ელენე აქეთიქით შეშინებული იყურება.  მერე უცებ ერკვევა, ღრმად სუნთქავს და ძალებს იკრებს. უცებ სახეზე ეშმაკური სხივი  გადაურბენს.

 

ელენე (ეშმაკურად): და ხშირად მომდის ასე?.. აი რომ… ვიცვლები?

ქალი: სულ!

ელენე: და საერთოდ… როგორი ვარ ხოლმე, დედა?

ქალი (ჯდება სკაზე): ხშირად თითქოს აქ არ ხარ! არაფერი არ გესმის! არავის არ პასუხობ! საათობით მიჩერებიხარ ერთ წერტილს, და სოფელში ისე დადიხარ, თითქოს მთვარეული იყო…

ელენე: და დამცინიან, არა?

ქალი: არ იცი ვითომ!..

ელენე (ისევ ეშმაკურად): აი ძალიან-ძალიან რომ მოვინდომო, ხომ შეიძლება რომ  გამოვსწორდე, დედა?

ქალი: სულ ცოტათიც რომ მოინდომო, მარინა!.. აი სულ ცოტათი!.. ო, რა მადლობელი ვიქნებოდით ღმერთის მე და მამაშენი!

ელენე (უკვე დამცინავად): მამაც მყავს?!.. ოჰ!.. მერე, რატომ ვარ ასეთი, დედა?

ქალი: ზუსტად ეგ ვიფიქრე დილით _ დღეს როგორიცაა, ასეთი საშინელი არასდროს ყოფილა-მეთქი!.. ახლა კი, რა დალაგებულად ლაპარაკობ, მარინა! ჩემზე ჭკვიანურადაც კი.

ქალი: იცი, ჯემალი უკვე აქ არის!

ელენე (ლამის სიცილი წასკდეს): ჯემალი ვინღაა?!

ქალი: მამაშენთან ერთად ზის სასტუმრო ოთახში.

ელენე (დამცინავად): მოიცა, სასტუმრო ოთახიც გვაქვს?!

 

ქალი უთითებს სხვა კარზე.

 

ელენე: ვინაა? რა უნდა?

ქალი: მარინა, ძალიან კარგად იცი, რაც უნდა! შენ გგონია, ძალიან ბებერია? სამაგიეროდ სამი ნავი აქვს!.. ცუდი ადამიანიც არაა! ისე გავიხარებდით მე და მამაშენი… წინა ჯერზე თქვა, აღარ მოვალო, მაგრამ ხომ ხედავ, ისევ მოვიდა!.. შედი და უთხარი ~ჰო~, მარინა!

 

ელენე (ძლივს იკავებს სიცილს. პირზე ხელს იფარებს. მერე სერიოზულდება): …რადგან ასე ძალიან გინდა, დედა…

 

ელენე აღებს კარს და გადის გვერდითა ოთახში.

 

(ოთახში)

 

მაგიდას ორი ასე სამოცდაათ წლამდე მამაკაცი უზის. ელენეს შემოსვლაზე ორივენი ფეხზე დგებიან. ერთერთი ელენეს ეგებება.

 

მამა: მარინა! აგერ ჩვენი მეგობარი ჯემალი ჭვიშბა ისევ მოვიდა! მიესალმე და ხელი ჩამოართვი!

ელენე (გაღიმებული ართმევს ხელს მეორე მამაკაცს): გამარჯობათ, ბატონო ჯემალი.

ჯემალი: გამარჯობა, მარინა!

მამა: ამხანაგი ჯემალი შენზე სალაპარაკოდ მოვიდა… მოკლედ, შენი ხელი მთხოვა და მე ვუთხარი, რომ მივესალმები მის სიძეობას. იმედია, დამჯერი გოგო იქნები და მშობლების სურვილის წინააღმდეგ არ წახვალ.

ელენე: დაბრძანდით!

 

მამაკაცები და ელენეც მაგიდას უსხდებიან.

 

მამა: … კარგად იცი, ამხანაგი ჯემალი  როგორი პატივცემული ადამიანია, ჩვენ კიდევ მისი მოვალეები ვართ. ხომ გესმის, მარინა?

ელენე: მე ყველაფერი კარგად მესმის, მამა.

მამა (დგება ფეხზე): მაშინ, ახლა მარტო დაგტოვებთ, რომ ამხანაგმა ჯემალიმ თვითონ გითხრას თავისი ამბავი! (მარინას თავზე ხელისგულს უსვამს და ოთახიდან გადის)

 

ელენე ადგილს იცვლის, მამის სკამზე ჯდება და ჯემალის შეჰყურებს.

 

ჯემალი: გაიგე მარინა, რა თქვა მამაშენმა?

ელენე: მე ყველაფერი კარგად მესმის, ჯემალი.

ჯემალი: მაშინ ახლა მე გეკითხები…

ელენე: გისმენ!

ჯემალი: გინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად და ჩემი ცოლი გახდე, მარინა?..

ელენე: რა თქმა უნდა, ჯემალი.

ჯემალი (შფოთით): არა!!! ახლავე ნუ მიპასუხებ!!!.. ჯერ დაფიქრდი!

 

ორივენი დუმდებიან და ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ. ისმის საათის წიკწიკი.

 

ელენე: საკმარისად ვიფიქრე?

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11