– ჩვენს მაღაროელებს მათხოვრულ ჯამაგირს უხდიან, თანაც საშიში სამუშაოა, კვირა არ გავა, ვინმე არ დაიღუპოს, მაგრამ რა ქნან, სხვა სამუშაო არ არის. ესენი კი მდიდრდებიან. რით ვერ გაზიდეს, რა გახდა ასეთი ამოუწურავი.

– თანამედროვე ტექნოლოგიებით იმ საბადოების ამოწურვას საუკუნეზე მეტი სჭირდება. რახან სხვები დიდ ფულს შოულობენ, იმ სიმდიდრის სწრაფად ამოწურვაზე კი არ უნდა ვიოცნებოთ, სწორად გამოყენებაზე უნდა ვიზრუნოთ. ეკონომიკური პოლიტიკაა შესაცვლელი.

– გასაგებია, მაგრამ ეს ამათ აწყობთ?!

– არა, რა თქმა უნდა.

– საქმეც მაგაშია. – თქვა კაცმა, შეჩერდა და ცვირსახოცით ოფლი მოიწმინდა. მერე ზურგჩანთა მოიხსნა და იქიდან თერმოსი ამოიღო.

– წყალს მოვიტან, აქ დამელოდეთ!

– მომეცით, მე წავალ. – უთხრა მამაჩემმა.

– მადლობელი ვარ! – თქვა კაცმა და თერმოსი გაუწოდა. მამაჩემი წყაროსკენ წავიდა. უცხოელები უკვე კიბეებზე ადიოდნენ, მაგრამ წყაროსთან ჯერ კიდევ იდგა უცხოური სუნამოს მძაფრი სუნი, მამაჩემმა წინ მიმავალ ახალგარზდა უცხოელ ქალს ცოტა ხანს უყურა, მერე წყალი პეშვით დალია და თერმოსი აავსო.

კაცი ხის მორებისგან შეკრულ უმოაჯირო ხიდზე იდგა და პატარა მდინარეს ჩასცქეროდა, მეორე ნაპირიდან უშველებელი თეთრი ქვა ნამგალივით იყო მდინარეში შემოჭრილი და პატარა გუბურას ქმნიდა.

– ნახეთ რამხელა თევზებია. – კაცმა ჩანთის გარეთა ჯიბეში ხელი ჩაყო. – მხოლოდ გამხმარი ნატეხი. ესეც საქმეა! – გამხმარი პურის ნატეხი ხიდის მორს ქუსლით დააფშვნა და ნაფხვენები გუბურაში ჩაყარა, მოზრდილი თევზები ნაფხვენებს დაესივნენ.

– ზოგიერთ ქვეყანაში ანკესით თევზის ჭერა აკრძალულია, რადგან ამ დროს ისინი ტკივილს გრძნობენ.

– მე ბადით ვიჭერდი ხოლმე. – თქვა კაცმა და მეორე ნაპირზე გავიდა, ცოტა მოშორებით დუქანი იდგა. ხიდიდან დუქნამდე გზა რიყის ბრტყელი ქვებით იყო მოკირწყლული, ალაგ-ალაგ გზა წვიმის დროს მაღლობიდან ჩამოტანილ მიწას დაეფარა. ირიბად ჩასობილი ნახლეჩი ბოძების ღობე, რომელიც დუქანს ერტყა, რამდენიმე ადგილას გარღვეული იყო და არც ალაყაფის კარი ეკიდა. ეზოში შევიდნენ და ხის ძირას, ძელსკამზე ჩამოსხდნენ. დუქნის გვერდით კარეტა იდგა, გამოხსნილი ცხენები მოშორებით იყვნენ დაბმულნი, დუქნიდან არეული სიმღერა და ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა.

– ხომ არ გვესადილა?! – ჰკითხა კაცმა მამაჩემს.

– მე უკვე ვისადილე მატარებელში, მაგრამ შემიძლია კომპანიონობა გაგიწიოთ.

– მაშინ არ არის საჭირო, არც ისე მშია. – თქვა კაცმა და ბავშვებს გახედა. ორი ბიჭი ეზოს კუთხეში თამაშობდა, ხან ერთი წამოაცვამდა ჯოხზე ცხენის თავის ქალას და დუქნიდან მოშორებით მდგარ ჩეჩმამდე გააჭენებდა, ხან – მეორე, შეთანხმებულად და უხმოდ თამაშობდნენ, მხოლოდ ხანდახან თუ დაიჭიხვინებდა რომელიმე და ცხენს ვითომ ყალყზე შეაყენებდა.

– რას არ მოიფიქრებს ბავშვის ტვინი! – თავი გააქნია კაცმა, პერანგის ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო და მამაჩემს მიაწოდა.

– გმადლობთ, არ ვეწევი. მეგონა, არც თქვენ ეწეოდით.

– მხოლოდ ხანდახან და მხოლოდ კარგ პაპიროსს, რასაც ჩვენი კუპის მეზობელზე ვერ ვიტყვით – გაიღიმა კაცმა და მოუკიდა.

დუქნიდან მედუქნემ გამოიხედა, ხელში ორი მომცრო თუნგი ეჭირა. ჯერ მამაჩემს და თმაშეკრულ კაცს უყურა, მერე ბავშვებს გასძახა წყალი მოიტანეთო.

ბავშვებმა ჯოხები დააგდეს და თუნგებით წყაროსკენ გაიქცნენ. ცოტა ხანში უკან დაბრუნდნენ, წყლით სასვე თუნგები დუქანში გვერდითა მხრიდან შეიტანეს და ისევ თამაში გააგრძელეს.

– ჯარისკაცები! – დაიძახა უცებ ერთმა და ღობის ძირას მიგდებულ ჯირკზე აძვრა, მეორეც გვერდით ამოუდგა. მამაჩემმა და თმაშეკრულმა კაცმაც იქით გაიხედეს, ხიდის მარცხნივ, მოსახვევიდან გამოსულ სატვირთო და მსუბუქ ავტოს ასეული მოჰყვებოდა, მტვრის კორიანტელში ოდნავ ჩანდა ჯარისკაცების უნიფორმა. დუქნიდან გამოსული დოლ-გარმონის ხმის მიუხედავად, რაც უფრო უსწორდებოდნენ ხიდს, მით უფრო მკაფიოდ ისმოდა მათი ყრუ და მწყობრი ნაბიჯების ხმა. უკანასკნელი მწკრივი ხიდის მარჯვნივ, ფიჭვის კორომს მიეფარა, მაგრამ ფიჭვების ზევით კარგა ხანს მოსჩანდა ავარდნილი მტვრის ბუღი. თმაშეკრული კაცი ჯირკებიდან ჩამომხტარი ბავშვებისკენ წავიდა.

– რა გქვია, ბიჭუნა?! – ჰკითხა ერთ-ერთს, რომელიც შედარებით უფროსი ჩანდა.

– მას ლაპარაკი არ უყვარს. – უთხრა მეორემ.

– რატომ?!

ბიჭმა მხრები აიჩეჩა და დუქნისკენ გაიხედა.

– და შენ რა გქვია?! – ახლა მას ჰკითხა კაცმა.

ბიჭმა ამჯერად თავის ჯოხს დაუწყო წვალება და არაფერი უპასუხა.

– იცი? ბავშვობაში მეც ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი, სულ ჯარისკაცებს ვხატავდი.

– მე ჯარისკაცობა არ მინდა.

– აბა რა გინდა გამოხვიდე?!

ბიჭმა არც ამჯერად გასცა პასუხი და ისევ დახარა თავი. კაცმა კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს დუქნის შუშაბანდში მდგარი მედუქნის ხმა გაისმა:

– მოდით აქ!

ბავშვები გაიქცნენ და დუქნის გვერდითა კარში გაუჩინარდნენ. მედუქნე კარგა ხანს იდგა უძრავად, მარჯვენა ხელში სისხლიანი და საქონლის ბეწვებშერჩენილი ნაჯახი ეჭირა და მათკენ იყურებოდა.

– წავიდეთ აქედან, სანამ გაგვყრიან. – თქვა მამაჩემმა ვითომ ხუმრობით.

– თანახმა ვარ. – თქვა კაცმა და უკან გაჰყვა, გარღვეული ღობისკენ მიდიოდნენ, რომ მოკლეზე გადაეჭრათ. როცა თავლას გაუსწორდნენ, ლეკვების წკმუტუნი შემოესმათ. თავლის გვერდით ურემი იდგა, ხელნების წინა წვერებით ორკაპზე, ხოლო ცალი უბორბლო ღერძით ჯირკზე იყო დაბჯენილი, ურემში დაფენილ თივაზე სამი ლეკვი იწვა, ორი მოწითალო, ერთი კი შავი და თეთრლაქებიანი.

– მშივრები არიან! – თქვა კაცმა და ცარიელ ჯამს დახედა, მერე ეზოსკენ გაიხედა, დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა და თეთრლაქებიანი ლეკვი ზურგჩანთაში ჩასვა. – თქვენთვისაც წამოვიყვანოთ?!

– არა, გმადლობთ! მყავს სახლში!

– ხოდა, ორი გეყოლებათ, კარგად დაფიქრდით. – გაიღიმა კაცმა.

ეზოდან ლაპარაკის ხმა მოისმა, მოფარებულში იყვნენ, აქედან დუქანი არ ჩანდა.

– ვიჩქაროთ, უხერხულია. – თქვა მამაჩემმა. გარღვეულ ღობეში გავიდნენ და ხიდისკნენ დაეშვნენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10