ბელგიის სასამართლომ 2015 წლის პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ბელგიის სასამართლომ 2015 წლის პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბელგიის სასამართლომ 2015 წლის პარიზის ტერაქტში ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. BBC-ის ცნობით, აბდესლამი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმთან დაკავშირებული მკვლელობის მცდელობაში. ანალოგიური განაჩენი სასამართლომ აბდესლამთან ერთად დაკავებულ სუფიან აიარის გამოუტანა.

2016 წლის მარტში სალაჰ აბდესლამმა დაკავების დროს პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც დაიჭრა სამი სამართალდამცველი.

სალაჰ აბდესლამი დღევანდელ სასამართლოს არ დასწრებია. ის საფრანგეთის ციხეში 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საფრანგეთის სასამართლოს წინაშე ის პარიზის ტერაქტში მონაწილეობისთვის წარდგება.
გამოძიების ინფორმაციით, სალაჰ აბდესლამი ტერაქტების ორგანიზებაში მთავარი როლის შემსრულებელია. ის პარიზის თავდასხმიდან ოთხ თვეში ბრიუსელის ერთ-ერთ გარეუბანში დააკავეს.

2015 წლის 13 ნოემბერს შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი თავს დაესხა პარიზის სტადიონს, საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანს“ და რამდენიმე კაფეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

13 ნოემბრის თავდასხმის სერიის შემდეგ, მთელ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც მხოლოდ 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ახალი ანტიტერორისტული კანონის ამოქმედების შედეგად გაუქმდა.