მამაჩემი მანამ აღებინებდა, სანამ, ბოლოს, მწარე ნაღვლის წვენი არ ამოუვიდა. საპირფარეშოდან გამოვიდა, გული ყელში ჰქონდა მობჯენილი. ღებინების დროს დაძაბვის შედეგად კიდევ უფრო აჩქარებული პულსი გაისინჯა, დასაძინებლად ლოგინზე ჩამოჯდა და ის იყო, უნდა დაწოლილიყო, როცა, წინა დღით, ტრამვაიში დარჩენილ წიგნებს და რვეულს მოჰკრა თვალი. თავიდან ეგონა მოეჩვენა, მაგრამ კარგად რომ დააკვირდა, მიხვდა, არ ცდებოდა: მაგიდაზე დახვავებულ უამრავ ფერადყდიან რომანს და ლექსების კრებულს შორის სალექციო კურსის ყდაშემოძარცვული ორი ტომი და ლურჯყდიანი რვეული აშკარად გამოირჩეოდნენ. მამაჩემმა წიგნები ისევ მაგიდაზე დადო, ფანჯარასთან მივიდა, ჩამსხვრეული ფანჯრის მარჯვენა ფრთაზე გუშინ აჭედებული მუშამბა ხელით მოსინჯა, ფანჯარა გააღო და ქვევით ჩაიხედა. მერე სამზარეულოს ფანჯრის და კარის საკეტები შეამოწმა, ლოგინთან დაბრუნდა და ჩამოჯდა. ცოტა ხანში საათს ახედა, რადიო ჩართო. არცერთ არხზე არაფერს იუწყებოდნენ გუშინდელ კატასტროფასთან დაკავშირებით.

სადარბაზოდან რომ გავიდა, კინაღამ ზედ გზაზე დაგდებულ ძალაყინს წამოკრა ფეხი. წინა დღეს ამოყრილი ქვაფენილის ქვები ვიღაცას უკან ჩაელაგებინა. ძალაყინი ცერით კედელთან მიაგდო და ზედა ფანჯარას ახედა, მოეჩვენა, რომ ვარდისფერი ფარდა ოდნავ შეირხა, ცოტა ხანს უყურა, მერე კი აღმართს აუყვა.

ახლო-მახლო გაზეთების ერთადერთი ჯიხური ეგულებოდა, კიდევ კარგი, არც ისე შორს იყო.

– ღიაა?! – მოხურულ ფანჯარაზე მიაკაკუნა მამაჩემმა.

– ღიაა, მაშ! – გაშლილი გაზეთიდან თავი ასწია ჭაღარა კაცმა და პატარა ფანჯარა შიგნით გააღო.

– გუშინდელი საღამოს გაზეთი თუ დაგრჩათ?! – კვირის გარდა ყოველდღე გამოდიოდა საღამოს რამდენიმე გაზეთი.

– რომელი?! – სათვალე მოიხსნა კაცმა.

– ნებისმიერი.

– “სრული ქრონიკა”?!

– იყოს. – მამაჩემი ჯიხურს მოშორდა და გაზეთი გაშალა, ასოები ნემსებივით ესობოდნენ თვალში და ტვინამდე ატანდნენ, მაგრამ მსხვილი შრიფტით დაწერილი სათაურების კითხვას ჯიუტად აგრძელებდა. გაზეთი ბოლომდე ჩაათვალიერა, მაგრამ გუშინდელზე არაფერი ეწერა. იქნებ სხვა გაზეთები იუწყებოდნენ ტრაგიკული ამბის შესახებ, მაგრამ ყველა გაზეთს ვერ იყიდდა. შეიძლებოდა გაზეთის გამყიდველს სმენოდა რამე, ამიტომ ჯიხურთან დაბრუნდა, მაგრამ პირდაპირ კითხვას მოერიდა, ჯერ “იმპერიის კრივი” გამოართვა და, ვითომ ხუმრობით, ჰკითხა: ქალაქიდან გასული ვიყავი და ჩემს არყოფნაში რამე ცუდი ხომ არ მომხდარაო.

– ყველაფერი კარგი და საუკეთესო! – უპასუხა კაცმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, გაზეთი გაუწოდა და ისე, რომ ფულს არ დალოდებია, ფანჯარა მიხურა და ფარდა გადასწია.

– ფულის აღება დაგავიწყდათ! – მიუკაკუნა მამაჩემმა. შიგნიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მამაჩემმა კიდევ ერთხელ დააკაკუნა, მაგრამ ისევ უშედეგოდ, მერე ფული ფანჯრის ქვემოთ, პატარა შვერილზე დადო.

სასტუმრო “მადრიდის” წინ, ტაქსოფონის ერთადერთ აპარატთან რიგი იდგა, ამიტომ კარგა ხანს მოუწია სიარული, სანამ სხვა აპარატს მოძებნიდა. რამდენიმე ნაცნობთან დარეკა, რომ ბანკის მმართველის მისამართი გაერკვია. ერთ-ერთმა უთხრა: შევეცდები და მოგვიანებით გადმომირეკეო.

ნაშუადღევს, როცა მეშუშე ხელოსანს ჩამსხვრეული ფანჯარა ჩაასმევინა, ისევ გამზირზე გავიდა. სასტუმრო “მადრიდის” წინ ტაქსოფონი ამჯერად თავისუფალი იყო.

– ოვიდიუსის 49.

– მეგონა სახლი სადმე ცენტრში ექნებოდა. – გაუკვირდა მამაჩემს.

– მეც ასე მეგონა. ისე, რომ მიხვალ რა უნდა კითხო, უკაცრავად, შვილი ხომ არ მოგიკვდათო?!

– არაფერიც არ უნდა ვკითხო. უბრალოდ სახლს შევხედავ და წამოვალ.

მამაჩემმა მერე თავის საცოლეს დაურეკა და გამობრუნდა.

ყველა ავტოტაქსმა ცუდი გზის გამო უარი უთხრა, ამიტომ ეტლის გაჩერება მოუხდა.

ეტლი ქალაქს გაცდა და გრუნტის გზაზე გავიდა. ამწვანებულ გზისპირებს ნაძვების მწკრივები მიუყვებოდა. მეეტლემ მარჯვნივ, ნაძვებს შორის, აღმართზე აუხვია. მთელ ქუჩაზე უშველებელი სახლები ჩანდა. პირველი სახლის ალაყაფის ფირფიტაზე, რატომღაც, 102 ნომერი ეწერა. მარცხენა სახლი 79 ნომერი იყო. არადა ამ პატარა ქუჩაზე სულ ათიოდე სახლი თუ იდგა. ბოლოს, აღმართის მიწურულს, 49 ნომერიც გამოჩნდა.

სახლი არქიტექტურულად სხვა სახლებისგან არ გამოირჩეოდა, უბრალოდ წინა ფასადზე სურო ჰქონდა მოვლებული. მაღალი გალავნიდან გადახედვა შეუძლებელი იყო, ამიტომ მამაჩემი გვერდითა ეზოს დაბალ ღობეს გადაახტა და მშენებარე სახლის უმოაჯირო კიბეზე ავიდა. იმ მხარეს კედელი ამოყვანილი არ იყო, ამიტომ, რომ არ შეემჩნიათ, მამაჩემი კიბის ბაქნიდანვე დააკვირდა სახლს. ეზო მწვანედ ხასხასებდა. თეთრ ფანჩატურში ქალები მაგიდას უსხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ, ვიწრო, მოკირწყლული გზით რამდენიმე მოახლეს სავსე ლანგრები მოჰქონდა. პალმებს შორის ბავშვები ძაღლებს დასდევდნენ. სახლის წინ, ხრეშმოყრილ მოედანზე, რამდენიმე ავტო იდგა. სახლის უკან კი, კორტზე, კაცები ჩოგბურთს თამაშობდნენ. სახლს ტრაგედიის და გლოვის არაფერი ეტყობოდა. მამაჩემმა ჩაიმუხლა, კიბის ბაქანს გაჯის გამხმარი წვეთები აჩნდა, სხვადასხვა ზომის და ფორმის. ბაქნის ქვედა საფეხურზე პაპიროსის დაჭყლეტილი ნამწვები ეყარა, მომდევნო საფეხურზე გამხმარი პურის ნატეხი ეგდო, დამპალი ძეხვის ნაჭერს კი ჭიანჭველები სადღაც მიათრევდნენ. მამაჩემი ღობეს გადაახტა და ეტლისკენ წავიდა. ქალაქში რომ შევიდნენ, უკვე ღამდებოდა.

2

მატარებელი ნელა დაიძრა. ფარდაგადაწეული ფანჯრიდან შემოსული მზე ჩამოსაწევ მაგიდაზე ირიბად ეცემოდა. სახელურამომძვრალი ზევითა, გადაწეული ფანჯრიდან კრეოზოტის და ნავთის სუნი შემოვიდა. ლიანდაგებზე მაზუთით და ნავთობით სავსე ჟანგიანი ვაგონები იდგნენ.

მატარებელი შემადგენლობებს გაცდა და, სულ რამდენიმე მეტრში, ბეტონის დიდი კედელი გამოჩნდა, რომლის თავზეც გზა გადიოდა. კედლის ქვევით კი სამიოდე ქოხისმაგვარი ნაგებობა მიეშენებინათ. რამდენი წელი იყო ამ მატარებლით მგზავრობდა და ეს ნაგებობები მამაჩემს აქამდე არ შეუმჩნევია, ან იქნებ ახლახან ააშენეს. ერთ ადგილას, სადაც მატარებელი კედელს საკმაო მანძილით სცილდებოდა, დიდი ნაგავსაყრელი იყო, ნაგავმზიდებს კედლის ზემოდან ცლიდნენ ხოლმე. წელში მოხრილი კაცი გაღუნული ხელჯოხით ნაგავში იქექებოდა, მოშორებით კი პატარა გოგონა და ტომრებმოკიდებული ჯორი იდგნენ, გოგონას ხელში ცალფეხა თოჯინა ეჭირა. მატარებელი ნაგავსაყრელს გაუსწორდა თუ არა, წინა სკამზე მჯდომი, მელოტი და კეფაზე თმაშეკრული კაცი უცებ წამოვარდა და ზევითა გადაწეულ ფანჯარას ეცა, მომძვრალი სახელურის ნახვრეტში ნეკათითი შეყო, მაგრამ ვერ გადაწია, ფანჯრიდან აყროლებული ნაგვის სუნი შემოვიდა. კაცმა ხელი ჩაიქნია და თავის ადგილას დაჯდა, თანამგზავრებს თვალებზე შეატყო, რომ მისი სპონტანური ჩანაფიქრის აზრს მიხვდნენ, ამიტომ ახსნა-განმარტება საჭიროდ არ ჩათვალა და ისევ თავისი მოზრდილი ბლოკნოტის თვალიერება განაგრძო.

– აბა ის რა ქვეყანაა, ნაგავსაყრელი რკინიგზის სიახლოვეს რომ აქვს?! – თქვა ჭაღარაწვერიანმა კაცმა.

– მართალი ბრძანებაა. – გამოცოცხლდა მელოტი და კეფაზე თმაშეკრული კაცი.

– ამ მატარებლით უცხოელებიც დადიან, რამდენი შემხვედრია. მათი არ რცხვენიათ?! – გათამამდა ჭაღარაწვერიანი კაცი და თავის ჭუჭყიან ტომარაზე მარჯვენა ფეხი შემოდო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10