ვაგონებთან შეყრილი ხალხი მოთმინებადაკარგული ელოდა მატარებლის დაძვრას, ბავშვები ყვავილებისგან დაწნული გვირგვინებით დარბოდნენ. ერთხანს ცა ძალიან ჩამუქდა და წვიმის რამდენიმე წვეთიც ჩამოვარდა, მაგრამ მალევე შეწყდა, წვიმის შიშით ვაგონებში ასული მგზავრები ისევ უკან ჩამოვიდნენ. დასავლეთით, შეთხელებული ღრუბლებიდან, შუქი ჯერ სამკუთხად, ბაგირებივით ჩამოეშვა, მერე მზემაც გამოანათა და ცოტა ხანში თოვლშერჩენილ მწვერვალებს შორის ჩავიდა.

ბნელოდა, როცა პირველი საყვირის ხმა გაისმა, მესამე საყვირის შემდეგ მატარებელი დაიძრა. კუპეში რომ შევიდნენ, არც ჭაღარაწვერიანი კაცი ჩანდა სადმე და არც მისი ტომარა, იფიქრეს დაბრუნდებაო, მაგრამ არ გამოჩნდა.

– ეტყობა ძალიან გავაბრაზეთ. – თქვა სიცილით კაცმა.

– მხატვრობაზე საუბრით ყური გამოვუჭედეთ და ლამის თუთუნის მოწევაც დავუშალეთ. – გაიცინა მამაჩემმაც.

– საშინელი თუთუნის მოწევა, ეს ნუ დაგვავიწყდება. – კაცმა ვაგონ-რესტორნიდან მოტანილი რძე ჯამში დაასხა და ძირს დადგა, მაგიდის ქვეშ შემძვრალი ლეკვი მაშინვე ჯამთან მივიდა, ამოანახევრა და მაგიდის ფეხთან დაწვა.

ცოტა ხანში კარზე დააკაკუნეს. კაცმა ჩარჩენილი რძე ფანჯრიდან გადაასხა, ჯამი და ქილა პიჯაკის ქვეშ შეჩურთა, ლეკვი ჩანთაში ჩასვა და მერე ანიშნა მამაჩემს გააღეო. კარში გამცილებლის ნაცვლად ნასვამი ახალგზარდა იდგა:

– ბოდიშს გიხდით, ერთი ღერი პაპიროსი ხომ არ გაქვთ?!

მამაჩემმა კაცს მოხედა, კაცმა უარის ნიშნად ხელი გაიქნია და ფანჯარაში გაიხედა, საიდანაც სიბნელის მეტი არაფერი ჩანდა. ნასვამმა ახალგაზრდამ კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში და ტამბურისკენ წავიდა, მამაჩემმა თვალი გააყოლა. ახალგაზრდა კართან ცოტა ხნით გაჩერდა, მარცხენა ხელისგულით ვაგონის კედელს მიეყრდნო, თავი ჩაღუნა და თითქოს გამობრუნება გადაწყვიტა, მაგრამ გადაიფიქრა, კარი გააღო და მეზობელ ვაგონში გადავიდა.

კაცს ლეკვი ისევ უკან ამოეყვანა, ხელში კი პორტსიგარი ეჭირა:

– ხომ არ გამიბრაზდებით ფანჯარასთან რომ მოვწიო?!

– თქვენი ნებაა!

მაგიდის წინ გადახრილი იდგა, ცალი ხელი ზედა საწოლისთვის ჩაეჭიდა და გამაღიზიანებელი აზარტით ცდილობდა ამონასუნთქი კვამლი ღია ფანჯრისთვის მოეხვედრებინა. მერე ნახევრამდე ჩამწვარი პაპიროსი ფანჯრიდან მოისროლა, ნამწვი ფანჯრის გარეთა ჩარჩოს მოხვდა და სიბნელეში ნაპერწკლებად გაიფანტა. კაცმა პორტსიგარი ისევ გახსნა და პაპიროსის ღერები გადათვალა.

– ორ დღეს კიდევ მეყოფა. – თქვა და თავის ლოგინზე დაჯდა. – ხო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა. – ისევ ადგა და ჩემოდნიდან შავ მუშამბაზე შესრულებული ზამთრის მომცრო პეიზაჟები ამოალაგა.

– ამოირჩიეთ და ჩემგან სამახსოვროდ გქონდეთ.

– სიამოვნებით! – თქვა მამაჩემმა, თუმცა ამოსარჩევი თითქმის არაფერი იყო, ყველა სურათი ერთმანეთს ჰგავდა და თოვლიანი ქუჩები, ტბის პირას მდგარი სახლები, ორღობეები და თოვლით დამძიმებულ ხეებს შორის მიმავალი ნაკადულები ჩანდა. მამაჩემმა ყველა სურათი მოჩვენებითი ინტერესით დაათვალიერა და ერთი ამოარჩია. კაცმა ნახატები უკან ჩაალაგა, დაჯდა და ისევ თავისი ბლოკნოტის თვალიერება დაიწყო. მამაჩემმა ჯერ ბლოკნოტს შეხედა, მერე კი წამოწვა და ზევითა ლოგინს დაუწყო ყურება. დროდადრო კაცისკენ აპარებდა მზერას, მაგრამ მის სახეზე არაფერი იკითხებოდა.

მამაჩემი რეპროდუქტორის ხმამ გამოაღვიძა, რომელიც შემდეგი სადგურის დასახელებას იუწყებოდა, კაცს ეძინა, ლეკვი მაგიდის ქვეშ იწვა და ნახევრადღია თვალებით იყურებოდა. ცოტა ხანში მატარებელი გაჩერდა, ფანჯრიდან ცარიელი ბაქანი და სადგურის პატარა, მკრთალი შუქით განათებული, ბათქაშჩამოცვენილი შენობა ჩანდა. მამაჩემმა ისევ სცადა დაძინება, მაგრამ ვერაფრით დაიძინა, კაცს კი ისევ ღრმა ძილით ეძინა და მთელი გზა გვერდიც კი არ შეუცვლია.

თერთმეტის ნახევარი იყო, როცა რეპროდუქტორი კიდევ ერთხელ ახმაურდა, კაცი შეიშმუშნა და გვერდი იცვალა. მამაჩემმა ლოგინიდან თავისი ჩემოდანი ამოიღო და ნახატი შიგნით ჩადო, გრაფინიდან წყალი დაისხა, რამდენიმე ყლუპი მოსვა და მხოლოდ მერე დაინახა ჭიქაში მოტივტივე ფერფლი, ლამის გული აერია. ცოტა ხანს კაცს უყურებდა, მატარებელმა სვლა რომ შეანელა, წასასვლელად მოემზადა. კარი გამოაღო და შეჩერდა, კაცს ისევ ეძინა. მერე გამობრუნდა, ლეკვი აიყვანა და დერეფანში გავიდა. წინ შუახნის კაცი და მოხუცი ქალი მიდიოდნენ.

– ეს ძაღლი კუპეში გყავდათ?! – ჰკითხა ვაგონის კართან მდგარმა გამცილებელმა.

– ძაღლი კი არა, ლეკვია.

– რა მნიშვნელობა აქვს, ეს სამგზავრო მატარებელია, ზოოპარკი ხომ არ არის. რომ მცოდნოდა, ძაღლიანად ჩაგაბრძანებდით. რა ხალხია. – სადღაც უკან მიწყდა გამციმლებლის ხმა. მოზრდილი ბაქანი რამდენიმე ლამპიონით კარგად იყო განათებული. ჯერ ერთმა, მაღალმა მებარგულმა ურიკით ჩაუქროლა მამაჩემს და ლამის დაეჯახა, მას მეორე – დაბალი და კოჭლი – ყვირილით მიჰყვა. მომდევნო ვაგონიდან ჩამოსულ ბევრჩემოდნიან წყვილთან წინგაჭრილი მაღალი პირველი მივიდა და ურიკაზე ჩემოდნების დალაგებაც ისე დაიწყო, რომ პატრონებისთვის არაფერი უკითხავს. დაბალმა, რომელიც რაღაცას ლუღლუღებდა და სასაცილოდ მირბოდა, მაღალის ურიკას სწორედ მაშინ დააჯახა თავისი ურიკა, როცა ეს უკანასკნელი დაწყობილ ჩემოდნებს ღვედით კრავდა. ურიკა გადაბრუნდა, ხელნებს შორის მდგარ მაღალ მებარგულს ცალი ხელნა ბეჭზე მოხვდა და წააქცია, ორი ჩემოდანი კი ბაქნიდან რელსებში ჩავარდა. მაღალს, სანამ წამოდგებოდა, დაბალი ზედ დააჯდა და საიდანღაც მოხელთებული პატარა ჯოხი სახეში დაუშინა, გასისხლიანებულმა მაღალმა ჯოხი წაართვა და ახლა თვითონ დააჯდა ზევიდან, მაგრამ სახეში არ დაურტყამს, მხრებზე ურტყამა. სადგურის მორიგე პოლიციელი ამაოდ ცდილობდა მათ გაშველებას.

– მამა-შვილი არიან, ასე კლავენ ყოველდღე ერთმანეთს! – ამბობდა ღია კართან მდგარი უნიფორმიანი ქალი და პაპიროსს ეწეოდა.

მამაჩემი სადგურიდან გავიდა, ქუჩას პირდაპირ გაუყვა და ერთ-ერთი სახლის შესასვლელის კიბეზე ჩამოჯდა, ცოტა ხანს იჯდა, მერე ადგა და სირბილით დაბრუნდა სადგურში. მატარებელი დაძრულიყო, მამაჩემი მთელი ძალით მირბოდა, პოლიციელის სასტვენის ხმა შემოესმა. არ გაჩერებულა. ბაქანი რომ დამთავრდა, მოაჯირზე გადახტომა დააპირა, მაგრამ ძალიან ბნელოდა.

ბოლო ვაგონიც გასცდა ბაქნის კიდეს. ზევით, სადაც ლიანდაგი მარჯვნივ უხვევდა, ჩიხიდან გამომკრთალ შუქზე ვაგონის ფანჯარასთან მდგარი ადამიანის ფიგურა დაინახა, აქედან ვაგონის ნომერს ვერ ხედავდა, მაგრამ მოეჩვენა, რომ ის კაცი იყო.

– რა ჯანდაბას აკეთებ, ვინ ოხერი ხარ! – აქოშინებული პოლიციელი ექაჩებოდა მხარზე.

– მეგობარს ჩემოდანი დარჩა. – თქვა მამაჩემმა და იღლიაში ამოჩრილ ლეკვს დააცქერდა.

– მერე ასე გამოკიდება შეიძლება?! რამე რომ დაგმართნოდა, ციხეში მიკრავდნენ თავს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10