(ავტომობილი იძვრის)

 

ელენე (სივრცეში): ამ 40-გრადუსიან პაპანაქებაში, არაფრისმთქმელი ყბედობით, სრულიად შეუმჩნევლად, პირდაპირ ახალ ცხოვრებაში შევაბიჯე. არანაირი ნიშანი, არცერთი სიტყვა ჩვენს ლაპარაკში არ ყოფილა ისეთი, მერე რომ გამეხსენებინა… არადა, მარინა ხშირად ფიქრობდა ამაზე… დროც საკმარისად ჰქონდა… ორმოც წელიწადზე მეტი. თავისებურ კმაყოფილებას ჰგვრიდა, რომ მაშინ მაინცდამაინც მე მომინდა ზღვაზე გასვლა! მე, ვინც შემდეგ მარტომ გადავიტანე ყველაფერი. დათომ განა რა შეამჩნია, გარდა იმისა, რომ ბანაობისას კინაღამ დავიხრჩვი, ბეწვზე ვეკიდე და მერე რამდენჯერმე უმიზეზოდ ავტირდი…

 

(ავტომობილი მიდის. ისმის თოლიების წივილი.)

 

ელენე (შიშით): დათო, რითი ცხოვრობენ აქ?

დათო (უკმაყოფილოდ): თევზაობით ალბათ! სხვა რითი უნდა იცხოვრონ?!..

ელენე: კიდე?

დათო: რა კიდე?

ელენე: კიდევ რა აქვთ?..

დათო: რა უნდა ქონდეთ? დალევა, ჩხუბი, სექსები!… ელე, იცი რა კარგად ვიქნებოდით ახლა სოხუმში?!

ელენე: დათო!..

დათო: რა ხდება?

ელენე: მეშინია.

დათო: გეშინია?!.. შენ რიღასი გეშინია?

ელენე: ჩვენივე თავის!

დათო (გაკვირვებით): რა ჩვენივე თავის?.. მზემ ხომ არ დაგარტყა, ელ?!

ელენე: ესენი ასეთ წუმპეში ცხოვრობენ… ჩვენ კიდევ პრიალა მანქანიდან ასე უდარდელად ვუყურებთ…

 

ელენე (სივრცეში): კომანში გზა იტოტება. მარცხენა გზას ხიდის გადაღმა გადაყავხარ. მარჯვენა _ ალიფაიასკენ მიდის. ხიდს იქით, მოპირდაპირე ნაპირზე ვიღაც დამჭკნარი დედაბერი იდგა _ წამით მომეჩვენა, რომ მიყურებდა და მისი თვალები, მიუხედავად დიდი დაშორებისა, თითქოს სულ ახლოს იყვნენ… სწორედ აქ გადაუხვია ჩვენმა მანქანამ. აქედან, სამყარო საბედნიეროდ ნელ-ნელა ისევ საკუთარ თავს დაემგავსა. ყურე უკან იხევდა და შავი ზღვიდან სასიამოვნო სიო ქროდა. პლიაჟი კვირადღეს ხალხით იყო სავსე. შეზლონგი წვალებით ვიშოვეთ და ზღვის ტალღებში გადავეშვით. რა სასიამოვნო იყო გრილ წყალში ყოფნა… დათოს უკან მივცურავდი. ვისვენებდი… ვიღიმებოდი… მერე, უცებ… ისევ იმ მოხუცი ქალის სახე დამიდგა თვალწინ!.. როგორ მიყურებდა… გულგრილად? არა, არა მგონია! გაკვირვებით?.. ჰო, გაკვირვებაც იყო, მაგრამ თან ხომ არ მელოდა კიდეც?.. უნდა გამოვლაპარაკებოდი… თავი მაინც დამექნია, ან რაიმე ნიშანი მიმეცა. ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება! დათოს ხელი დავუქნიე. მომეჩვენა, რომ მიხვდა, რასაც ვაპირებდი და ნაპირისკენ გამოვცურე. სწრაფად გადავიცვი და გზას გავუყევი. ფეხით მივდიოდი. კომანში მანქანით დაბრუნება რატომღაც არასწორად ჩავთვალე. მხიარულ გუნებაზე ვიდექი. თითქოს კი არ მივდიოდი, მივფრინავდი. გზაზე არავინ შემხვედრია. როგორც კი ხიდი გადავიარე, გავჩერდი. სახლები ერთი-მეორეზე ღარიბული იყო. შევყოვნდი, ადგილზე დავტრიალდი და ერთ-ერთ ქოხში თამამად შევაბიჯე _ წამით არ დამიშვია, რომ ეს შეიძლებოდა სხვა სახლი ყოფილიყო. თვალები უცებ შევაჩვიე სიბნელეს: სამზარეულოში ვიმყოფებოდი. ღუმელთან ქალი იდგა და ღიმილით მომჩერებოდა. თავიდან მეგონა, რომ ის დედაბერი ვიცანი, ვისაც ვეძებდი, მაგრამ ეს ის ვერაფრით იქნებოდა – ეს ბევრად ახალგაზრდა იყო.

 

ელენე: გამარჯობა-თ!.. მე ერთ ადამიანს ვეძებ…  ერთ მოხუც ქალს! შავებში!

ქალი: მოხუც ქალს?.. (პაუზა) კომანში ბევრია მოხუცი ქალი.

ელენე: არც კი ვიცი, რა ქვია…

ქალი (ამრეზით): …ვითომ არი აქ ვინმე, შენ რომ არ იცნობდე?!

ელენე (პაუზის შემდეგ _ შეშფოთებული ხმით): უკაცრავად… მაგრამ მე აქ მართლა არავინ ვიცი! მანქანით რომ გამოვიარეთ, ხიდთან, მდინარის პირას იდგა და უცნაურად გვიყურებდა…

ქალი: ვინ?!

ელენე: ისე შემომხედა, თითქოს ძალიან კარგად მიცნობდა.

ქალი: რატომღაც, სხვანაირად რომ ყოფილიყო!..

ელენე: კი მაგრამ, საიდან?

ქალი: რა გჭირს, მარინა?!

 

გაღიზიანებული ქალი გამშრალებულ თეფშს სხვა თეფშებზე ხმაურით ახეთქებს. ელენე კრთება.

 

ელენე (შეშინებული ხმით. თან უკან იხევს): ვინ არის მარინა?.. თქვენ ვიღაცაში გეშლებით!

ქალი (უახლოვდება საზარელი ღაღადით): ვინ არის მარინა?! შენ ხარ მარინა _ ჩემი შვილი! თუ უკვე საკუთარ თავსაც ვეღარა ცნობ?! აგერ სარკე! ჩაიხედე! (უთითებს კედლისკენ)

 

ელენე ჩერდება და კედლის პატარა, ჭუჭყიან სარკეში იყურება.

 

ელენე: დიახ. ეს მე ვარ…!

ქალი (მკაცრად): რას ნიშნავს, “დიახ, ეს მე ვარ”, მარინა?!

 

ელენე  უცებ გამკაცრებული უტრიალდება ქალს.

 

ელენე: მომისმინეთ, ქალბატონო!!! ამოვიდა უკვე ყელში!!! მე ელენე გოგოლაძე ვარ. ვცხოვრობ თბილისში!!! ჩემი ქმარი კულტურის სამინისტროში მუშაობს!!! მე დღეს 40 წლის გავხდი! ორმოცის!!! ორი შვილი მყავს!!! თიკო – 20-ის, კოტიკო – 16-ის!!! მე და ჩემი მეუღლე შავიზღვისპეთში ვმოგზაურობთ! აქ არასოდეს ვყოფილვარ!!! ზღვას ვეძებდით! ღმერთო ჩემო, თქვენ მე ნამდვილად არასოდეს მინახიხართ!

 

პაუზა.

 

ქალი (ფრთხილად იყრის დოინჯს): კი მაგრამ, შენ რომ ზუსტად მარინასნაირი ხარ და მისი კაბა გაცვია?..

ელენე: მისი კაბა? (შეშფოთებული იყურება კაბაზე)… ეს კაბა შარშან ნეაპოლში ვიყიდე!

ქალი: და მისი აწყობილი მძივიც რომ გიკეთია?..

ელენე: მისი აწყობილი მძივი? (იცინის). დიდი ბოდიში, მაგრამ ეს მძივი ნეპალიდან ჩამომიტანეს მეგობრებმა!

 

ქალი სკამზე ეშვება.

 

ქალი: რა ბოროტი გოგო ხარ, მარინა! საკუთარ დედასაც კი ვეღარა ცნობ!.. ეჰ, რომ იცოდე, რა ხშირად მტკენ გულს…

ელენე (ისევ შფოთით): ვაიმე!

ქალი: ძალიან, ძალიან ხშირად…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11