ელენე (სივრცის მიღმა): წლების მერე დიდი სამშვიდობო შერიგება მაინც მოხდა. აფხაზებმა და ქართველებმა ისევ ერთად გადაწყვიტეს ყოფნა და ცხოვრება. ქართველები კოლონებით ბრუნდებოდნენ. გზები გაიხსნა. ცხოვრება ისევ გამოცოცხლდა აფხაზეთში. ომს აღარავინ იხსენებდა, და თუკი იხსენებდა როგორც დიდ ჭირს და სახადს, რომელიც აუცილებლად უნდა მოეხადა ორივე მხარეს. ჩვენი სახლის უკან ერთი ადგილი იყო. იქ ვიდექი ხოლმე და დიმიტრის მოლოდინში გზას გავყურებდი. აქედან კარგად ჩანდა ოჩამჩირედან მომავალი გზა, რომელიც გვერდს უვლიდა კომანს და ჩემი ადგილიდან არცთუ მოშორებით, მარჯვნივ, სწორი კუთხით ალიფაიასკენ უხვევდა. აქედან თავისუფლად შემეძლო მეჭვრიტა გზისა და მთელი ჩემი გავლილი ცხოვრებისათვის. ზუსტად აქ ვიდექი, წყლის პირას, პატარა ბესლანით ხელში, როცა ჯემალი უკანასკნელად გავიდა ზღვაში და თავი დამიქნია დამშვიდობებისას. მარჯვნივ ის ხიდი იყო, რომელზეც რომამ გამთენიისას თავი ჩამოიხრჩო. ოდესღაც აქ ჩემი შვილები, ახლა კი ჩემი შვილიშვილები თამაშობდნენ. აქ გაისმოდა თოლიების ხრინწიანი წივილი, რომელიც ფონივით გასდევდა მთელ ჩემს ცხოვრებას. ერთ კვირადღეს სწორედ აქ ვიდექი, როცა დიდმა, გადახდილმა მანქანამ ჩამიქროლა. სწრაფად მიახლოვდებოდა თავისი რადიო-მუსიკით და ამ ხმაზე, საშინელმა შფოთმა შემიპყრო…
(ისმის მოახლოებული მანქანის ხმაური, რომელშიც რადიომუსიკაა ჩართული)
ელენე: როცა მანქანა გამისწორდა და მისგან წყლის ვიწრო ზოლიღა მყოფდა, შიგნით მჯდომმა ქალმა უცნაურად შემომხედა…
(ხმაური მიწყნარდება. დანარჩენი სივრცის მიღმა)
ელენე: და მე ვიცანი ის… ეს ელენე გოგოლაძემ ჩამიარა _ მე კი რა ხანია დავიწყებული მყავდა. მაგრამ ამ ერთ წუთში ყველაფერი გამახსენდა. ეს მე თვითონ, მთელი ჩემი ცხოვრებით ჩავიქროლე საკუთარი თავის წინ. პატარა ბესლანი ნაპირზე დავსვი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ… მეჩვენებოდა, რომ უნდა გავფრენილიყავი ამ მანქანის კვალზე, თითქოს ყველაფერი მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, დავეწეოდი თუ არა მას. ნაბიჯი გადადგმისთანავე წყალში გადავვარდი და ვიგრძენი, რომ ჩემს ირგვლივ წყალი მატულობდა _ მევსებოდა პირი, ცხვირი, ყურები და თავბრუ მეხვეოდა.
(ღია ცის ქვეშ)
დათო: ელე! ელე, არ მოკვდე!!
ელენე: რა მჭირს…
დათო: ცოტა ხანს იწექი ქვიშაზე, მერე შეზლონგზე გადაგიყვანთ.
ელენე (უაზროდ): ჰო, შეზლონგზე…
დათო: რა სულელურად მოგვივიდა ამ სიცხეში, პირდაპირ წყალში რომ შევვარდით. ელე, გესმის ჩემი?!
ელენე: ვინ ხართ?
დათო: ელე! დათო ვარ… ვერ მცნობ?
ელენე: თბილისი.
დათო: ჰო, საყვარელო!
ელენე: ელენე გოგოლაძე! ახლავე უნდა წავიდე.
დათო: უნდა წახვიდე? სად?
ელენე: კომანში.
დათო: კი, როგორ არა. აბა, სხვაგან სად წახვალ? ჯერ შეზლონგზე. და მერე სასტუმროში. აქ ოთახი უნდა ვიქირავოთ.
ელენე (სივრცის მიღმა): მეორე დღეს კვლავ ელენე გოგოლაძის გონზე მოვედი. ჩაბნელებულ ოთახში ვიწექი. დათო საბანაოდ იყო წასული. ავდექი, ფარდებს შორის გავიხედე. პატარა სასტუმროს კიბესა და სანაპიროსაკენ მიმავალ გზას მზე აცხუნებდა. ჩავიცვი, სწორძირიანი ფეხსაცმელი შევარჩიე, გრძელ გზაზე სიარული რომ არ გამჭირვებოდა, სასტუმროდან გამოვედი და კომანისკენ მიმავალ გზას დავადექი. სიცხის მიუხედავად, სწრაფად მივაბიჯებდი და დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად საათიც კი არ დამჭირვებია. გადავედი თუ არა ხიდზე, დაბალი ქოხის კარი შევაღე და შევედი. ინგა სამზარეულოში, ქურასთან იდგა, მისი პატარა ქალიშვილი მარინა კი იატაკზე თამაშობდა.
(სამზარეულოში)
ელენე: ინგა!
ინგა: რა გნებავთ, ქალბატონო?
ელენე: მე მინდოდა… ინგა!
ინგა: ვინ ბრძანდებით?.. მე თქვენ არ გიცნობთ…
ელენე: შენ მე არ მიცნობ?.. (პაუზა) სამაგიეროდ, მე გიცნობთ თქვენ ყველას. ძალიან კარგად!
ინგა: ვინ ჩვენ ყველას?
ელენე: თითქოს ყველას ხმა მესმის: ლანასი, მარინასი, პატარა ჯემალის…
ინგა: დიახ, დღეს ყველანი აქ არიან.
ელენე: მარინა სადღაა?
ინგა: აგერ, სოფელს აშენებს. თუ ეს ციხე-კოშკი იქნება?
ელენე: არა, მე დიდ მარინას _ დედაშენს ვგულისხმობ.
ინგა: დედაჩემს? იმას საიდანღა იცნობდით?
ელენე: ოოო, ეს ძალიან გრძელი ისტორიაა, ინგა… ძალიან დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ.
ინგა: დიდი ხანია?
ელენე: უკვე ძალიან დიდი ხანია.
ინგა: მარინა დიდ ოთახშია. შედით თუ გნებავთ…
ელენე: მადლობა.
ინგა: ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ალბათ ცოტათი ადრე უნდა მოსულიყავით!
ელენე: ალბათ.
(სივრცის მიღმა)
ელენე: ოთახის კარი გავაღე. ბნელოდა. ძლივს შევაჩვიე თვალი სიბნელეს და ნელ-ნელა გავარჩიე: დაბალ ხის ტახტზე ვიღაც იწვა და გულზე ხელები დაეკრიფა. ჰაერის მოძრაობამ მის ფეხებთან დანთებული ორი სანთელი შეარხია და მე ვიცანი მარინა… თუ ჩემი თავი… გული ყელში მომაწვა და საშინელი სისწრაფით ამიბაგუნდა. სწრაფად შევედი და კარი მივიხურე. ჩვენ უკვე მარტონი ვიყავით. მხოლო ჩვენ ორნი.
მე და ის…
მარინა და მე…
მე და მე…
ორი მე!
(ფარდა)
