საფრანგეთის მთავრობა დონალდ ტრამპის განცხადებებს აკრიტიკებს
საფრანგეთის მთავრობა დონალდ ტრამპის განცხადებებს აკრიტიკებს

საფრანგეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს აკრიტიკებს.

საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის 5 მაისის სიტყვით გამოსვლაზე, რომელშიც ტრამპი 2015 წლის პარიზის ტერაქტებს შეეხო. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში იარაღის ტარებაზე მკაცრი შეზღუდვა არ იქნებოდა, თავდასხმას ნაკლები მსხვერპლი მოჰყვებოდა.

საფრანგეთის საგარეო უწყება მოუწოდებს ტრამპს, პატივისცემით მოეკიდოს მსხვერპლთა ხსოვნას.

„სტატისტიკური მონაცემები ვერ აიძულებს ფრანგებს იარაღზე კონტროლის შემსუბუქებას. საზოგადოებაში იარაღის თავისუფლად გავრცელება ტერორისტულ თავდასხმებზე სათანადო პასუხი ვერ იქნება, პირიქით, ეს შეიძლება ასეთი თავდასხმების მიზეზიც გახდეს“, – აცხადებენ პარიზში.

საფრანგეთის მთავრობა ასევე გააღიზიანა ტრამპის მიერ გამოსვლის დროს გამოყენებულმა ჟესტებმა. გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა თავდამსხმელები განასახიერა.

პარიზის ტერაქტებს 2015 წლის ნოემბერში 130 ადამიანი ემსხვერპლა და 350 დაშავდა.