მესამე მოქმედება

 

ელენე (სივრცის მიღმა): როგორ მეზიზღებოდა ის, ვინც ყველაფერი მომპარა და ტანჯვის მეტი საკუთარი ცხოვრებიდან არაფერი დამიტოვა. რომას სიკვდილის შემდეგ ჩემი ფიქრები სულ უფრო ხშირად უბრუნდებოდა ელენე გოგოლაძეს. ჯემალის დანატოვარიდან ცოტა ფული კიდევ იყო დარჩენილი. გარდა ამისა, პატარა სახლი და ნავიც მქონდა. ნავი რომ გამექირავებინა და მამაჩემისგანაც რაიმე მიმეღო, თანაც ხელმომჭირნეობასაც თუ გამოვიჩენდი, შესაძლოა ეს მე და ბავშვებს თბილისში გასამგზავრებლად და რაღაც ხნით გვყოფნოდა… მძიმე წლები იყო. საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ცხოვრება ძვირდებოდა. დრო სწრაფად მიქროდა, ბავშვების ზრდის მიხედვით ვგრძნობდი როგორ ვბერდებოდი. ბესლანს არავითარი სურვილი არ ჰქონდა მეთევზე გამხდარიყო. თექვსმეტი წელი რომ შეუსრულდა, ოჩამჩირეში, ტყავის ფაბრიკაში დავტოვე შეგირდად; შეეძლო დეიდასთან ეცხოვრა, დედაჩემის დასთან, რომელსაც ქმართან ერთად იქვე ბოსტნეულის ფარდული ჰქონდა. ბესლანი ჩემი საყვარელი შვილი იყო და მის გარეშე სახლი სულ ცარიელი მეჩვენებოდა. კიდევ კარგი, კვირაობით მაინც ბრუნდებოდა შინ. თითქმის სამი თვე იყო ოჩამჩირეში. ბოლოს უკვე იმდენის გამომუშავება შეძლო, რომ ჩემგან ფულს აღარ ითხოვდა, სამაგიეროდ კვირაობითაც აიცრუა გული შინ მოსვლაზე. ხშირად მთელი კვირები გადიოდა, ვიდრე იგი ჩვენთან ერთად შემოუჯდებოდა მაგიდას. თანაც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა.

 

(ოთახში)

 

მარინა: გახსოვს, ბესლან, ერთხელ ჩემთან ერთად გამგზავრებას რომ დამპირდი?

ბესლანი: ჰო, მახსოვს. თბილისში, და მერე ამერიკაში.

მარინა: ჯერ თბილისში… თუ შენ ამაზე უკვე აღარ ფიქრობ, ბესლან.

ბესლანი: ვფიქრობ, როგორ არა…

მარინა: ჩვენ უკვე საკმარისი ფული მოვაგროვეთ.

ბესლანი: სურვილი კი მაქვს…

მარინა: მაგრამ?

ბესლანი: არა, არაფერი.

მარინა: შენ დამპირდი, ბესლან,

ბესლანი: არ ვიცი, დედა.

 

ელენე (სივრცის მიღმა): შევამჩნიე, რომ ბესლანი ჩაფიქრდა და მეტი აღარაფერი უთქვამს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვე სახლში აღარ გამოჩნდა, თვითონ წავედი მასთან ოჩამჩირეში. ეს აუცილებელი იყო, _ ბოლოს და ბოლოს, იმის უფლებაც მქონდა, მომენახულებინა, თუნდაც განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყო. თბილი დღე იყო. დეიდა მარტო დამხვდა დახლთან.

 

(ნახევრადღია სივრცეში.)

 

მარინა: დილა მშვიდობის, დეიდა.

დეიდა: მარინა! აი იშვიათი სტუმარი!

მარინა: ბესლანის ნახვა მინდოდა.

დეიდა: ბესლანის?

მარინა: არ არის? დღეს რამე დღესასწაული ხომ არაა?

დეიდა: ბესლანი, მარინა? ის რა, თბილისში არ არის?

მარინა: თბილისში? მე არაფერი ვიცი თბილისის შესახებ.

დეიდა: იქ უფრო კაი ადგილი იშოვა. წინა კვირას თქვენთან იყო. მე მითხრა, რომ აქ აღარ დაბრუნდებოდა და პირდაპირ თბილისში გაემგზავრებოდა.

მარინა: ჰო, მაგრამ ის არ ყოფილა კომანში. თბილისში სად უნდა ვეძებო? არაფერი დაუტოვებია?

დეიდა: არა, თავისი ნივთები წაიღო. აჰ, მარინა, ცუდი არაფერი მოხდება. ბესლანი წესიერი ბიჭია, კარგად ვიცნობ, მალე მოგწერს.

 

ელენე (სივრცის მიღმა): კიდევ ორი დღე დავრჩი ოჩამჩირეში, მაგრამ ვერც ფაბრიკაში და ვერც სხვაგან ვერაფერი გავარკვიე. ბესლანი, ჩანს, საგულდაგულოდ მალავდა თავისი წასვლის ამბავს. მხოლოდ დეიდას გააგებინა. მასაც მხოლოდ ადგილი დაუსახელა: თბილისი. ახლა თბილისში უნდა წავსულიყავი, იქნებ იქ მაინც მეპოვნა. ამისთვის ერთი კვირა მაინც იყო საჭირო, თუ მეტი არა. თანაც, ეს ფული ღირდა. შევძლებდი ბავშვების ამდენი ხნით დედასთან დატოვებას? ის უკვე ძალიან მოხუცებული იყო. კომანში რომ დავბრუნდი, მაინც გადავწყვიტე წავსულიყავი. დედაც თანახმა იყო. ფულს კი დანაზოგიდან ავიღებდი. ზარდახშა, რომელშიც ფულს ვინახავდი, ჯერ კიდევ ჯემალისაგან დამრჩა. მაშინ, ისევე როგორც ახლა, ის ზანდუკის ძირში იდგა, ზემოდან კი ბავშვების ტანსაცმელი, წინდები, პერანგები და დასაკემსი ზეწრები ელაგა. ოცი წელზე მეტია ეს საიმედო ადგილს წარმოადგენდა. მაგრამ ახლა, როდესაც ზარდახშისთვის გასაღების მორგება მოვინდომე, აღმოვაჩინე, რომ მისი გახსნა საჭირო აღარ იყო: ის გატეხილი და ცარიელი დამხვდა. ჩემს გარდა ერთადერთმა ადამიანმა იცოდა, სად ინახებოდა ფული და მივხვდი _ ჩემს თბილისში წასვლას აზრი არ ჰქონდა. ბესლანი იქ არ იქნებოდა. ასეთივე წარმატებით შემეძლო ის სოხუმში, მოსკოვში ან ლენინგრადში მეძებნა. ბესლანი შორს იყო. ჩემი უსაყვარლესი ვაჟი, რომელმაც მარტო ფული კი არა, მთელი ჩემი ოცნებები მოიპარა.

 

(ღია ცის ქვეშ. ისმის თოლიების წივილი.)

 

დიმიტრი (შორიდან): დედა! დედა!

მარინა: რა იყო?

დიმიტრი(ახლოს): მანდ რას აკეთებ? ჩვენ გეძებთ.

მარინა: მოვდივარ. დიდი ხანია ასეთი ქარი არ ყოფილა.

დიმიტრი: ბესლანს რამე ხო მარ დაემართა, დედა? ოჩამჩირეზე არაფერი მოგიყოლია.

მარინა: ბესლანი თბილისში გადავიდა, უკეთესი სამუშაო იშოვნა. ჯამაგირი მეტი აქვს, საღამოობით უფრო ადრე თავისუფლდება.

დიმიტრი: მერე, ამაზე ტირი?

მარინა: არა, უბრალოდ ძალიან შორსაა და იმაზე ვტირი.

დიმიტრი: მე არასოდეს წავალ შენგან ასე შორს, დედა. გპირდები.

 

(თოლიები წივილი თანდათან ნელდება).

 

ელენე (სივრცის მიღმა): მისი ბრალი სულ არ იყო და არც სურვილი ჰქონდა _ მაგრამ დიმიტრი კომანიდან თბილისზე უფრო უარეს ადგილას წავიდა. როცა ქართველებს და აფხაზებს შორის ომი დაიწყო, ის ცხრამეტი წლის იყო. დიმიტრი აფხაზებს შეუერთდა… კომანშიც ისეთივე სიჩუმემ და სიცარიელემ დაისადგურა, როგორც ჩემს სახლში. მერე ლანა და ინგაც გაემგზავრნენ. ისინი ბესლანივით იმავე ფაბრიკაში მუშაობდნენ და დეიდასთან ცხოვრობდნენ. კვირაობით ხანდახან ისინიც არ ბრუნდებოდნენ შინ, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთი მათგანი ჩამოდიოდა. ომის დროს ისევ იმას ვაკეთებდი, რითაც მთელი ცხოვრება ვიყავი დაკავებული: თევზს ვშიგნავდი. ჩემი ხელიდან გადადიოდნენ ისინი მარცხნივ მდგარი ერთი კასრიდან მარჯვენაში. ულამაზო ხელები მქონდა. ველოდებოდი, მთელი ცხოვრება ველოდებოდი წერილებს, ვაყურადებდი სახლის წინ ნაბიჯებს, ველოსიპედის საბურავების შრიალს. ყველაზე ნაკლებად უკვე თბილისში წასვლას ველოდი. მოლოდინი თანდათან მცირდებოდა, ან იქნებ პირიქით, _ სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ერთხელ, შემოდგომის საღამოს მართლაც შემომესმა ნაბიჯების ხმა, რომელიც აშკარად ჩემს სახლს უახლოვდებოდა. ზუსტად კართან შენელდა და შეწყდა. ცოტა ხანს ვაყურადებდი, ბოლოს ვიკითხე:

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11