–შორს წამოსულხარ. – უთხრა ერთმა, – ახლოს არაა.

–გამოცდაზე მაგვიანდება.

–ადრე უნდა ადგე.

–ადრე ავდექი, მაგრამ… გრძელი ამბავია.

–წამოდი, კაცო, ლაქლაქის დროა?! – დაუძახა მეხანძრეს მეორე მეხანძრემ.

–იქით მივდივართ, გაგიყოლებთ! – შეეცოდა მეხანძრეს მამაჩემი და, სანამ რამეს იტყოდა, მკლავში წაავლო ხელი და კაბინაში, მძღოლის გვერდით დასვა, უნივერსიტეტთან ჩამოსვიო, უთხრა მძღოლს და თვითონ უკანა განყოფილებაში აძვრა. წინა ფურგონი ისე შორს იყო, რომ აღარც ჩანდა, მხოლოდ სირენის ხმა ისმოდა. მძღოლმა სირენა ჩართო და ფურგონი შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიძრა. დასვენებულმა ფეხებმა მამაჩემს ისევ წიწკნა დაუწყო, ყურადრების გადასატანად კარის სახელურს უჭერდა ხელს, თან კაბინის თავზე ჩამოკიდებულ, იმპერატორის მინიატურულ ქანდაკებას ათვალიერებდა, რომელიც ჩამომხრჩვალივით ქანაობდა.

–რა იწვის?! – ჰკითხმა მამაჩემმა მძღოლს.

–ფრანგული ვარიეტე.

ფურგონი, აყრილქვაფენილიანი პატარა ქუჩით სანაპიროზე გავიდა და ზევითკენ აუყვა გზას. მამაჩემს, როცა იმპორტული ღვინის მაღაზიიდან ვიწრო ქუჩისკენ გადაუხვია, რატომღაც არც გახსენებია, რომ უნივერსიტეტის ქუჩა მდინარის გადაღმა იყო და საკუთარ თავზე გაბრაზდა, შეცდომა იმდენად ელემენტარული იყო, წამით საკუთარ გონებრივ მდგრადობაში ეჭვიც კი შეეპარა.

ფურგონი ხიდზე გადავიდა და მეორე სანაპიროს ისევ უკან აუყვა. უკვე თორმეტი იყო დაწყებული და გამოცდაზე მისვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან კარისკაცს შენობაში რომც შეეშვა, ლექტორი აუდიტორიაში არ შეუშვებდა. მაგრამ სახლში წასვლას ისევ უნივერსიტეტში წასვლა ჯობდა, ნათლიაჩემს მაინც ნახავდა და რამეს მოიფიქრებდნენ. ფურგონმა სანაპიროდან ადმირალ კრიხელის ქუჩისკენ აუხვია და უნივერსიტეტის ქუჩაზე გავიდა.

–აქ გამიჩერეთ. – თქვა მამაჩემმა.

მძღოლმა ფურგონი გააჩერა.

მარცხნივ, ზევით, კვამლი ამოდიოდა. ეტლები და მსუბუქი ავტოები გზას მორჩილად უთმობდნენ იქითკენ მიმავალ სახანძრო ფურგონებს.

მამაჩემმა სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტის ეზო გაიარა, ყავისფრად შეღებილ უშველებელ კარს მიადგა და არწივის ორთავიანი დასაკაკუნებელი რგოლით დააკაკუნა. ცოტა ხანში კარი ჭრიალით გაიღო. უნიფორმიან კარისკაცს გარეთ, ჯიხურში ნაყიდი საუკეთესო პაპიროსი „ინფანტას სუნთქვა“ აჩუქა და მესამე სართულზე, ლურჯ აუდიტორიაში, ნათლიაჩემთან ააგზავნა. თვითონ კი შლამით და ნაგვით სავსე დამშრალ შადრევანს შემოუარა, საქვაბეს უკან, გალავანზე აძვრა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოს გახედა, რომელსაც უნივერსიტეტის ეზოსგან მაღალი და სქელი კედელი ჰყოფდა. აქედან მხოლოდ მეორე სართული ჩანდა, სუროშემოვლებული კედლები და დაგმანული ფანჯრები პირქუშად გამოიყურებოდნენ. მამაჩემი ძირს ჩახტა და მაღალ გალავანს გაუყვა. ყოველთვის აინტერესებდა, რა ხდებოდა გალავანს მიღმა. უნივერსიტეტის შენობას აქეთ მხარეს ფანჯრები არ ჰქონდა. უფრო სწორად, ადრე ჰქონია, მაგრამ როცა ფსიქიატრიული საავადმყოფო აქ გადმოიტანეს, ფანჯრები ამოუშენებიათ, ნაფანჯრალები აუდიტორიების კედლებს ბზარებად აჩნდა.

მამაჩემი მემორიალთან მივიდა და სკამზე ჩამოჯდა. მარმარილოს მემორიალური ქანდაკება აშვერილ დანაზე ჰორიზონტალურად მიკრულ, თხელ, არაბუნებრივად გრძელ და ჩამომჭკნარ ხელის მტევანს წარმოადგენდა. ეს ადგილიც ადრე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზო იყო. ფსიქიატრიულში მაშინ საკულტო პოეტი მონტე ირელი იძულების წესით მკურნალობდა. ერთ დღესაც, მისი თხოვნით, მისმა პოეტმა მეგობარმა გალავანი გამოტეხა და დანა შეაწოდა, რითიც მონტე ირელმა ამ ადგილას მაჯები გადაიჭრა და გარდაიცვალა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ ახალმა მთავრობამ მონტე ირელი ლამის გმირად შერაცხა, როგორც წინა მთავრობის მოწინააღმდეგე და მსხვერპლი. თვითმკვლელობის ადგილას პატარა სკვერი გააკეთეს, მემორიალური ქანდაკებაც აღმართეს და გალავანს გარეთ დატოვეს, რომ მომსვლელებს დაეთვალიერებინათ, საავადმყოფოს კი ახალი, უფრო სქელი და მაღალი გალავანი შემოავლეს ყოველი შემთხვევისთვის.

მამაჩემმა ფეხსაცმელები გაიხადა და ოდნავი შვება იგრძნო, სისხლს სახვევებიდან და წინდებიდან გამოეჟონა. კარგა ხანს იჯდა, წინა ღამით გამოუძინებელს ჩასთვლიმა და უცნაური სიზმარი ნახა: ერთოთახიანი ქოხი ჰაერში დამრეცად იყო დაკიდული, იქით მხარეს, საითაც დახრილი იყო, ქოხს კედელი არ ჰქონდა. დედაჩემი სადილს ამზადებდა, მე რამდენიმე თვის ვიყავი და იატაკზე დავხოხავდი. მამაჩემი ღია კედლის მხარეს იატაკს ჩაბღაუჭებული იწვა, დროდადრო უძირო უფრსკულში იყურებოდა და შიშისგან მთელი სხეულით კანკალებდა, რომ არ ჩავცვენილიყავით. უცებ გრიგალი ამოვარდა და ქოხმა ქანაობა დაიწყო, მე და დედაჩემი დავგორდით, მამაჩემმა ცალი ხელით ორივე დაგვიჭირა, ცალი ხელის ფრჩხილებით კი იატაკის ღრიჭოს ეჭიდებოდა, ქოხი უფრო და უფრო ირწეოდა, მამაჩემს ფრჩხილები დაუსისხლიანდა, ბოლოს კი, როცა ქოხი ძალიან გაქანდა, მამაჩემმა იგრძნო, როგორ აძვრა ერთდროულად ხუთივე ფრჩხილი და სამივენი სულის შემხუთველი სიმაღლიდან ჩავცვივდით. მამაჩემი სკამიდან გველნაკბენივით წამოხტა.

–დაწყნარდი, რა გჭირს, მე ვარ! – წინ ნათლიაჩემი იდგა. – ძილისთვის კარგი ადგილი შეგირჩევია. სად იყავი?!

–დამაცადე გამოვფხიზლდე. – უთხრა მამაჩემმა და ფეხი ფეხსაცმელში ჩაყო.

წიგნები უნდა ეპოვნათ, რადგან ბიბლიოთეკის საკუთრება იყო და დაუბრუნებლობის შემთხვევაში მამაჩემს ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

ტრამვაის პარკის კარისკაცმა თქვა, რომ არანაირი კატასრტროფა არ მომხდარა და, შესაბამისად, ტრამვაი იქ არ მიუყვანიათ. თვრამეტი ნომერი ყველა ტრამვაი ხაზზე იყო გასული.

–როგორ არ მომხდარა, იქ ვიყავი, ეტლს დაეჯახა. იქნებ სხვაგან გადაამოწმოთ.

კარისკაცმა სადისპესტჩეროში დარეკა, მაგრამ იქაც იგივე თქვეს.

–შეიძლება გადარჩა ბიჭი და ხმაური ამიტომაც არ გამოიწვია ამ ამბავმა. – ივარაუდა ნათლიაჩემმა, როცა იქიდან წამოვიდნენ.

–გამორიცხულია, ჯერ ერთი, ის ბავშვი ვერ გადარჩებოდა და, რომ გადარჩენილიყო, ამათ მაინც ეცოდინებოდათ. დასამალი რა არი?!

შეჯახების ადგილზეც ქვაფენილს არანაირი კვალი არ ეტყობოდა, არც ეტლის ნამსხვრევები ეყარა და არც სისხლი ჩანდა სადმე. რომც მოერეცხათ, ასე უცებ ვერ გაშრებოდა, რადგან ირგვლივ სამსართულიანი სახლები და მაღალი ხეები იდგა და იმ ადგილს მზე არ ადგებოდა.

–მსგავსი არაფერი. – მეორე სართულის აივნიდან გადმოსძახა კაცმა.

–როგორ თუ არაფერი, დილითაც მანდ იდექით, სადაც დგახართ, პაპიროსს ეწეოდით. – არ ცხრებოდა მამაჩემი. – აი, აქ იწვა გასისხლიანებული ბავშვი, ეტლი კი იქ ეგდო, ქვეშ მეეტლე იყო მოყოლილი.

–რამე რომ მომხდარიყო, აუცილებლად გავიგებდი, დილიდან სახლში ვარ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10