პაუზა.

 

მარინა: ახლა მე გეკითხები – გიხარია?

ჯემალი: ძალიან მიხარია, მარინა… მიუხედავად იმისა, რომ ეგ ჩემი შვილი არაა.

 

 

ელენე (სივრცის მიღმა): არა! ახლა მე უკვე აღარსად წამსვლელი აღარ ვიყავი. რომას ვეღარ ვშორდებოდი. კომანში ეს უკვე აღარავისთვის იყო საიდუმლო. მაგრამ ჯემალს ამის შესახებ მეტი აღარაფერი უთქვამს. (პაუზა) ბიჭს, რომელიც ოცდაცხრა წლის ასაკში მეყოლა, ბესლანი დავარქვით. მის მიმართ ჯემალი დიდ სინაზეს იჩენდა და ჩემთანაც ძალიან კეთილგანწყობილი იყო. რა ხშირად ვფიქრობდი მერე ჯემალიზე! მეტს იმსახურებდა. მე კი ისე გულგრილად ვექცეოდი… მარტოსული მოკვდა, ბესლანს წელიწადი რომ შეუსრულდა… ისეთი მარტოსული, როგორიც მთელი ცხოვრება იყო.

 

(ღია ცის ქვეშ. ისმის თოლიების წივილი)

 

ჯემალი: ჩაიძინა?

მარინა: ჰო, პირდაპირ ჩემს ხელებზე დაეძინა. არაჩვეულებრივი ბავშვია, ყველგან შემიძლია ვატარო.

ჯემალი: მალე სიარულსაც დაიწყებს. ღმერთო, როგორ გარბის დრო! (იცინის) და კარგია, ასე ჩქარა რომ გარბის. სიარულს დაიწყებს და მალე სათევზაოდაც წავიყვან.

ჯემალი: უკვე უნდა წახვიდეთ? ცოტაც დარჩენილიყავით სანაპიროზე, კიდევ გიყურებდით. არ შეიძლება? ქარი ხომ არაფერს დაუშავებს?

მარინა: არა, რა ქარი, ჯემალ.

ჯემალი: ჯობს ქარს ბავშვობიდანვე შეჩვიოს. ამიტომ კარგია, ჰაერი უმოძრაოდ რომ არ არის.

მარინა (პატარა პაუზის შემდეგ): ისევ ბრაზობ ჩემზე, ჯემალი?

ჯემალი: ვბრაზობ?.. არა, მარინა.

 

(მოტორის ხმა თანდათან შორდება)

 

ელენე (სივრცის მიღმა): როგორ მამშვიდებდა მერე, რომ სწორედ ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რაც მისგან მოვისმინე. კარგა ხანს გვიქნევდა ხელს. მერე ნავი არხის სიღრმეში მიიმალა და ამის შემდეგ ჯემალი აღარც მინახავს. რამდენიმე საათში ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა და როცა ძალიან გვიან, სრულ სიბნელეში, ნავები დაბრუნდნენ, ჯემალი მათ შორის არ იყო. მეორე დღეს ძლიერ დაზიანებული ნავი სამხრეთიდან მოადგა ნაპირს. ჯემალის კვალი კიდევ არ ჩანდა.

 

(ოთახში)

 

მამა: რაღაც იშვიათად გხედავ, შვილო.

მარინა: ხალხს ვერიდები. ჩემთვის ყველას ემეტება თითო კეთილი რჩევა.

მამა: სამწუხაროდ, ახლა მეც რჩევა უნდა მოგცე. რაც ჯემალი აღარ არის, ბევრი რამე შეიცვალა.

მარინა: დღეიდან უფრო მეტად შეიცვლება.

მამა: ჰო, მე გავაგდე რომა. კარგად იცი, რატომაც.

მარინა: გაგონებაც არ მინდა.

მამა: შენ ამაზე უბრალოდ თვალს ხუჭავ.

მარინა: რომა ჩემთვის გავა ხოლმე ზღვაში.

მამა: შენთვის? მერე, ნავი?

მარინა: ჯემალის ნავით.

მამა: ჯემალიმ ხომ მე მომცა ეს ნავი, უკან გინდა წამართვა?

მარინა: ჰო, უკან უნდა წავიღო.

მამა: აი, სწორედ ამის მეშინოდა. ჩემი გამორჩენის გამო არა, სწორედ გამიგე. ხომ არ გეგონა, რომ მოგატყუებდი. უარს ვერ გეტყვი… იაროს რომამ ისევ იმ ნავით, თუმცა მე გავაგდე. კარგად რომ დავფიქრდეთ, არც არაფერი შეცვლილა.

მარინა: ახლა ის ჩემთვის ივლის.

მამა: დაგპირდა რო? ჩემთან არც ისე ხშირად გადიოდა. დუქანი მაგისთვის ბევრად უფრო ძვირფასია და ალბათ, შენზე უფრო ძვირფასიც.

მარინა: ჩვენ დავქორწინდებით.

მამა: მარინა, ეს იმაზე უარესია, ვიდრე მოველოდი.

 

ელენე (სივრცის მიღმა): თავს ვიბრმავებდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ რომა გამოიცვალა. მაგრამ რადგან მიზეზს ვერ ვხედავდი, ვფიქრობდი, ყველაფერი გამოსწორდებოდა. შეიძლება დავეხმარო, მასთან თუ დავრჩები, _ ვეუბნებოდი ჩემს თავს და უფრო მაგრად ვეჭიდებოდი. უნდოდა თუ არა ჩემი ცოლად მოყვანა? არ ვიცი. ალბათ, მე შევაპარე ეს აზრი და ბოლოს, მივაღწიე კიდეც. ჩვენი ქორწინებიდან კიდევ სამი ბავშვი დაიბადა _ დიმიტრი და ორი გოგო, ლანა და ინგა. რომა კი ისევ ძველებურად იქცეოდა და ერთხელაც, მივხვდი, რომ ბედნიერებას მის გვერდით ვერ ვეღირსებოდი.

 

(ოთახში)

 

რომა (მეგრული აქცენტით): ვერ გავიგე, სად მიდის ეს ფული. სულ ვერ დავლევდი… შეუძლებელია, იმდენი ფული, ჯემალმა რომ დატოვა, სულ სასმელში დახარჯულიყო…

მარინა: შეუძლებელია?

რომა: არ დაგავიწყდეს, რომ ამ ფულს ცოტა მეც დავუმატე!

მარინა: როცა გაგიცანი, ჩვიდმეტი წლის იყავი _ თითქმის ბავშვი… რა ალერსიანი იყავი, _ ეჰ, ნეტავი მაშინ მყვარებოდი! მე კი რატომღაც ახლა მიყვარხარ.

რომა: ისე, ჯობდა დაგეწყევლე და გეცლია, სადმე ხაბაროვსკთან, ან ნოვოსიბირსკთან ყინვაში მოვმკვდარიყავი. ღმერთო, რისთვის დამინდო ბედმა.

მარინა: ხანდახან მიფიქრია, რომ ჩემი გულისთვის…

რომა: ერთ დროს მეც ასე ვფიქრობდი.

მარინა: ახლა აღარ ფიქრობ?

რომა: ახლა დავიწყება მინდა. ღვინო კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა.

მარინა: შენი ვერაფერი გავიგე.

რომა: კარგია, რომ არ გესმის ჩემი. ძალიან მიყვარხარ, მარინა.

მარინა: მოდი, მაშინ წავიდეთ აქედან, რომა, სადაც გინდა! თბილისში…

რომა: თბილისში? ჰო, თბილისში კარგი იქნებოდა. ხვალვე წავიდეთ თუ გინდა. შეიძლება ყველაფერი გამოსწორდეს, აქედან რომ წავალთ. ოღონდ ახლა ფული მომეცი იმდენი სავსე ჭიქა ღვინისთვის, შენს დასაჯერებლად რომ მეყოს.

მარინა: მარტო სამი მანეთი მაქვს.

რომა: ტყუი… არა უშავს, მომეცი. (კარს აღებს და ზღურბლიდან ამბობს) არ ვიცი, მიღირს კი ამდენი მათხოვრობა? შენ როგორ გგონია?

 

ელენე: რომას რომ მოენდომებინა, შეგვეძლო ბავშვებთან ერთად თბილისში  წავსულიყავით. ის კი დამთანხმდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არაფერზე უზრუნია. მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. მე კიდევ მიყვარდა და არანაირი გავლენა არ მქონდა მასზე. ჯემალისთან ყველაფერი ბევრად უფრო იოლი იყო. ხშირად სევდა მიპყრობდა, როცა ვუფიქრდებოდი, თუ როგორ გარბოდნენ წლები. მალე ორმოცი მომიკაკუნებდა. ბავშვები წამოიზარდნენ. უმცროსს, ინგას ხუთი წელი უსრულდებოდა, ბესლანი _ თერთმეტის იყო.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11