2018 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბულგარეთმა ჩაიბარა
2018 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბულგარეთმა ჩაიბარა

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბულგარეთმა ჩაიბარა. ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეურთდა და თავჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა.

ოფიციალურმა სოფიამ მომდევნო ექვსი თვის პრიორიტეტებად ევროპის მომავალი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა.

„რთული გამოწვევების პირობებში ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომ ორგანიზაცია იყოს უსაფრთხო და სტაბილური. რაც უფრო სტაბილური იქნება გაერთიანება, მით უფრო დიდ პროგრესს მივაღწევთ. ეს ყველამ იცის და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობას ევროპის სოლიდარობის იმედი უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა ბულგარეთის პრემიერ- მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.

ბორისოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია კანდიდატი ქვეყნების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რათა მათ გააგრძელონ რეფორმების გატარება და დაუახლოვდნენ ორგანიზაციის წევრობას.

გაფართოების პოლიტიკის შესახებ ორგანიზაციის პოზიცია უცვლელი რჩება. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ გაფართოების პოლიტიკა არის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. 2018 წლის თებერვალში ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთიდან მოწინავე კანდიდატების, სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების თაობაზე სტრატეგიას გამოაქვეყნებს.

17ი–18 მაისს ევროკავშირი – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტია დაგეგმილი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი უნდა შეაფასონ. პრემიერ-მინისტრი ბორისოვი აცხადებს, რომ ამ ღონისძიებისთვის ევროკავშირი განსაკუთრებით ემზადება.

სოფია ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და საშინაო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 25 იანვარს პირველად უმასპინძლებს. 15-16 თებერვალს სოფიაში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავლენ და პირველ არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ. ევროკავშირი საერთო საიმიგრაციო პოლიტიკის და 2020 წლისთვის გრძელვადიანი ფინანსური შეთანხმების მოსამზადებლად აქტიურად მუშაობს.

ბულგარეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა, აქტიურად გააგრძელებს იმ მექანიზმების იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის შიდა თუ გარე საზღვრების დაცვას, მიგრაციის პროცესიის ეფექტიან მენეჯმენტსა და ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას. ბულგარეთის მიზანია, წევრ ქვეყნებთან ერთად გააკეთოს ყველაფერი, რათა მოხდეს შენგენის ზონის ნორმალური ფუნქციონირება, რაც როგორც ევროკავშირში მიიჩნევენ, საზღვრების ეფექტიანი კონტროლის გარეშე შეუძლებელია.

ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი „ბრექსიტის“ შესახებ მოლაპარაკებები იქნება. 2017 წლის 15 დეკემბერს, ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების მეორე ფაზაზე გადასვლა დაანონსა.

ბულგარეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის ყველაზე გაჭირვებულ და კორუმპირებულ ქვეყნად დასახელდა.

ბულგარეთმა და რუმინეთმა შენგენის ზონაში გაწევრიანების შესახებ მიწვევა 2007 წლის 1-ელ იანვარს მიიღეს, მაგრამ ევროკავშირის ორივე წევრი ქვეყანა დღემდე ელოდება ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებას.

ევროკომისიის მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანება კიდევ ერთი წლით გადაიდო. ევროკომისია ელოდება დამატებით პროგრესს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, საზღვრების კონტროლისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის კუთხით.

ბულგარეთი 2018 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ავსტრიას გადააბარებს.