თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სპორტის მიმართულებით თანხები იზრდება
თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სპორტის მიმართულებით თანხები იზრდება

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით წინასაარჩევნო დაპირებების დიდ ნაწილს ასახავს, – ეს განცხადება საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ კომისიის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე იმსჯელეს.

“ჩვენ დეტალურად გავეცანით ყველა დოკუმენტს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სპორტის დაფინანსება არ შემცირებულა. პირიქით, გარკვეული ქვეპროგრამების ნაწილში პოზიტიური მატება შეინიშნება, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი როგორც სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის, ასევე  ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

როგორც ზაზა ცინაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტული ღონისძიებების გამართვა, მწვრთნელთა მხარდაჭერა, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაა.

მისივე თქმით, 2018 წელს, თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, ასევე  წყნეთში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა/აღჭურვა არის გათვალისწინებული. თემქის XI მკ/რნ-ის, II კვარტალში მდებარე სპორტული კომპლექსის მშენებლობა კი დასრულდება.

გარდა ამისა, მომავალ წელს წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისებისა პარასპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამები გაგრძელდება.