მოჰამადრეზა აბდოლმალექიანი

 

მე შენ უბრალოდ გელაპარაკები

 

მე შენ უბრალოდ გელაპარაკები
როგორც წყალი
ხეს,
ვით შუქი
მცენარეს,
როგორც დაღლილი ღამეული მგზავრი
მთვარის შემოხედვას.

მე შენ უბრალოდ გელაპარაკები,
მოულოდნელად
ასე არსად
რატომ მომახვედრეს?
ვინ არის იგი,
ასე შეძრწუნებული,
რეტდასხმული რომ დარჩა
ჩემს მზერაში?

მე არა!
ეს მე არა,
არა, მე არა ვარ!

ეს უცხო,
ეს მოტეხილი უცხოელი
ვინ ვარ?!

დედაჩემი სად არის?
მე რომელ კლასში ვარ?
ჩემი რვეული,
ჩემი სპარსულის წიგნი,
ჩემი წერის დედნები სადაა?

რად ვარ ასეთი შეძრწუნებული და
თავზარდაცემული?
მე ხომ კლასში კარგ ბავშვად ვითვლებოდი,
ჩუმი და მომთმენი
მუდამ ყურს ვუგდებდი.
შეხედე ჩემს რვეულს!
რამდენჯერ,
რამდენჯერ
დავწერე უშეცდომოდ:
„მზე“,
„ ცეცხლი“
ან
„ წყალი“
დავალებებიც წესრიგში მაქვს,
თმაცა და ფრჩხილებიც.

მაშ, ასე რატომღა?
ეს უცხო,
უცხოელი,
სარკის ჩარჩოს ალყაში
თმაზე სავარცხელს რომ ისვამს,
ვინ არის?

სავარცხელი?
მე რომელ კლასში ვარ?

მე შენთან უბრალოდ ვლაპარაკობ.
ეს ამდენი ალერსიანი მზერა,
ეს ამდენი ხე,
ეს ამდენი ხეტიალი და
ჩიტი,
ეს ამდენი ვარსკვლავი
და სალამი,
ეს ამდენი გაფრენა, ჩასვლა
და ვარსკვლავთა ტალღებს შორის ფრთების გაშლა,
ეს ღმერთი და ღამე
გაზაფხულის ფრთაჩამოუღლელი სიზმრებისა…
ვრცელბანიანი მზე დილასისხამისა.
პატარა ბაღჩის სუნი
კიბე და ტოტებშუა
მწვანე აუზის გასწვრივ
სახლში მისვლა.
ისევ
წითელ თევზებთან შერბენა.

მოულოდნელად კი ასე რატომ?
ეს ამდენი კუნაპეტი ღამე,
უვარსკვლავებო,
უჩიტებო,
უგაზაფხულო
ეს ამდენი, მრავალი რკინის ტოტი
რომ წამომართულა ჩემ პირისპირ
და მე, რაც არის და არ არის,
იმათ შუაში რომ გავჩხერილვარ.

არა! ეს ალყა და ჩარჩო
ჩემი გაკვეთილების საგანი
არასდროს არ ყოფილა .

მე ჯერ პატარა ვარ.
მაშ, ეს ტანსაცმელი
რაღად გაადიდეს?

ეს თითოოროლა
წამლის შუშა
ეს სამი ოთხი ქვითარი,
ეს ანალიზების პასუხი,
ეს უმარილო საჭმელი, ეს წიგნის გაურკვეველი ხაზები,
სათვალე, მაგიდაზე რომ დარჩენილა,
ქალი, რომელიც არის
და დედაჩემი არაა.
ეს უპასუხო შეკითხვები
ვისიღაა?

მე არ ვარ დირექტორი.
ეს კაბინეტია,
მაგიდაა,
კიბეა,
ვინ არის ამ ორმაგი კარის უკან?
ყოფნა არყოფნის შუა
გაურკვეველი გრძნობა.

მე არ ვარ დიდი;
პოეტი ვარ,
მაგრამ
ამ წიგნის ლექსები დოაბეს ქუჩის ბავშვებმა დაწერეს,
მე გული დოაბეს ქუჩის ბავშვებისთვის მიცემს,
მე გული ჰაფთ სანგისათვის,
მე გული ზუსთვის, მალესა და გოლუსთვის მიფრთხიალებს.
მე გული იმ ლამაზი ღამისათვის,
მე გული იმ გზისათვის,
სამიჯნურო რომ იყო,
იმ სიშავისა და
დუმილისთვის,
შორეული ვარსკვლავების თვალის პაჭუნისთვის,
მე გული მისთვის
დამიღონდა…

მე შენ უბრალოდ გელაპარაკები…
გული შორეული დღეებისთვის,
მამის ღამეული ზღაპრებისთვის,
გული
ნემათისთვის,
აჰმედის, თაჰერესა და მუნირისთვის
დამიღონდა…
გული
კუთხის ბაღისათვის,
მზის ჩასვლის ჟამისათვის,
პირველი მნათობისთვის,
მეხუთე ვაშლის ხისთვის,
ნაკადულისათვის,
გამუდმებით რომ ჩემს გულთან საუბრობდა,
ბაყაყების გრძნობის და ყოფისათვის,
გული სამნაწილიანი ტახტისათვის,
ნავთის ქურისათვის,
ფოთლის როკვისა და ნიავის თამაშისთვის…
მე გული მწირი სუფრისათვის,
ნაჯაფი ხელებისთვის,
მე გული
ცხოვრების დღეთათვის
დამიღონდა…

ეს უფროსი ვინაა?
ეს მანქანის გასაღები,
ეს სიპირქუშე,
ეს საკუთრების დოკუმენტი,
ეს სახლის გასაღები
რაა?

მე შენ უბრალოდ გელაპარაკები,
ეს ჩიტი, რომელიც მე დავხატე,
რატომ არ მიფრინავს?
ეს ვარსკვლავი ცივია,
ქაღალდისა,
ეს ხე კი
უგაზაფხულოდ დარჩენილა.
ამ ბროწეულის მარცვლებს
სიკვდილის გემო დაჰკრავთ.

მე გული დამიღონდა,
რამდენსაც არ დავდივარ,
მაინც ვერ ვაღწევ
სად არის
მეგობრის ნაკვალევი,
ტრფობის ხეივანი,
ცხოვრების ფანჩატური?
მე რომელ კლასში ვარ?

სიყმაწვილე
გაზაფხულს აუშარდა.
ჩემს გოგონას, ნასიმს,
რომელსაც სახეზე გამოცდის მღელვარება აღბეჭდვია,
სწორედ იმას, ახლა მე რომ დამყრდნობია,
რატომ არ მივყვები
ბავშვობის ქუჩებისკენ?

მე შენ უბრალოდ გელაპარაკები.
როგორ მწყურია!
სად არის დედაჩემი?

მე უჩირაღდნოდ,
ყოველგვარი სწორი მინიშნების გარეშე,
როგორ მივიდე წყაროსთან,
სიცოცხლის საშველის დამდები რომ არის?

ჩემი გოგონა,
ნასიმი,
ჩემს პირისპირ ზის
გაბრუებული,
რეტდასხმული და
მაინც მომღიმარი…

არ მძინავს,
შორეული მოგონებების სურნელი,
დოაბეს ქუჩის
მწვანე აუზის
ველური პიტნის სუნი…

ჩემი გოგონა მესალმება…
დედაჩემი კარის კიდესთან დგას
გახევებული,
რეტდასხმული
და მაინც მომღიმარი.
უცებ სამივე ჩემი ბავშვობა
ერთი კლასის სამივე მერხთანაა.
სპარსული ენის გაკვეთილის ზარი.
ისევ:
„წყალი“,
„ცეცხლი“,
„მზე“
ჩიტი, რომელიც მე დავხატე…
ეს ჩიტი დაფრინავს…
ეს ჩიტი ნაცნობია.
ეს ჩიტი ჩემს ყველა სასკოლო თხზულებაში
იწერება…
ამ ჩიტს დუაბეს ქუჩის სურნელი აქვს,
ეს ჩიტი არ დაღლილა,
ეს ჩიტი ნიავს ელაპარაკება,
ამ ჩიტის თვალები
დედის თვალებია.
ჩარჩოები და
ალყები დამსხვრეულა.

არ მძინავს?
ჩანთა სად მაქვს?
დამაგვიანდა,
სკოლას ვერ მივუსწრებ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10