მთარგმნელის შესავლის მაგიერ

 

ხუთი წელი გავიდა ჩემი თარგმნილი “თანამედროვე სპარსული პოეზიის” ვებერთელა ტომის გამოცემიდან. ამ წლების განმავლობაში უკვე სულ სხვა რამეზე ვმუშაობდი: ერთიან, გაბმულ, ხანგრძლივ პროექტზე (როგორც იტყვიან), მაგრამ შიგადაშიგ თავს მაინც არ მანებებდნენ თანამედროვე ირანელი პოეტებიც. შევკრიბე ეს ყველაფერი ახლა ერთი ინტერნეტ გამოცემისათვის. და ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ ამ პოეტებიდან ძალზე ცოტაა ისეთი, ვინც პირადად არ მცნობია. სამწუხაროდ, სულ ცოტათი ავცდით დროში მე და სოჰრაბ სეფეჰრი თუ მე და ფორუყ ფაროხზადი. “სულზე მივუსწარი” აჰმად შამლუსა და სიმინ ბეჰბაჰანის, რომლებთან შეხვედრებიც ჩემთვის დღემდე წარუშლელი შთაბეჭდილებაა. დანარჩენებთან, ვინც ამ პუბლიკაციაში აღმოჩნდნენ, უბრალოდ ვმეგობრობ. მაგალითად, დიდი ხნის და ძალიან წრფელი მეგობრობა მაკავშირებს ჰოსეინ თაბათაბაისთან. ის კი არა, ზოგი ეს პოეტი ქარიშხლიანმა ცხოვრებამ საქართველოშიც კი გადმოისროლა და ჩემამდე ასე მოიყვანა. ერთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პოეტი ირაკლი კაკაბაძემ დამაკავშირა. ირანიდან პოლიტიკურ პერიპეტიებს გამოქცეული აქ ლტოლვილთა ერთერთ ბანაკში იყო თავშეფარებული და ირაკლიმ მთხოვა, ეგებ დავეხმაროთო. რაც შემეძლო, ალალად ვეხმარებოდი, ვიდრე გაირკვა, რომ ადამიანურ თანადგომაზე მეტად, სპეციალისტი ექიმების დახმარება სჭირდებოდა. რამდენიმე ლექსი თავისივე ხელით დამიწერა და მე ეს ხელნაწერები ვთარგმნე. მეორე პოეტი (მამაკაცი) აქ კარგა ხანს ცხოვრობდა თავისი ოჯახით. არაჩვეულებრივად წესიერი და ინგელიგენტური ადამიანი, რომელთან ყოველი ჩემი შეხვედრა ნამდვილი დღესასწაული იყო. კიდევ ერთი პოეტი ალი მოჰამადზადე ჩემი თაობისაა. მასთან ჩემი ურთიერთობა საერთოდ უცნაურად აეწყო. ირანში ჩენს საელჩოში ჩემს ქართველ მეგობართან მისულა და თავისი ლექსები მიუტანია. ჩემმა მეგობარმა ეს ლექსები მე გადმომცა და მთხოვა, თუკი მომეწონებოდა, ქართულად მეთარგმნა. მართლაც ამოვარჩიე და ვთარგმნე. თარგმანები კი გაზეთ “ჩვენს მწერლობაში” დავბეჭდე. ამ მართლა პოეტმა მოჰამადზადემ რომ ეს ამბავი შეიტყო, ჩათვალა, რომ რახან გაზეთში დაიბეჭდა, უკვე მთელი საქართველო იცნობდა და ეთაყვანებოდა მის ნიჭს, დაახტა ირანში ავტობუსს და ჩემს საძებნელად წამოვიდა საქართველოში, რომელსაც მაშინ სულაც არ მიცნობდა.იმხანად ვცხოვრობდით ძალიან პატარა ბინაში, გაჭირვებით კი მუდმივად გვიჭირდა და ასეთი დაუპატიჟებელი სტურების მიღების სურვილი რომ მქონოდა, მასპინძლობას მაინც ვერაფრით მოვახერხებდი. ამ დროს ირანის საელჩოდან მირეკავენ, შენთან სტუმარიაო. მე ვეუბნები, რა სტუმარი, კაცო. მე არავინ დამიპატიჟებია მეთქი. მაინც მივედი საელჩოში, შევხვდი ამ მოჰამადზადეს, რომელსაც მთელი პარკი ირანული ტკბილეული და ჰაფეზის ერთი ხელნაწერი ჩამოეტანა ჩემთვის საჩუქარად. პაპაჩემის დანატოვარია, იმას თავისი პაპისგან დარჩენია, პაპამისს პაპისგან და ახლა შენზე უკეთესს ამას ვეღარავის დავუტოვებ. მე შვილი არ მეყოლებაო. მოკლედ, ძალს მე და ძალს ის, და საბოლოოდ, ჰაფეზი მაინც ჩემთან დარჩა. იმ ერთ ღამეს ვიხეტიალეთ თბილისის ქუჩებში, მეორე დილით კი დაახტა ისევ იმ თავის ავტობუსს და უკანვე გაჰქუსლა. მას შემდეგ პერიოდულად ზუსტად ასე, გაუფრთხილებლად, დამეცემა თავზე და ყველა საშუალებით მეძებს მთელ ქალაქში. წერს საკმაოდ კარგ ლექსებს და ზოგი მათგანის ლირიკული გმირი ვართ მე და შოთა რუსთაველი. ოღონდ ახლა ის კახური ანდაზა არ გაგახსენდეთ! ეს პატოსანი კაცი ქართულ ლიტერატურაში მეტს არავის იცნობს. ერთი ლექსი მეც მივუძღვენი, რომელიც ასე იწყება: რადგან პოეტებს არასოდეს არა აქვთ სახლი, ღამის ჩრდილში, ღია ცის ქვეშ გეპატიჟები…”
ერთიც უნდა ითქვას: აქ წარმოდგენილი პოეტებიდან ზოგი ირანის დღევანდელი ხელისუფლების გააფთრებული მოწინააღმდეგეა, ზოგი მათი მთავრობის მაღალჩინოსანი. მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო აქვს: ისინი ყველანი მეტნაკლები ნიჭის ნაღდი პოეტები არიან.

 

 

აჰმად შამლუ

 

სიკვდილით დასჯის ჟამს

 

კარის კლიტეში გასაღები გადატრიალდა…

ბაგეებზე მას ღიმილი აუცახცახდა…

თითქოს ჭერზე

მზის სხივების ანარეკლით

აცეკვდა წყალი…

კარის კლიტეში გასაღები გადატრიალდა…

გარეთ

რიჟრაჟთა საამო ფერი,

ვით დაკარგული ერთი ნოტი,

სეირნობა-სეირნობით

დაეძებდა თავის ადგილს

სალამურის

ნასვრეტებს შორის…

კარის კლიტეში გასაღები გადატრიალდა…

ბაგეებზე მას ღიმილი აუცახცახდა…

თითქოს ჭერზე

მზის სხივების ანარეკლით

აცეკვდა წყალი…

 

 

სოჰრაბ სეფეჰრი

 

შხამის საგალობელი

 

ღამის ძუძუს ვწოვ

და ჯადოთი ტანდაუსვრელი რომელიმე ფერის კვალდაკვალ

მის ფერფლით ამოვსებულ თვალს

ჩემი მზერით განვჩხრეკ.

არყოფნას დავეძებ, დიდი ხანია,

შხამი წვეთავს თვითონ ამ ჩემი უბოროტო ჯადოს ძარღვებზე,

რათა ამით რძე წამიბილწოს.

ამიტომ, მისი ფიქრის ნაკვალევი რომ დაკარგოს ჩემმა ფიქრმა,

რბილად მოპყრობას მიწყებს,

თუმც როგორ ვერ ხვდება:

რა უნაყოფო და ფუჭია მისი გეგმა!

ჩემი მაჯისცემა ყოველ წამს დასცინის მის განზრახვას.

მან არ იცის, რომ უკვე აღმოცენდა

ჩემი ნაყოფიერი არსებობა შხამის საწუნწუხეში.

და არ იცის, რომ მე შხამში ვბან

ყველა ტირილის, ყველა ღიმილის სხეულს

შხამის ნიადაგში ყვავიან ჩემი პოეზიის მწარე ყვავილები.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10