​ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს სამ ასპირანტ ქვეყანაზე აქტიური მსჯელობა აპრილის ბოლოს გვექნება
​ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს სამ ასპირანტ ქვეყანაზე აქტიური მსჯელობა აპრილის ბოლოს გვექნება

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შესახებ მსჯელობა აპრილის ბოლოს გაიმართება, – ამის შესახებ პირველ არხს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა.

როგორც აპატურაი აღნიშნავს, ალიანსის წევრი ქვეყნები ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულებას ადასტურებენ.

„მონტენეგროს გაწევრიანება ამის ნათელი დადასტურებაა. აპრილის ბოლოს გვექნება აქტიური მსჯელობა ნატო-ს სამ ასპირანტ ქვეყანაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ალიანსის წევრები საქართველოს რეფორმებს, საქართველოს მომავალ წევრობას, ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას მხარს უჭერენ. ეს მხარდაჭერა ისეთივე მყარი და ძლიერია, როგორც ადრე“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, მომზადდება დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება ასპირანტი სახელმწიფოების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.

„მე და ჩემი კოლეგები მოვამზადებთ დოკუმენტს ასპირანტი სახელმწიფოების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. დოკუმენტი მომზადდება სამ ასპირანტზე. ამ დოკუმენტს წარვუდგენთ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს. გაიმართება მსჯელობა და მოვემზადებით ნატო-ს სამიტისთვის. ნატო-ს სამიტი იქნება ადგილი, სადაც წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა, ეს არ იყოს გადაწყვეტილება წევრობასა და პოლიტიკურ პროცესზე, მაგრამ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები, გაძლიერდეს რეფორმების მხარდაჭერა“,- ამბობს ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი.

რაც შეეხება წევრობის სამოქმედო გეგმას, ჯეიმს აპატურაის თქმით, დღევანდელმა პოლიტიკა ასეთია – წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის ნაწილი, რაც წერია ნატო-ს კომუნიკეშიც.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – ეს არ ნიშნავს, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის ბარიერი. საქართველოსთან მიმართებაში, წევრობის სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური ნაბიჯი. საქართველოს უკვე აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. წლიური ეროვნული პროგრამა არის თითქმის იგივე, რაც წევრობის სამოქმედო გეგმა. MAP-ი არ არის შემაფერხებელი , MAP -ი არ არის ბარიერი. საქართველოს აქვს ყველაფერი, რაც ასპირანტს მომავალი წევრობისთვის სჭირდება. MAP -ი არის პოლიტიკური ნაბიჯი“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.