ჯემალი მარინასკენ მოდის და გვერდით უჯდება.

 

ჯემალი(ყვირილით): მარინა, მე აფხაზი მეთევზე ვარ და კომანში ვცხოვრობ. ამის შეცვლა არ შემიძლია.

მარინა (ყვირილით): არ შეგიძლია?

ჯემალი: არა!

მარინა (ყვირილით): აბა უბრალოდ მოინდომე!

ჯემალი: რატომ?

მარინა (ყვირილით): უნდა წავიდეთ აქედან, ჯემალი… როგორც სხვები მიდიან!

ჯემალი (ყვირილით): ისინი იმიტომ მიდიან, რომ ცუდად აქვთ საქმე. თან იქ პატრონი ყავთ! ჩვენ კიდევ რა? ცუდად ვართ? თან მე არავის ვიცნობ თბილისში და არავინ არ მყავს მანდ!..

მარინა (ყვირილით): წასვლა მინდა, ჯემალი! მართლა ძალიან რომ მინდა წასვლა?

ჯემალი(ყვირილით): ეგ როგორ?.. სახლი უნდა გავყიდოთ?!

მარინა(ყვირილით): კი მაგრამ, რა დაგრჩენია ამ სოროში?!

ჯემალი: და ნავები?..

მარინა: ნავებიც!!

ჯემალი (ყვირილით): თბილისში რაღა უნდა ვაკეთოთ? მე თევზაობის მეტი არაფერი ვიცი.

მარინა(ყვირილით): ამას იქაც მოახერხებ, ჯემალი! იქ მდინარე მტკვარია! ყველაზე დიდი მდინარე საქართველოში! მტკვარში ბევრი თევზია!

 

ჯემალი ქვიდან დგება და ისევ ანკესებთან მიდის. ასწორებს მათ. გაჰყურებს ზღვას. მერე ცაში იყურება. იქ თვითმფრინვი მიფრინავს.

 

ელენე (სივრცის მიღმა): დღითი-დღე გულს ვუწყალებდი, თავს არ ვანებებდი. ისიც, იმ სევდიანი გულით, ამ ქვეყანაზე ჩემი ბედნიერად დანახვის მეტი სურვილი რომ არ გააჩნდა, ბოლოს და ბოლოს დამნებდა. კარგად ვიცოდი, რომ დამითმობდა – მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ამის გაგონებაც არ უნდოდა. ისე, მართლა, აბა როგორ შეძლებდა ამის გაგებას? კომანში ყველა გოგოს შურდა ჩემი, რადგან  საკუთარი სახლისა და ნავების პატრონმა, სწორედ მე შემირთო ცოლად. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ მთელს სამყაროს თუ წარმოვიდგენდი, ჯემალი ერთი ჩვეულებრივი მათხოვარი იყო. რა საერთო ჰქონდა მას ჩემთან? რა საერთო ჰქონდა ჩემთან კომანს, თავისი უბადრუკი ქოხებითა და ამაზრზენი ყურეთი, რომლის ყურება ზღვასაც კი მავიწყებდა-ხოლმე! მე უკან მინდოდა დამებრუნებინა ცხოვრება, რომელიც მეკუთვნოდა და ისევ საკუთარ თავად ვქცეულიყავი. კომანში ცხოვრებით კი როგორ მივაღწევდი ამას? რადგან ეს ასე ძალიან მინდოდა, ჯემალიც ძუნწობამდე ხელმომჭირნე გახდა. ზღვაზე ერთი ნავით მარტოკა გადიოდა, მეორეთი ჩვენი მუშა თევზაობდა. ხანდახან მეც ვჯდებოდი ნავში. მაგრამ ზანდუკში მანეთების რაოდენობა მაინც ძალიან ნელა მატულობდა. ციმბირში ბამის მშენებლობა გრძელდებოდა. რომა, ჩვენი მუშა, რომელსაც მაშინ მხოლოდ ოცი წელი შეუსრულდა, იქ უნდა წასულიყო. ჯემალი ძალიან ბებერი იყო და ამ მხრივ გაგვიმართლა. ამ დროს კარგი შემოსავალი გვქონდა. მარტო ჯემალი და მე კი არა, მამაჩემი და დედაჩემიც კი გადიოდნენ ზღვაში. შვებულებით ჩამოსული რომაც გვეხმარებოდა. მართალია, აჩადარაში ცხოვრობდა, მაგრამ შვებულებას მაინც კომანში ატარებდა. უკანასკნელად, ბამის მშენებლობის შუაწელი იდგა, რომ ჩამოვიდა. შვებულება ყოველთვის სამკვირიანი ჰქონდა. ჯამაგირს არ ითხოვდა… ისე, ჩვენთვის ირჯებოდა.

 

(სახლში. კარი იღება)

 

რომა (მწარე მეგრული აქცენტით): ქალბატონო! ბატონი ჯემალი არ არის?

მარინა: მოვა მალე. შემო რომა!

 

რომა შემოდის.

 

რომა: მინდოდა დაგმშვიდობებოდით.

მარინა: შენ რა, ხვალ დილით არ მიდიხარ?

რომა: კი, დილაადრიან მივემგზავრები მე.

მარინა: მერე დღესვე რატომ გვემშვიდობები?

რომა: უფრო სწორად, თქვენთან მინდოდა დამშვიდობება, ქალბატონო.

მარინა: ჩემთან?

რომა: ქალბატონო, არასდროს მიკვირდა, რომ არაფერი დამმართნია ბამის მშენებლობაზე, მაგრამ უკვე ძალიან მიკვირს.

მარინა: ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა, რომა!..

რომა: დიდი ხანია ამას ვმალავ, ქალბატონო. რამდენი ხანია აქ ვარ? ექვსი წელიწადი! ხომ შეამჩნიეთ, რომ ყოველ შვებულებას კომანში ვატარებ. რატომ მერე? ჩემი მშობლები ხომ აქედან შორს ცხოვრობენ?

მარინა: ამაზე არასოდეს მიფიქრია, რომა.

რომა: თქვენს გარდა ამაზე ყველას უფიქრია, ქალბატონო. თუნდაც ბატონ ჯემალის. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ხშირად ფიქრობს ამაზე.

მარინა (უმკაცრდება სახე): რომა! გიკრძალავ ასეთ ლაპარაკს!

რომა: მიკრძალავთ? თქვენ ისე სხვაგან ცხოვრობთ, თქვენამდე არაფერი აღწევს, ქალბატონო. სად ცხოვრობთ, ვიცოდე მაინც! გული მაინც არ გაქვთ, ქალბატონო?

მარინა: რომა!!

რომა: მე სხვაზე აღარაფერზე ვფიქრობ, ქალბატონო!

მარინა: მაშინ, იცი რას გთხოვ?

 

პაუზა.

 

მარინა: ნუღარ ჩამოხვალ კომანში!

რომა: სასიკვდილოდ მიმეტებთ, ქალბატონო?

მარინა: სასიკვდილოდ?! წადი იმ შენ სოფელში! მოიყვანე ახალგაზრდა გოგო ცოლად. მე შენზე თხუთმეტი წლით უფროსი ვარ, თანაც სხვაზე გათხოვილი. ასეც რომ არ იყოს, შენ მე არაფრად მარგიხარ. მე აქედან წასვლა მინდა, შენ კი, კიდევ ერთი ჯაჭვი იქნებოდი, კომანს რომ მიმაბამდა. მე კიდევ ეს არ მინდა! არა!

 

ელენე (სივრცის მიღმა): რომამ ჩემი თხოვნა არ შეასრულა. მისგან სხვას არც მოველოდი. ერთი წლის შემდეგ ისევ კომანში დაბრუნდა. სამუშაოდ მამაჩემთან დადგა, რადგან ჯემალიმ აღარ აიყვანა. რა მართალი იყო და რა ფუჭი ეს ყველაფერი.

 

(ოთახში)

 

ჯემალი: არ გიხარია?

მარინა: რამდენი წელია ამას ველოდი და წესით ძალიან უნდა გამხარებოდა, არა?

ჯემალი: მაგრამ ახლა კომანში დარჩენა უფრო გირჩევნია.

მარინა: შევეჩვიე აქაურობას, ჯემალ! ახლა ვხვდები, რომ დიდი შეცდომა იქნება აქედან წასვლა. მით უმეტეს ახლა, როცა ფულიც საკმარისი გვაქვს. შენ ხომ გინდოდა აქ დარჩენა – ჰოდა, მოდი დავრჩეთ.

ჯემალი: მე რომ უკვე ძალიან მინდა წასვლა?

მარინა: შეენ?!

ჯემალი: ჰო, მართლა ძალიან მინდა წასვლა. უკვე ყველაფერი მოვიფიქრე. ალიფაიას სოფსაბჭოდან დავარეკინე ივანიჩს და ოთახს გამოგვიყოფენ საერთო საცხოვრებელში!

მარინა: რაღა აქ და რაღა თბილისში…

ჯემალი: ამას შენ მეუბნები?!

მარინა: მე არ შემიძლია წამოსვლა, ჯემალი.

ჯემალი: რატომ?

მარინა: ორსულად ვარ…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11