2017 წელს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს მიენიჭა
2017 წელს საქართველოს პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 3 097-ზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
3 097-დან 2 550 პირი ან საქართველოში დაბადებული (1 945 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად, საქართველოს ყოფილი მოქალაქე (1 072 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის
წევრი იყო.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პრეზიდენტმა მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან, უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, 97 პირისთვის კი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო.
ანგარიშის თანახმად, 97-დან 70 პირი საქართველოში იყო დაბადებული, 27 კი – საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის/საქართველოში დაბადებული პირის ოჯახის წევრი.
კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისათვის, ზემოხსენებული 3 097 უცხოელიდან 2 363 პირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 277 პირი – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 219 – ამერიკული სახელმწიფოების, 221 – აზიური სახელმწიფოების, 1 პირი – არაბული სახელმწიფოების, 5 -აფრიკული სახელმწიფოების, 11 პირი კი – სხვა სახელმწიფოების მოქალაქე.
ამავე ანგარიშის თანახმად, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად, კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე, 8 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 3 რუსეთის, 3 გერმანიის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.