პაუზა

 

ელენე: სანამ გიპასუხებდე, მეც მინდა რაღაც გკითხო…

ჯემალი: მკითხე.

ელენე: მამაჩემს რამდენი აქვს შენი ვალი?

ჯემალი: ეგ შენს პასუხზე იქნება დამოკიდებული.

ელენე: მამაჩემს უკეთესი ნავი ჭირდება!

ჯემალი: უკეთესი ნავი?

ელენე: შენ ხომ სამი ნავი გყავს? სამი კარგი ნავი.

ჯემალი: კი… სამი!

ელენე: მერე ორი რა, არ გეყოფა?

ჯემალი: მერე შენც რომ ორი გეყოლება?

ელენე: ეგ არაფერი!

ჯემალი: დღეს შენ მართლა რაღაც სხვანაირი ხარ, მარინა! თითქოს შენ ის მარინა არ ხარ, მე ვისაც ვიცნობ!

ელენე (ვნებიანი ხმით): იქნებ, ამის გამო აღარც გინდივარ?

ჯემალი: არა! ახლა უფრო მინდიხარ, ვიდრე ადრე!

ელენე: კი მაგრამ, რა ჯანდაბად გჭირდები?! მე ხომ ყველა დამცინის?

ჯემალი: იმიტომ რომ ლამაზი ხარ და ნამდვილი! ხომ გახსოვს, ჩემი ცოლი უშვილო იყო. რაც მოკვდა, სულ მარტო ვარ. ვიფიქრე, შენ შეძლებდი ერთდროულად ჩემი ცოლიც და შვილიც ყოფილიყავი…

ელენე (დამცინავად): ძალიან მეცოდები ჯემალ ჭვიშბა!

ჯემალი: მე კიდევ, შენ _ მარინა! დღეს მართლა ძალიან სხვანაირი ხარ!

ელენე: იქნებ აღარცაა საჭირო პასუხის გაცემა?

ჯემალი: მითხარი. ერთხელ მაინც რომ გავიგონო…

ელენე: ნავებზე ნუღარ იდარდებ!

ჯემალი: არც ვდარდობ! წაიყვანოს მამაშენმა, რომელიც უნდა! როგორ შევცდი მარინა, შენში… შენ ჩვენზე, ყველაზე ჭკვიანი ყოფილხარ!

ელენე: არ დაიჯერო! ხვალ დილას შეიძლება აღმ1ოაჩინო, რომ ეს ჭკუა ისევ სულ დავკარგე!

ჯემალი: ახლაც არ გინდა რომ მიპასუხო?

 

ელენე ფეხზე დგება. ფეხზე იმართება ჯემალიც.

 

ელენე: თანახმა ვარ!.. და ჩემი პასუხი სხვას არაფერს ნიშნავს!

ჯემალი (გაოცებული): მართლა თანახმა ხარ, მარინა?

ელენე: კი, ჯემალი, კი!!

ჯემალი (აცრემლებული): როგორი ბედნიერი ვარ! მაგრამ შენ? შენ თუ ხარ ბედნიერი? ეს უნდა ვიცოდე!

ელენე: მეე? (პაუზა) მე ახლა უნდა წავიდე… წავალ და საღამოს დავბრუნდები.

ჯემალი: სად მიდიხარ?

ელენე: ზღვისკენ უნდა გავისეირნო.

ჯემალი: მე წაგიყვან ნავით!.. თუ გინდა ცხენს შევაბამ!..

ელენე: არა! მირჩევნია მარტო წავიდე. ფეხით!

ჯემალი: შენ როგორც გინდა, მარინა…

 

ელენე კარისკენ მიდის.

 

ჯემალი: ჩვენ ხომ უკვე დანიშნულები ვართ, მარინა?

ელენე: მერე?

ჯემალი: ერთხელ არ მაკოცნინებ?

ელენე (ამრეზით): დღეს არა რა, ჯემალი. ჯერ არა! მერე იყოს…

 

ელენე ქოხიდან სწრაფად გამოდის და გზას უკან, ხიდისკენ მიუყვება. სულ უფრო უჩქარებს ნაბიჯს. გადის სოფელს. გადადის მდინარის ხიდს. მიემართება პლიაჟისკენ. იქ არც მანქანა და არც დათო არ ჩანან. მარინა შერბის ცარიელ პლიაჟზე. იყურება აქეთიქით. მირბის ზღვასთან. ტალღები ფეხებზე დაურბიან.

იჩრდილავს შუბლს ზღვის სიღრისკენ.

 

ელენე (უყვირის ზღვას): დათოოოოოოოოო!!!

 

თითქოს პასუხად მძლავრდება თოლიების წივილი და ზღვის მიმოქცევის ხმა.

ელენე შფოთავს. ტრიალდება. დარბის. ეძებს მანქანას. არ ისვენებს. აწყდება ერთი ადგილიდან მეორეს.

 

ელენე (წივის): დათოოოოოოოოოოოოოო!!!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11