ტრამვაი უკვე დაღმართში მიდიოდა. მამაჩემი ამაოდ ცდილობდა გუშინ და წუხელ სახელდახელოდ შეძენილი ცოდნიდან რამე მაინც გაეხსენებინა, მერე წიგნებს და რვეულს შლიდა და ალაგ-ალაგ უაზროდ აშტერდებოდა.

უცებ შეჯახების ხმა გაისმა. ტრამვაი ისე სწრაფად გაჩერდა, რომ მგზავრები წინა სკამების საზურგეებს მიენარცხნენ. სანამ მამაჩემი სკამიდან ჩამოვარდნილ მოხუცს ადგომაში ეხმარებოდა, გარეთ კივილი და ჩოჩქოლი ატყდა. მამაჩემი როცა ჩავიდა, მხოლოდ ვატმანის ყვირილი ისმოდა, რომელსაც კონდუქტორი ამშვიდებდა.

–ხომ დაინახეთ, ხომ დაინახეთ, ხალხო, თვითონ შემომივარდა. ჩემი გზა იყო, აქ როგორ შეიძლებოდა გადასწრება, ხომ დაინახეთ…

მამაჩემი ხალხში შევიდა. დაღმართში დაფეთებული ცხენი მირბოდა, აღვირი და ეტლის ხელნები ზედ ჰქონდა შერჩენილი, ფეხი უსხლტებოდა, ეცემოდა, მაგრამ სწრაფადვე დგებოდა და თავაწყვეტილი გარბოდა. ტრამვაის ცხვირიდან ცოტა მოშორებით ცალბორბალმომძვრალი, ლამის დაშლილი ეტლი ეგდო. რამდენიმე კაცი ეტლის აწევას ცდილობდა, რომ ქვეშ მოყოლილი მეეტლე გამოეყვანათ. მეეტლეს მოსასხამის კალთა თავზე გადაფარებოდა, მხოლოდ ცალი ხელი ჰქონდა გამოყოფილი, ქვაფენილის ამოშვერილ ქვას ფხოჭნიდა და რაღაცას ლუღლუღებდა.

–ხომ დაინახეთ… მე რა შუაში ვარ… რა შუაში… – ისევ მოსთქვამდა ვატმანი. მამაჩემმა მხოლოდ ახლაღა დაინახა ეტლიდან მოშორებით, მარჯვენა მხარეს, სკოლის უნიფორმიანი, სისხლში მოთხვრილი პატარა ბიჭი, რომელიც ისეთ უცნაურ პოზაში იწვა, რომ აშკარად მკვდარი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე ქალი დასტრიალებდა, მაგრამ ხელის მოკიდებას ვერ ბედავდნენ. ბიჭის თავიდან გადმოსული სისხლი, ქვაფენილის ღარებით, ისე შორს ჩასულიყო ქვევით, რომ გაოგნებულ მამაჩემს გაუკვირდა კიდეც.

–ბანკის მმართველის შვილია, გოგოც ჰყავს. კიდევ კარგი, ისიც არ იჯდა. საწყალი ბავშვი…

–ერთი ავტო რით ვერ იყიდა… მაგას მაინც არ უჭირს…

–ერთ კი არა, ორიც კი ჰყავს…

–პოლიცია სადაა… ექიმი სადაა… იქნებ ეშველოს…

–საცოდავი დედამისი…

–მამა არაა საცოდავი?!

–ჩემი ძმისშვილის ამხანაგი იყო…

–ალბათ ჩაეძინა მეეტლეს…

–კი, კი, ნამდვილად ეძინა, მე დავინახე…

–ლოთია ეგ, ამას როგორ უნდა ანდო ბავშვი…

–ასე არ უნდა შეუვარდე ამხელა რკინას, დალოცვილო…

–გადაასწრებდა, მარა ფეხი დაუცდა ცხენს. მოასწრო წამოდგომა და ტრამვაი პირდაპირ ეტლს შეეჯახა…

–ნალები ჰქონდა ალბათ გაცვეთილი…

მამაჩემი ხალხს გაეცალა და სწრაფი ნაბიჯით ზევითკენ აუყვა ქუჩას. ღვინის მაღაზიასთან მიხვდა, რომ უნივერსიტეტი ქვევით იყო და სხვა გზით მიდიოდა. ისევ იმ ადგილას ჩავლა არ უნდოდა, ამიტომ ვიწრო ქუჩისკენ გადაუხვია. ამ ადგილებს ნაკლებად იცნობდა, მაგრამ ივარაუდა, რომ ეს ქუჩა მთავარ ქუჩაზე გავიდოდა, იქიდან კი ადვილად მიაგნებდა უნივერსიტეტს. მოსახვევთან ავტო შემოხვდა. ქუჩა ძალიან ვიწრო იყო და მამაჩემმა სადარბაზოს დაუწყო ძებნა, რომ შიგნით შესულიყო, თუმცა ქუჩის ამ მხარეს არცერთ სახლს არ ჰქონდა შესასვლელი, მერე უკან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ შორი გზა უნდა გაევლო, ამიტომ ხელები კუდუსუნზე შემოიწყო, რომ უნიფორმა არ დასვროდა, და სველ, ნესტიან ბათქაშს აეკრა. შავად მბზინავმა ავტომ ნელა ჩაუარა. საჭესთან სახეშეღებილი კლოუნი იჯდა, გვერდით სკამზე მანეკენი ეჯდა, წითურთმიანი და შუშისთვალებიანი, ვარდისფერი საზაფხულო კაბიდან პლასტმასის მკერდი მოუჩანდა. მამაჩემს ასეთი მანეკენები ტანსაცმლის ატელიეში ჰყავდა ნანახი, სადაც, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საცოლეს გაჰყვა რამდენჯერმე. უკანა სავარძელი, ჭერის ტენტამდე, ჭუჭყიანი ბამბით იყო გამოტენილი. ავტოს ღია მისაბმელიც მოჰყვებოდა, რომელზეც წინა დიდბორბლიანი ველოსიპედები და ცალბორბლიანი უნიციკლები ეწყო, მისაბმელზე კი ფაფარ და ძუადაწნული თეთრი ცხენი იყო მიბმული. ამ უცნაურმა შემადგენლობამ რომ ჩაიარა, მამაჩემი კედელს მოშორდა, ჭუჭყიანი ხელები გაიფერთხა და ახლაღა მიხვდა, რომ წიგნი და რვეულები ტრამვაიში დარჩა, მაგრამ იქ დამბრუნებელი არ იყო.

ჯიბიდან საათი ამოიღო, თერთმეტს ოცი წუთი აკლდა. ნაბიჯს აუჩქარა. მოსახვევის მერე გზა ფართოვდებოდა, ტროტუარებიც ჰქონდა და ამწვანებული ხეების მწკრივებიც მიუყვებოდა. რამდენიმე წუთში მამაჩემი სირბილზე გადავიდა. უხვევდა ქუჩიდან ქუჩაზე, ჩიხიდან ჩიხში, მაგრამ მთავარ ქუჩას ვერაფრით მიაგნო. ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო, რომ ვინმესთვის გზა ეკითხა. შედარებით კეთილმოწყობილ და, შესაბამისად, იმედისმომცემ ქუჩაზე გავიდა. სამსართულიან, მოჩუქურთმებულ სახლს გასცდა თუ არა, პარკი დაინახა, მაგრამ შიგნით მხოლოდ რამდენიმე უპატრონო ძაღლი უღრენდა ერთმანეთს. თერთმეტს უკვე ათი წუთი აკლდა, თუმცა მამაჩემი იმედს მაინც არ კარგავდა. მოსახვევთან მოხუცი ქალი გამოჩნდა, მამაჩემი მისკენ გაიქცა.

–ბებო, უნივერსიტეტის ქუჩაზე როგორ მოვხვდები?!

ქალს მისთვის არც შეუხედავს, გვერდით ჩაუარა.

–ბებო, ძალიან მეჩქარება!

ქალი უცებ გაჩერდა, პროდუქტების ბადე ასწია და შიგნით ქექვა დაიწყო, ქვევიდან პურის ნატეხი ამოიღო და პარკიდან უკვე გარეთ გამოსულ ძაღლებს გადაუგდო. ძაღლები ახლა პურის გამო დაერივნენ ერთმანეთს. დედაბერმა ბადე მკლავზე ჩამოიკიდა და ტაში შემოკვრა, თან უხმო, ამაზრზენი სიცილით იცინოდა, დროდადრო ძაღლების დასისხლიანებული სახისკენ და დაგლეჯილი ტყავისკენ აღფრთოვანებული იშვერდა თითს.

მამაჩემმა დასერილი ფეხის წიწკნა იგრძნო, მიტრიალდა და გზა სწრაფად გააგრძელა. შორს ორი სახანძრო ფურგონი იდგა, ნაბიჯს აუჩქარა. ფურგონში მეხანძრეები სხდებოდნენ.

–ბოდიში, უკაცრავად! – შორიდან დაუძახა მამაჩემმა, – უნივერსიტეტის ქუჩა… ახლოსაა?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10