პარიზის 2015 წლის ტერაქტების სერიაში ეჭვმიტანილი 19 პირი, მათ შორის სალაჰ აბდესლამი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პარიზის 2015 წლის ნოემბრის მასშტაბური ტერაქტების სერიაში ეჭვმიტანილი 20 პირიდან სასამართლომ 19 დამნაშავედ ცნო. მათ შორისაა ერთადერთი გადარჩენილი ტერორისტი, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი სალაჰ აბდესლამი, რომელსაც შეწყალების უფლების გარეშე, სამუდამო პატიმრობა შეეფარდა.
კიდევ ექვს წევრს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ თავდასხმაში და დღეისთვის დაკარგულად ან დაღუპულად მიიჩნევიან, 30 წლიდან – სამუდამო პატიმრობა შეეფარდათ.
სასამართლომ მხოლოდ ერთი პირი გაამართლა. ფარიდა ჰარკაჰა, რომლისთვისაც ბრალდების მხარე 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ითხოვდა, ტერაქტისთვის მზადების პროცესში ხელშეწყობისთვის.
ასევე რამდენიმე განსასჯელი დამნაშავედ ცნეს ლოჯისტიკური მხარდაჭერისა და ტერორისტებისთვის იარაღის უზრუნველყოფაში.
საერთო ჯამში 19 მსჯავრდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის ვადა 5 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე მერყეობს.
2015 წლის 13 ნოემბერს ცხრა ტერორისტი თავს დაესხა პარიზსა და სენ-დენის, რის შედეგადაც დაიღუპა 130 და დაშავდა 350 -ზე მეტი ადამიანი. 2016 წლის 22 მარტს კი, მორიგი თავდასხმა განხორციელდა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროზე, რასაც 32 ადამიანი ემსხვერპლა.