(ოთახში)
ბესლანი: ეს ხის ნაფოტი, დედა, გემია! აი აქ! ეს რა არის?
მარინა: მე ეგ პირდაღებული ნიანგი მგონია.
ბესლანი: ეს _ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა, დე. აი, ეს?
მარინა: დავიღალე, ბესლან! ეგ რა, მაგიდა არაა?
ბესლანი: მაგიდაა. მაგრამ მე ხომ ვთამაშობ.
მარინა: იქნებ, ეს _ ამერიკაა?
ბესლანი: აი, ხომ ხედავ დედა, რა ადვილია! გემი საქართველოდან ამერიკაში მიდის.
მარინა: ეგეთი გემი არ არსებობს!
ბესლანი: მე ვთამაშობ, დე… და აბა, გემზე ვინ არიან?
მარინა: კაპიტანი, მეზღვაურები… ბევრი ხალხი, ვისაც საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში წასვლა უნდა.
ბესლანი: ამ გემზე ხარ _ შენ!
მარინა: მეე?
ბესლანი: და მე!
მარინა: მარტო ჩვენ ორნი?
ბესლანი: მამას ხომ არ უნდა ჩვენთან წამოსვლა?
მარინა: მამას ამერიკაში კი არა, თბილისშიც არ უნდა წამოსვლა… გააგრძელე თამაში, ბესლან!
ბესლანი: მე ამ თამაშს მარტო ვერ ვითამაშებ… უშენოდ არ გამოდის. რახან მამას არ უნდა წამოსვლა, მოდი, აქ დავტოვოთ! რომ გავიზრდები, მე წამოვალ შენთან ერთად თბილისში. მართლა, დედა!
მარინა: შენ ძალიან კარგი შვილიკო ხარ, ბესლან.
ელენე: ჩემი საღამოები დღითი-დღე სულ უფრო ერთფეროვანი ხდებოდა. ბავშვები რომ დაწვებოდნენ, მარტოკა ვიჯექი და ველოდებოდი რომას, რომელიც ჩემსავით მარტოდმარტო იჯდა კომანის რომელიღაც დუქანში. მომიყვნენ, რომ ბოლოს ის ყველას ერიდებოდა და საუბარშიც არასოდეს ერეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წლის იყო, ჭაღარა თმა ჰქონდა და მოხუცისგან არაფრით განსხვავდებოდა. მარტოკა ვიჯექი და ველოდი, როდის გავიგებდი მისი ფეხის ხმას ან კარების ჭრიალს…
(ოთახში.)
რომა (მეგრული აქცენტით): კიდევ არ გძინავს, მარინა?
მარინა: შენ ეს ყოველ საღამოს გიკვირს.
რომა: იმედს არ ვკარგავ, რომ ერთ დღესაც საბოლოოდ მოგბეზრდები. ვითომ, ჩემი სიყვარული უშველის რამეს?! ექვსი წელია ვცდილობ ეს შეგაგნებინო. ძალიან ნელი ვარ.
მარინა: მომთმენი.
რომა: არა, უფრო სწორად ახლა უკვე ათი წელიწადი…
მარინა: რა ათი წელიწადი?
რომა: უკვე ათი წელიწადია ვცდილობ როგორმე გითხრა. იქნებ, შენ დიდი ხანია იცი კიდეც, ოღონდ არაფერს ამბობ, თავს იკატუნებ და ზიხარ აქ…
მარინა: მე მარტო ის ვიცი, რომ სვამ!
რომა: მხოლოდ სმის გამო რომ ვსვამდე… მე კიდევ იმიტომ ვსვამ, რომ კარგად მოვიფიქრო, როგორ გითხრა ეს.
მარინა: ნუ მაშინებ, რომა.
რომა: ესე იგი, უკვე ყველაფერი იცი?
მარინა: არაფერიც არ ვიცი, მაგრამ უკვე მეშინია იმის, რისი თქმაც გინდა.
რომა: ხომ ყოველთვის გინდოდა ამის გაგება?
მარინა: მეტი არაფრის გაგება აღარ მინდა, რომა. შენთვის შეინახე.
რომა: ჯემალი მე მოვკალი!
მარინა (პაუზის შემდეგ, იძულებითი სიმშვიდით): ეგ არაა მართალი, რომა! ის მარტო იყო ნავში, დაიწყო ქარიშხალი და დაიხრჩო.
რომა: არც ისე ძნელი იყო მის ნავთან მიახლოება და გადაძრომა. ზღვა ჯერ კიდევ წყნარი იყო მაშინ.
მარინა: ტყუილია ყველაფერი!
რომა: მის ნავში რომ გადავძვერი, ჩაიცინა და მითხრა: ~როგორც იქნა, მოხვედი!~
მარინა: გაჩუმდი, რომა!
რომა: ~როგორც იქნა, მოხვედი!~ რატომ მითხრა? ამაზე მთელი ათი წელია ვიმტვრევ თავს. ელოდებოდა? ალბათ _ კი, და მგონი, მეტი სიცოცხლეც აღარ უნდოდა, მარინა. ზოგჯერ, განსაკუთრებით კარგი დღე რომ გამოერევა ხოლმე, ვფიქრობ, თვითონ ჩამაგონა მკლელობა-მეთქი. მაშინ თვითონაც ხომ დამნაშავე გამოდის. გესმის?
მარინა: მითხარი, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.
რომა: ტყუილია… ისე, გასართობად მოგიყევი პატარა ისტორია. სმით კი იმიტომ ვსვამ, რომ უბრალოდ მომწონს სმა.
მარინა: ათი წელი ვიცხოვრე შენთან.
რომა: მეტი.
მარინა: ამის მერე ათი წელია.
რომა: უკვე დროსაც ანაწევრებ? ესე იგი, გჯერა, რომ ეს მართალია. დღეიდან ძნელი იქნება შენთან ცხოვრება, მარინა.
მარინა: საით აპირებ?
რომა (დამცინავად): თბილისში.
მარინა: თბილისში?
რომა: მშვიდობით, მარინა.
მარინა: საით…
რომა: არსაით. დავიღალე და მეძინება. დღეს თბილა, წავალ ნავში დავიძინებ, ასე აჯობებს.
ელენე: ამ დროს ინგას ტირილით გამოეღვიძა. ბავშვი რომ დავამშვიდე და უკან მოვბრუნდი, რომა უკვე წასული დამხვდა. ცოტა ხნის მერე ნავთან გამოვედი, მაგრამ ცარიელი დამხვდა. ფარნით ხელში მთელი კომანი შემოვიარე. ყველგან სიჩუმე და სიცარიელე იყო, რომა კი არ ჩანდა. მერე მამა გავაღვიძე და ერთად განვაგრძეთ ძებნა. გამთენიისას ვიპოვნეთ: თავი ჩამოეხრჩო, ხიდის მოაჯირზე გამოება თოკი, ისე რომ, ფეხები ზედ წყალზე ეკიდა. (პაუზა) ეს 1990 წელს მოხდა, სწორედ იმ წელს, როცა თბილისში ელენე გოგოლაძე დავით ყანჩაველს გაჰყვა ცოლად და მშობლების სახლის სიმყუდროვე სხვა, არანაკლებ მოხერხებულ სამყაროზე გაცვალა.