Snapchat-ი 2016 წელს Snap-ი გახდა, რითაც ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზარზე შესვლა ასახა; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამის მაგალითია თვით Google-ი, რომელმაც კორპორაციული სახელად Alphabet-ი დაირქვა.

და ბოლოს, ვინც ღელავდით, რომ ფეისბუქის ახალ სახელთან შეგუება გაგიჭირდებათ — სანერვიულო არაფერი გაქვთ, სოციალური მედიის პლატფორმას კვლავ ფეისბუკი ერქმევა. არაფერი იცვლება მესენჯერის, ვოტსაპისა და ინსტაგრამისა შემთხვევაშიც. აღიარეთ, იგრძენით რამე ცვლილება ან დისკომფორტი ინტერნეტის მოხმარებაში, როდესაც 2015 წელს Google-მა კომპანიას Alphabet-ი დაარქვა?

მომზადებულია The Washington Post-ისა და CNN-ის მიხედვით.