(ოთახში)

 

მარინა: რომელი ხარ? (სიჩუმე. მარინა დგება და კარს აღებს) ვინ არის?

ბესლანი (ჩუმად): მე ვარ, ბესლანი.

მარინა (ხმამაღლა): ბესლან?

ბესლანი: ჩუმად, ჩუმად!

მარინა: რა დაგემართა?

ბესლანი: შემომიშვი!

მარინა: აჰ, ბესლან, შვილო, ჩემო სიხარულო!

ბესლანი: დედა!

მარინა: ეს რა გაცვია? ეს რა ფორმაა?

ბესლანი: თავის დროზე ქართული სამხედრო ფორმა იყო. არა, არა, შუქი არ გინდა! ფარდები ჩამოფარებულია? კარებს რომ აღებდი, მომეჩვენა, ქუჩაში ვიღაც იდგა. შეიძლება ქართველები მეძებენ.

მარინა: ვინ გეძებს?

ბესლანი: დეზერტირი ვარ, ოთხი დღეა მოვდივარ.

მარინა: დაჯექი, ბესლან, შეჭამე. აქ ცოტა რაღაც დამრჩა, ჯერ არ გაციებულა!

ბესლანი: იმათ იციან, რომ კომანიდან ვარ.

მარინა: მაშინ სულელურად მოიქეცი, აქ რომ არ მოხვედი.

ბესლანი: ხო, უჭკუოდ მოვიქეცი.

მარინა: სამაგიეროდ, მე ვარ ბედნიერი, ბესლან.

ბესლანი: მე გზა უნდა გავაგრძელო. რაიმე ტანსაცმელი გექნება ჩემთვის!

მარინა: ერთი ხელი შენი ტანსაცმლიდან აქ დარჩა… დიმიტრისიც კარგად გექნება.

ბესლანი: დიმიტრისი?

მარინა: აი, ღია ბარათი მისგან, მართალია სამი კვირის წინ მოვიდა.

ბესლანი (კითხულობს): ~ახლა დიდი ხანი ვეღარ მოგწერ. ისე არაფერი მაკლია, თუ ყველაფერი რიგზე იქნება, მალე შვებულებას მომცემენ.~

მარინა: თუ ყველაფერი კარგად იქნაო, ბესლან!

ბესლანი: ლანა და ინგა როგორ არიან?

მარინა: ოჩამჩირეში არიან, აქ მე ვარ მარტო.

ბესლანი: დედა, მაშინ…

მარინა: ჭამე, ბესლან. არაფრის ახსნა არ არის საჭირო.

ბესლანი: მაშინ… ერთი გოგოსთვის მჭირდებოდა, მაგრამ მაინც არ მეყო.

მარინა: რა სისულელეებს ლაპარაკობ.

ბესლანი: მერე დავჭკვიანდი… დედა… მე ძალიან…

მარინა: დაწყნარდი, ბესლან!

ბესლანი: აი, ხედავ ბეჭედს?.. ჩემს ცოლს ირმა ჰქვია.

მარინა: ირმა.

ბესლანი: აი, მისი სურათი. (სურათს უწვდის. თან ჩანგალს დააგდებს, წამოხტება)

მარინა: რა მოგივიდა?

ბესლანი: რაღაც ხმაა.

მარინა: არაფერია.

ბესლანი: მანქანა. ჯობს ნავში წავალ. მომეცი ტანსაცმელი, დედა. თუ ჩემს საძებნელად არიან, მაშინვე მივხვდები. თუ არა, გადავიცვამ და უკან დავბრუნდები.

მარინა: ჩაგვიარეს.

ბესლანი: იმათ არ იციან რომელ სახლში ვცხოვრობ… ჩუ… გაჩერდნენ… ტფუი!..  მე კი მეგონა გამოძინებას მაინც მოვასწრებდი.

მარინა: ეჭვი არ მეპარება, ახლავე დაბრუნდები, ბესლან.

ბესლანი: ვნახოთ, დედა.

 

ელენე (სივრცის მიღმა): ერთხელ ჩემთან უცნობი ქალი მოვიდა ბავშვით ხელში. ჩემთან დავტოვე! ბესლანის ცოლი აღმოჩნდა, ირმა, თავის პატარა ვაჟთან, ჯემალთან ერთად! თავად ბესლანი ცოცხალი აღარ იყო: პარტიზნად წასულიყო, აფხაზებისკენ გადასულიყო და ბრძოლაში დაღუპულიყო. საფლავების რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. ბესლანის სიკვდილი რომ გავიგე, მალე, დედაც გარდაიცვალა. მამაჩემი ჩემთან გადმოვიდა და ჩვენ კიდევ უფრო დავახლოვდით. ლანას და ინგას იშვიათად ვხედავდი. ნათესავებთან აღარ ცხოვრობდნენ, კომანელები კი მათ არცთუ კარგად ახსენებდნენ. ერთხელ წერილი მოვიდა, მოკლე ცნობით, რომ დიმიტრი სოხუმის აღებისას უკვალოდ გაქრა. მერე გამოაცხადეს რომ ომი დამთავრდა. კაცები, რომლებიც იბრძოდნენ, ბრუნდებოდნენ. ზოგმა ძველებურად მეთევზეობას მიჰყო ხელი, ზოგიც ალიფაიასა და ოჩამჩირეში შოულობდა სამუშაოს. ზოგიერთი კი სულ აღარ დაბრუნდა. მათი სახელები ეკლესიის წინ აღმართულ დაფაზე ეწერა. დიმიტრის სახელიც მათ შორის იყო. მაგრამ, განა მე ეს დაფა მიშველიდა? ლანა ოჩამჩირეში გათხოვდა, დეიდა კლარა რომ გარდაიცვალა, ქმართან ერთად მისი ფარდული ჩაიბარა. ინგა კომანში ბავშვთან ერთად დაბრუნდა. ძალიან ლამაზი იყო და მთელი კომანის კაცები კუდში დასდევდნენ. უბედურება ის იყო, რომ ინგაც არავის ეუბნებოდა უარს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ოჩამჩირეში გადავიდა ქარხანაში სამუშაოდ. პატარა ქალიშვილი კი, რომელიც ჩემს სახელს ატარებს, ჩემთან დატოვა. პატარა სახლი ვერ გვიტევდა ამდენ ხალხს, თანაც ძალიან ღარიბები ვიყავით. ნავები დალპა და უკვე არაფრად გამოდგებოდა. ნაწილები, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, მოვხსენით და გავყიდეთ. ნახევრად წყლით დაფარული ნარჩენები კი ნელ-ნელა ლპებოდა. უკვე ოთხმოც წელს მიღწეული მამაჩემი ცოტა ფულს ბადეების შეკეთებით შოულობდა. ირმა სახლს და ბავშვებს უვლიდა. მე კი კვლავ ჩემს ძველისძველ სამუშაოს ვასრულებდი _ მარილს, ფარფლებსა და თევზის ნაწლავებს შორის განვაგრძობდი არსებობას. ამ საქმის ოსტატი ვიყავი, მაგრამ ჩემი გამომუშავებული ფული მაინც არ იყო ამდენი ხალხისთვის საკმარისი. კვირაობით ინგა, ზოგჯერ კი, ლანა და მისი ქმარიც ჩამოდიოდნენ, და ყველა ერთად რომ შეიყრებოდა, მთელი სახლი სიცილით, ყაყანითა და ბავშვების გნიასით ივსებოდა. ხანდახან ღვინის სმითაც ვიქცევდით თავს. მეც სხვებთან ერთად ვსვამდი და ვიცინოდი, თან კი გამუდმებით ვფიქრობდა ჯემალიზე, რომაზე, ბესლანსა და დიმიტრიზე, _ ჯერ კიდევ ველოდებოდი ჩემს დიმიტრის. დროდადრო ხომ, ისინიც ბრუნდებოდნენ, ვინც კარგა ხანია დაღუპულად ითვლებოდა და ვისი სახელებიც დიმიტრის გვერდით ეწერა მემორიალურ დაფაზე.

 

(ოთახში)

 

მამა: უკვალოდ გაქრა, მარინა, სულაც არ ნიშნავს, რომ დაიღუპა. გაიხსენე ვლადისლავ მირველიას ამბავი.

მარინა: მე მარტო დიმიტრი მახსენდება.

მამა: ალიკაც უკვალოდ დაიკარგა. უკვალოდ დაკარგვა ნიშნავს, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. მირველიაზე მართლა არავინ არაფერი იცოდა და ომი რომ დამთავრდა, მაშინაც არ დაბრუნდა, არც წერილი გამოუგზავნია. ყველამ დაიჯერა, რომ მოკვდა. სინამდვილეში კი საღ-სალამათი ბრძანდებოდა და სამი წლის მერე ცოლითა და სამი შვილით დაბრუნდა გერმანიიდან.

მარინა: რატომ არაფერს იწერებოდა?

მამა: აბა, რა ვიცი? შეიძლება ცოლის მეტი აღარაფერი ანაღვლებდა. ან ფოსტა მუშაობდა გერმანიიდან აფხაზეთში ცუდად.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11