* * *

ნეტავ,
მზე ვიყო
იმ ზღვის თავზე,
რომლის ნაპირზეც
შენ იწვებოდი…

 

* * *

ნუთუ იმ ნათელ მთვარიან ღამეს
შენ იყავი
ტბორის ნაპირას,
რომელშიც მე
მთვარეს ვხედავდი…

 

* * *

იმ დღეს
შენთან ერთად
წვიმაში
მე ვფიქრობდი
დღევანდელ დღეზე…
დღეს კი უშენოდ
კვლავ წვიმაში
იმ დღეზე ვფიქრობ…

 

 

* * *

როცა მოვიწყენ,
აღარც ერთ საკრავს
შენი ხმის ჟღერა
არა აქვს,
რომ მელაპარაკოს…

 

* * *

იმ დღის შემდეგ,
რაც შენ წახვედი,
ყველა მატარებლის
ფანჯარა
ჩემთვის
არის სურათის ჩარჩო,
საიდანაც
ხელის დაქნევით
მემშვიდობები…

 

* * *

მოხვალ
და გაზაფხულებულა…
არ მოხვალ
ყველა დრო
ზამთარია…

 

* * *

ყველაზე ძნელი საქმე
ყვავილნარში
შენი ძებნაა:
ათასგზის
გხედავ,
მაგრამ მაინც ვერა გპოულობ…

 

* * *

შენი ხელების
მშურს,
ხელი
მთელს
შენს
სხეულზე
რომ მიუწვდებათ…

 

* * *

აქ მე
ყოველდღე,
ამ ქალაქის ხალხმრავლობაში,
უშენოდ
ჩემს
მარტოობას
ვუნაცვლებ
ადგილს…

 

* * *

შენი სხეულის სურნელება
შემოდგომას
წელიწადის
ყველაზე მძაფრ გაზაფხულად
ქმნის…

 

* * *

და ისევ დილა
შენ გარეშე,
საღამომდე
შენი ხსოვნით
რომ გაჟღენთილა…

 

* * *

ჩემს გულს სწადია
ზღვა და
მოსვენების სიშიშვლე
მზის ქვეშ
შენ გვერდით…

 

* * *

ამბობენ, რომ
გაზაფხული უკვე გზაშია..
განა არა თქვი,
რომ არ უნდა მოსულიყავი?

 

* * *

გული მშვიდად მაქვს,
სადაც უნდა იყო
მაინც რომ
ზეცის ერთ ჭერქვეშ
მაინც მუდამ
ჩემთან ერთად ხარ…

 

* * *

ნეტავ, თუნდ
უენობის ენით
მეტყოდე:
მე შენ მიყვარხარ!

 

* * *

მეხივით ხარ:
დამეცემი
გულს ცეცხლს შემინთებ
და გაბრუნდები..

 

 

* * *
მიყვარხარ

იმის მკლავებშიც კი,

ვისაც უყვარხარ…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10