თავგადასავალი

 

ზღვა გრგვინავს.

სანაპიროზე არავინ მოჩანს.

ერთი ლაქაც კი არ ატყვია ბნელ ზღვას,

რომ ნავად იქცეს,

თუკი ახლოს მოვა.

 

სანაპიროზე დარჩენილა

ნავი, თავზე ღამე რომ დამხობია,

არანათელი გზით

მისი ტანი შემეცნებას შეჰყავს სიმწრის სიღრმეებში,

არავინ არის,

რომ გზიდან მოაღწიოს

და ზღვაში გადააგდოს.

და ამ დროს, როცა ზღვის თითოეული მთა

მის საიდუმლო ყურს ელაპარაკება,

აღელვებული ერთი ტალღაც მოვარდება გზიდან,

რათა ქარიშხლიან ღამის ზღაპარს მოჰყვეს.

 

იმ ღამით მებადური ზღვაში გასულიყო,

რომ წყალში დაეჭირა

ის, რასაც კავშირი ჰქონდა

სიზმარში ოცნებასთან.

 

მეორე დილით, როცა ზღვაში

ტალღა ტალღას უკვე ტანს არ ახეთქებდა,

მებადურთა თვალებმა იხილეს

ნავი, გზად წყლისაკენ,

რომელსაც ბაგეზე წუხანდელი მწარე შემთხვევის ამბავი შერჩენოდა.

ხელახლა ისევ თავის ძილმორეულ ნაპირზე გაათრიეს,

იქვე, სადაც არის,

იმავე მწუხარე, უპრიან წამში

და მის მახლობლად

გრგვინავს ზღვა

და შორი გზიდან მოდის ტალღა, რომელიც ისევ ჰყვება

ქარიშხლიანი ღამის

არც ისე გრძელ ამბავს…

 

 

 

სიმინ ბეჰბაჰანი

 

მითხარ… გითხარ…

 

მითხარ: ,,მინდა, გეამბორო”…

გითხარ: “მსურს, რომ ჟრჟოლას მგვრიდე!”

მითხარ:,,ვინმემ რომ მოგვისწროს…”

გითხარ: ,,არვის მოვირიდებ!”

მითხარ: ,,ბაღის კუნჭულიდან

რაყიფი რომ შემოგვესწროს…”

გითხარ: ,,ჩემი ჯადოქრობით

მივაბრუნებ ბაღის კიდეს”…

მითხარ: ,,ღვინის სიმწარე რომ

უგემურად მომეჩვენოს…”

გითხარ: ,,ღვინით დამწვარ ბაგეს

ჩემი ნერწყვით ჩაგიმშვიდებ!”

 

მითხარ: ,,აბა, სარკესავით

ჩემს თვალში რას ხედავ, მითხარ…”

გითხარი, რომ მაგ სარკეში

ჩემს თავს ვხედავ შიშველ-ტიტველს…

მითხარ: ,,ამ გულს მოუთმენელს

სურს, ალაფად წარგიტაცოს,

გითხარ: ,,მარბიელთა რაზმებს

შემოვარტყამ ხვეწნის რიდეს!”

მითხარ: ,,შენთან კავშირის ფასს

არსებობის ნაღდით გიხდი!”

გითხარი, რომ მზად ვარ უფრო

იაფადაც გაგირიგდე!

მითხარ: ,,ერთ დღეს თუკი გეტყვი,

რომ ჩემს ქუჩას გარდეხვეწო…”

გითხარ: ,,კიდევ ას წელიწადს

სახვალიოდ გადაგიდებ!”

მითხარ: ,,თუკი ფეხებიდან

მაგ ტრფობის ჯაჭვს გამოვიხსნი”…

გითხარ: ,,იცი, შენზე გიჟსაც

გამოვნახავ ვინმეს კიდევ!..

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10