ბრიუსელის სასამართლო პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის განაჩენს გამოაცხადებს
ბრიუსელის სასამართლო პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის განაჩენს გამოაცხადებს

ბრიუსელის სასამართლო დღეს პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის განაჩენს გამოაცხადებს. სალეჰ აბდესლამს იმ ტერორისტული დაჯგუფების წევრობა ედება ბრალად, რომელმაც თავდასხმები პარიზსა და ბელგიის დედაქალაქში მოაწყო.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, სასამართლო სხდომა ბრალდებულის გარეშე ჩაივლის, რადგან სალეჰ აბდესლამი ამჟამად პარიზის ციხეში იმყოფება.

გამოძიების მიხედვით, აბდესლამი 2015 წლის 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. მას ე.წ. შაჰიდის ქამარიც ეკეთა. თუმცა, ის არ აფეთქდა. ტერაქტების ღამეს აბდესლამი ბრიუსელში გაიქცა, სადაც 2016 წლის მარტში მას პოლიციამ მიაგნო. აბდესლამმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც დაიჭრა სამი პოლიციელი.

სალეჰ აბდესლამმა და მისმა თანამზრახველმა, სუფიან აიარიმ გაქცევა შეძლეს. ისინი ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში რამდენიმე დღეში აიყვანეს.

ტერორისტული დაჯგუფების ორი ლიდერის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ამავე ჯგუფის სხვა წევრები ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს დაესხნენ თავს.

აბდესლამისა და აიარის წინააღმდეგ სასამართლო თებერვალში დაიწყო. ბრიუსელის პროკურატურა მათთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვდა. გამოძიებას არ აქვს მტკიცებულება, რომ აბდესლამი 2016 წლის მარტში პოლიციას ესროდა, თუმცა მოსამართლე დაეთანხმა ბრალდებას, რომ ტერორისტული დაჯგუფების წევრობა ნიშნავს, რომ ის სამართალდამცავებზე თავდასხმის თანამონაწილე იყო.

შეგახსენებთ, პარიზის ტერაქტების დროს 130 ადამიანი მოკლეს, დაიჭრა 350. ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში თავდასხმას 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.