ელენე პლიაჟიდან ისევ დასახლებისკენ გარბის. ეს სოფელიც ცარიელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ელენე ორღობეების გავლით გადის გრუნტოვან გზაზე. შეშლილი სახით იყურება აქეთ–იქით. ერთ–ერთი მხრიდან შუა ასაკის ქალი და კაცი მოდიან. მამაკაცს ჭილის ქუდი ახურავს, წითელი პერანგი შეხსნილი აქვს და მხარზე დიდი ურო უდევს. გვერდით წითელთავსაფრიანი ქალი მოჰყვება. ქალი ამაყად მოაქნევს დიდ ნამგალს.
ელენე: დიდი ბოდიში! საათს ხომ ვერ მეტყოდით?
კაცი და ქალი ჩერდებიან. კაცი საათზე იყურება.
კაცი (მხიარულად და შინაურულად): ზუსტად შვიდის ნახევარია, ამხანაგო მარინა!
ელენე ისევ კრთება.
ელენე (დარცხვენით): ..და რა რიცხვია, მე მაპატიეთ?
წითელთავსაფრიანი ქალი: რიცხვი?! (გაკვირვებით) რიცხვი _ აგვისტოს ხუთი, მარინა! U
წითელთავსაფრიანი ქალი უროიან კაცს გახედავს.
ქალი: ხომ ხუთია, ივანიჩ?
კაცი: კი! აგვისტოს ხუთია… პარასკევია… ხვალ კრებაა სოფსაბჭოში.
ქალი (ელენეს გასაგონად): ხუთი აგვისტოა, მარინა!
კაცი და ქალი გზას განაგრძობენ, მაგრამ უცებEელენეს შეძახილი აყოვნებთ და მისკენ ტრიალდებიან.
ელენე: და… წელი?
უროიანი კაცი და ნამგალიანი ქალი ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ.
ქალი (კაცს ჩუმად): არაფერი ისეთი არ უთხრა, თორემ ვეღარ მოვიშორებთ თავიდან!
კაცი (ყვირილით): ათას ცხრაას სამოცდათორმეტი, მარინა! ერთი-ცხრა-შვიდი-ორი!!
კაციც და ქალიც იცინიან
კაცი (ელენეს მისამართით. მხიარულად): აღარ დალიო მეტი, მარინა! მამას მოკითხვა ჩემგან!
პაუზა.
ელენე (თავისთვის): ათას ცხრაას სამოცდათორმეტი… ათას ცხრაას სამოცდათორმეტი წლის ხუთი აგვისტო. შვიდის ნახევარი.
ელენე ნელი ნაბიჯით მიუყვება გზას. თან თითებით რაღაცას ითვლის. ბოლოს გაფშეკილი რჩება ერთ ხელზე ოთხი თითი. ჩერდება და თითებზე იყურება.
(პირველი მოქმედების დასასრული)
მეორე მოქმედება
მარინა (ყვირილით): ვერ ვიტან ამ თოლიებს!!!
ჯემალი (ყვირილით): თოლია სასარგებლო ფრინველია!!! ის ნაგვისგან ასუფთავებს ზღვას!!!
მარინა (ყვირილით): ტელევიზორში თქვეს ხომ?!
ჯემალი: ბრმა კი არ ვარ!!!
მარინა: კი მაგრამ, ხომ შეიძლება იქ ვიცხოვროთ, სადაც ნაგავი არაა?!
ჯემალი (ყვირილით): ნაგავი ყველგანაა!!!
პაუზა
ჯემალი: მე მინდა შენ იყო ბედნიერი, მარინა!!! სხვაგან რა, ბედნიერი იქნებოდი?!
მარინა (ყვირილით): ვიცი მე ეგეთი ადგილი!.. სადაც ცოტა ნაგავია და სადაც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი!!!
ჯემალი (ყვირილით): სად აბა?
მარინა (ყვირილით): თბილისში!
ჯემალი (იცინის): სადა?
მარინა (ყვირილით): თბილისში! თბილისში! დედაქალაქში!