მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა
ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პირველ არხს ბრიუსელში განუცხადა, სადაც შეხვედრებს მართავს.
„ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი და ეს მეგობრობა გამოიხატა ვიზალიბერალიზაციის პროცესის უპირობო მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა გრძელდება. ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო. მოხსენება ასახავს ყველა იმ ხედვას, რომელიც მნიშვნელოვანია და უკავშირდება საქართველოს ევროპულ მომავალს, სექტორული თანამშრომლობისთვის კონკრეტულ მექანიზმებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურად, არამედ პრაქტიკულად საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუწყობს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკრეტული მოხსენება ნოემბრის პლენარულ სესიაზე მხარდაჭერილი იქნება. ეს იქნება ევროპარლამენტის მიერ მტკიცე ნების და მხარდაჭერის დაფიქსირება. ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილ სიტყვით გამოსვლაზეც ისაუბრა.
„მე მექნება შესაძლებლობა, რომ გამოვიდე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. ვისაუბრებ რეფორმებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწეულ შედეგებზე, საქართველოს ხედვებსა და გამოწვევებზე. ევროპარლამენტში მომზადებულ მოხსენებაში წარმოდგენილია ბევრი იდეა და ინიციატივა. ამ იდეებს სჭირდება დამატებით დამუშავება და შესწავლა.
მნიშვნელოვანია, რომ მოხსენება არის ცალსახად პოლიტიკური მხარდაჭერის გამომხატველი. საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც მეტი ამბიცია გააჩნია როგორც სექტორალური, ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ინტეგრაციის. ჩვენ ვართ წარმატებული ამ გზაზე და ევროპარლამენტის ასეთი მხარდაჭერით კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას შევძლებთ. რაც შეეხება ჩვენს ევროპულ მომავალს, ეს აღიარებულია ასევე ასოცირების შეთანხმებით, სადაც ცალსახად ხაზგამულია საქართველოს ევროპულ არჩევანზე და მისწრაფებაზე.
საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯების და რეფორმების შედეგად გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და ყველანაირი პერსპექტივა, საბოლოო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა რეფორმა მოემსახუროს ამ გზაზე საქართველოს წარმატებულ სვლას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.