მთვარეზე მხოლოდ 12 ადამიანია ნამყოფი. ყველა მათგანი კაცი იყო.
თუკი მთვარის პირველი მისიები პატარა ნაბიჯი იყო კაცებისთვის, შემდეგი ნაბიჯი გიგანტური ნახტომი იქნება ქალებისთვის.
რამდენიმე დღის წინ ნასამ წარმოადგინა ამბიციური და დაჩქარებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ადამიანთა მთვარეზე დაბრუნებას. ამჯერად კოსმოსურ სააგენტოს იქ ბანაკის დაარსება სურს; გარდა ამისა, „აპოლოს“ მისიებისგან განსხვავებით, სრულიად შეცვლილია მიდგომა.
2024 წლისთვის დაგეგმილ მთვარის მისიაში, პირველად ისტორიაში, ქალი ასტრონავტიც იქნება. წინა პროგრამის მსგავსად, სახელი ამ პროგრამასაც ბერძნული მითოლოგიიდან შეურჩიეს — „არტემისი“ (ქართ. არტემიდა), ქალღმერთი, რომელიც აპოლონის (ინგ. აპოლო) და იყო.
მიუხედავად აქტიური სამზადისისა, ზოგიერთს მაინც ეჭვი ეპარება, განხორციელდება თუ არა მისია საერთოდ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მთვარის მისიისთვის პრეზიდენტმა ტრამპმა ნასას 2020 წლის ბიუჯეტში დამატებით 1,6$ მილიარდი შესთავაზა. ბიუჯეტის პროექტს კონგრესის დასტური სჭირდება.
გარდა საბაზისო ფინანსებისა, მისიას ასევე სჭირდება ყველაზე ძლიერი რაკეტა, რაც კი ოდესმე შექმნილა; ახალი გამშვები სისტემა; ახალი მიდგომა მთვარეზე დაშვების სისტემებისადმი; მთვარის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური სადგური; სრულიად ახალი სკაფანდრები.
აშკარად ბევრი დეტალია, მაგრამ ნასას ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი ფიქრობს, რომ ცოტა დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, აშშ უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს მარსისკენ მიმავალ გზაზე.