ემრან სალეჰი

 

შიმშილის ნადიმზე

 

გული

ყვავილების ქოთანივით

ფანჯრის რაფაზე

გადგა,

რომ უფლისწული მოსულიყო,

ოქროს კარეტაში ჩაესვა

და ოცნებათა ნადიმზე წაეყვანა.

 

დაკონკილი უფლისწული მოვიდა –

იაფფასიან ფეხსაცმელზე ამხედრებული…

აიყვანა

და შიმშილის ნადიმზე

წაიყვანა…

 

 

 

იადოლაჰ როიაი

 

მეტად აღარ მოვკვდები

 

მეტად აღარ მოვკვდები.

მკვდრები თავიანთი სიკვდილით

ცოცხლობენ.

 

ქვაზე… ქვაზე, რომელიც ჯაჭვებით არის ჩამოკიდებული, კარგად ამოჰკვეთონ:

სამარეში, ქვის ქვემოთ, ლბილი მიწა ყრია და მის ზედაპირზე მუდამ ჩნდება ხელისა თუ ფეხის ანაბეჭდი, წყლის მათარით მამაჩემისათვის, რომელიც, ერთ დღესაც, უდაბნოს გზაზე საკუთარ ჩრდილს ებაასებოდა:

ნაფეხურებმა მასწავლა, რომ ის, რაც რაღაცისგან რჩება,

არასოდეს არის,

რაც იყო,

იმის ხატი…

 

 

ვაჰე არმენი

 

* * *

შადი მოვაჰედს

 

კრიალოსნის ძაფი

ჩემს პოეზიით დანამულ ხელებში ჩაწყდა,

შორეულ ყანებში

პურის მარცვლები

მიწაზე დაცვივდა,

სიყმაწვილემ

ბიბლიოთეკაში

მზერით

,,მრისხანების მტევნები”

ჩამოკრიფა

და ღმერთმა

მონა ლიზას გაუღიმა

ლუვრის

ხალხმრავლობაში..

 

 

 

მაჯიდ ქიმიაიფური

 

*

გამოჩნდება ვინმე,

გულის აუზში ერთი მუჭა მთვარე რომ ჩამომიგდოს?

ჩემი გულის თევზი შეყვარებულია…

 

*

ამაღამ ვარსკვლავების დათვლა გადავწყვიტე.

ჩემი ხელის თითები არ მეყო.

მზად ხარ,

შენი ხელის თითები მათხოვო?

 

*

რამდენი მოკვდა

ჭუპრში

პეპლად გამოჩეკვამდე…

 

*

დღეს ჩემი ყოფის ყველაზე უფრო ტკბილი წამია.

მე შევეშალე ვიღაცაში,

ვინც სხვაში შეშლოდათ.

რა მშვენიერი იყო, ღმერთო,

მისი სამყარო…

 

*

სამყარო ამოყირავდა…

ფეხზე დადექი!

მიწაზე არ დაარტყა თავი!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10