საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავს
საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავს

პარლამენტი საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების ინიციირება გასულ კვირას მოხდა.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ. პროექტის თანახმად, მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად მან უნდა დააკმაყოფილოს ამავე ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, ასევე საქართველოში მუშაობასთან, ან საქართველოში უძრავი ქონების, ან საწარმოში წილის, ან აქციების ფლობასთან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება.