ტრამპი ნასას 2024 წელს მთვარეზე დასაბრუნებლად დამატებით 1,6$ მილიარდს სთავაზობს
ტრამპი ნასას 2024 წელს მთვარეზე დასაბრუნებლად დამატებით 1,6$ მილიარდს სთავაზობს

2024 წელს მთვარეზე ადამიანების გასაგზავნად, ნასამ მომავალი წლისთვის შესაძლოა, დამატებითი დაფინანსება მიიღოს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გარდა უკვე დამტკიცებული 21 მილიარდი დოლარისა, ბიუჯეტის ახალი შესწორების მიხედვით, 2020 ფისკალური წლისთვის ნასა დამატებით 1,6$ მილიარდს მიიღებს.

„ჩემს საპრეზიდენტო ვადაში ნასას ვუბრუნებთ სიდიადეს და ჩვენ ვბრუნდებით მთვარეზე, შემდეგ მივდივართ მარსზე. განვაახლე ბიუჯეტი, რომელშიც შევიტანე დამატებით 1,6$ მილიარდი, რათა კვლავ დავბრუნდეთ კოსმოსში“, — დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

თუმცა, ტრამპის შეთავაზება ჯერ მხოლოდ სურვილის დონეზეა, რადგან მას კონგრესის დასტური სჭირდება.

დამატებითი 1,6$ მილიარდი განკუთვნილია 2024 წელს მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს ასტრონავტთა დასასმელად. ამ ამბიციური გეგმის შესახებ მარტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც ისაუბრა. ნასას განცხადებით, ეს მისია ხელს შეუწყობს ადამიანთა გრძელვადიანი, მდგრადი ბაზების შექმნას მთვარეზე.

ნასას ხელმძღვანელის, ჯიმ ბრაიდენსტაინის განცხადებით, დამატებითი ფული საკმაოდ კარგია, მაგრამ სამომავლოდ სააგენტოს გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდება.

ნასას გეგმებში ასევე შედის მთვარის ორბიტაზე მოძრავი სადგურის, სახელად „ჭიშკრის“ მშენებლობა, რომელიც ერთგვარი კვანძი იქნება მთვარის ზედაპირისკენ მიმავალი პილოტირებული თუ უპილოტო მისიებისათვის. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან კერძო კომპანიებიც, მაგალითად, „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანია „ბლუ ორიჯინი“.

აღსანიშნავია, რომ ნასას ძალისხმევა მთვარეზე არ სრულდება. დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს სააგენტო ერთგვარ ტრამპლინად მიიჩნევს მარსისკენ მიმავალ გზაზე.