*

მე ჩემს უამრავ სურვილს მოვწყდი

შენთან მოსაღწევად

და შენ მე მომწყდი,

რათა უამრავ სურვილს მიგეღწია…

 

*

ვიცი,

ერთ ღამესაც

სიზმარში

დავიკარგები…

 

*

სად წახვედი? …

სტუკ-სტუკ!

არ მეგონა, ჩემს გულში თუ დაიმალებოდი!

ახლა შენი დახუჭვის ჯერია!

 

*

ზოგჯერ იმას, ვინც გვიყვარს

გარშემო ისე ვახვევთ ყაჭს,

რომ ჭიად ვაქცევთ ხოლმე.

არადა,

ნეტავ,

ეს ყაჭი დაგვეწყვიტა,

პეპლად გვექცია

და ფრთები გაეშალა.

 

*

მე ვარ პატიმარი,

ვისი ბადრაგიც

თვითონვე ვარ…

*

მე ხვალ მოვკვდები.

საფლავს დღეს რად მითხრი?

 

*

რატომ დახუჭე თვალები?

გინდა,

არ დამინახო?

დიდი ხანია,

აღარ ვჩანვარ!

თვალში თამამად გამოიხედე!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10