(რომანის დასაწყისი)

 

ნიშანიმიცვალებულის ტანსაცმელი, რომელიც გარდაცვალებიდან ორმოცი დღის მანძილზე საწოლზეა დაფენილი.

 

1

 

სოფელს პირველად წათე ხუტიშის სახლი გაერიდა და იმ გორაზე ავიდა, რომლის აღმოსავლეთ კალთაზე გუშინ ბაბუაჩემმა გარეული ღორი მოკლა.

ღორის დამარილებულ ხორცს მამაჩემი მალე, ვნების კვირაში გასინჯავდა, ახლა კი, მუცელზე მწოლს, მშვიდად ეძინა. მარჯვენა მკლავი დაბალი ლოგინიდან ჰქონდა ჩამოშვებული და ხელის მტევანი სქელტანიან დაკეცილ წიგნში სანიშნესავით მოეთავსებინა. ლოგინზე და იატაკზე წიგნები და რვეულები იყო მიყრილი.

ცოტა ხანში ყრუ ხმამ გამოაღვიძა, თითქოს სახლის გარეთა კედელი შეაზანზარეს. ფოსფორისისრებიან საათს ახედა, ხმაურის შემოქმედს გულში შეუკურთხა და ძილის გაგრძელება გადაწყვიტა ისე, რომ წიგნიდან ხელი არ ამოუღია. ისევ ჩაყვინთა სასიამოვნო ბურანში, როცა ხმაური განმეორდა. წიგნში ხელის ნაცვლად რვეული მოათავსა, ფანჯარა რის ვაივაგლახით გამოაღო და ქვევით ჩაიხედა, ერთადერთი ლამპიონით მკრთალად განათებულ ჩიხში კაცი იდგა და ამაოდ ცდილობდა სადარბაზოს შესასვლელის ზემოთა ფანჯრის ჩამსხვრევას, მოზრდილი ქვები თხელ კედელს ყრუდ ხვდებოდნენ და ქვაფენილზე ხმაურით ცვიოდნენ. ერთი ქვა ფანჯრის შუა ჩარჩოსაც კი მოხვდა. კაცი მთვრალი უნდა ყოფილიყო, რადგან შეუძლებელი იყო იმ ფართო ფანჯრისთვის ქვა ვერ მოგეხვედრებინა. თან ისეთი მონდომებით უმიზნებდა, ჩანდა, შეგნებულად არ აცილებდა.

– რა დღეში ხარ შენ, ვიღაცა ხარ, ნამუსი არ გაქვს?! – დაუძახა მამაჩემმა. კაცი გაირინდა, მერე ქვაფენილზე დაყრილი ქვებიდან ერთ–ერთი აიღო, წამოვიდა და მამაჩემის ფანჯრის ქვეშ გაჩერდა, ქვას ზურგს უკან მალავდა, თითქოს მამაჩემს არ დაუნახავს, როგორ აიღო. ლამპიონისკენ ზურგით იდგა და სახე არ უჩანდა.

– მანდ არ ჩამომიყვანო, იცოდე! – დაუძახა მამაჩემმა და ფანჯრის რაფაზე უცებ მოხელთებული სარეცხის სამაგრი ესროლა. არ დაუნახავს, მოხვდა თუ არა, მაგრამ ის კი დაინახა, რომ კაცმა სწრაფად ჩამოწია ზურგს უკან დამალული მარჯვენა ხელი და სწრაფადვე მოიქნია. მამაჩემმა რაფის ქვეშ ჩამალვა მოასწრო. ქვამ მეორე, დაკეტილი ფანჯრის მინა შემოამსხვრია, და იატაკზე ბრაგვანით დაენარცხა. მამაჩემს ფანჯარაში არ გაუხედავს, შარვლის ამარა, ტან–ფეხშიშველი, კარს ეცა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა, სადარბაზოსთან დაყრილი ქვებიდან ერთი აიღო და კაცს დაუწყო ძებნა. ქვევითკენ ჩიხი მაღალი კედლით იყო ჩაკეტილი, აღმართს სირბილით ზევითკენ აუყვა, მთავარ ქუჩაზე გავიდა და გაიხედ–გამოიხედა. არავინ იყო. ცარიელ ქუჩას ორივე ტროტუარზე მწკრივად ჩაყოლებული ლამპიონები ანათებდა. ქუჩის გადაღმა, სასტუმრო „მადრიდის“ წინ ეტლი იდგა, მეეტლე არსად ჩანდა. თეთრი და შავი ცხენები უძრავად იდგნენ და მარმარილოს და ბრინჯაოს ქანდაკებებს ჰგავდნენ.

მამაჩემის სახლში დაბრუნდა და შუქი აანთო. იატაკს რამდენიმე ადგილას სისხლი აჩნდა. ახლაღა შეამჩნია, რომ შუშის ნამსხვრევებზე მარჯვენა ტერფი გაეჭრა. ჭრილობა თბილი წყლით მოიბანა, იოდით დაიმუშავა და მჭიდროდ შეიხვია. ფეხები როცა გაუთბა, ოდნავი ტკივილი იგრძნო, მაგრამ შეეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. ზევით მხარეს დამუშავებული და ქვევითკენ დაუმუშავებელი ქვა გვერდზე გაწია და იატაკიდან შუშის ნამსხვრევები მოხვეტა.

არ დაუძინია. თერთმეტის ნახევარზე სტუდენტური უნიფორმა ჩაიცვა, ფეხსაცმელში ძლივს ჩატია შეხვეული ფეხი, წიგნები იღლიაში ამოიჩარა და კიბეებს ჩაუყვა. საფეხურებს მისი სისხლი აჩნდა. სადარბაზოსთან მეზობლები შეკრებილიყვნენ.

–დაგინახე დილით, კარგი სირბილი კი გცოდნია. – უთხრა ერთ–ერთმა მამაჩემს.

–ხო, ფანჯარა ჩამიმსხვრია.

–გავიგონე. ჩემს და შენს გარდა არავის არაფერი გაუგია.

–მერე გადმოგეხედა, შე კაი კაცო, ორის უფრო შეეშინდებოდა და გაიქცეოდა. – ტერფებზე ტკივილი იგრძნო მამაჩემმა.

–ნახე, ქვაფენილიდან ამოუყრია ქვები მაგ გარეწარს, მაგას. – სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მეზობელმა და მოკლე, ბრტყელპირიან ძალაყინს დასწვდა. დაახლოებით ერთ კვადრატულ მეტრზე ქვები ამოყრილი იყო და ფხვიერი მიწა ჩანდა.

–სისხლი ვისია?! – იკითხა მეორემ.

–ჩემია. ნამსხვრევებზე ფეხი გავიჭერი. – კიდევ უფრო აეწიწკნა ტერფი მამაჩემს.

–ფეხშიშველი გამოეკიდე, კაცო?!

–კი, ფეხშიშველი იყო, ზევითაც. – სიცილით უპასუხა პირველმა.

–პოლიციაში დარეკა ვინმემ?! არა, ხომ? ხმა არ უნდა ამოვიღოთ და კიდევ უნდა ჩავყლაპოთ, ხომ?! მე დავრეკე და მალე მოვლენ! – მეორე სართულის კუთხის ბინიდან დაიძახა ხანში შესულმა ქალმა. – ან ეს კახპა მოგვაშორონ აქედან, ან ის უსინდისო კაცი! ერთი წელია არ გამოჩენილა, მეგონა გვეშველა. ამ კახპას გამწარებული იქნება, მთელი საკაცეთი ყავს გადაკიდებული. ჩვენი სირცხვილია, რომ კიდევ აქ ცხოვრობს და ჩვენს დასანახად უნამუსოდ ბოზობს. – იმ ფანჯრისკენ იშვერდა თითს, რომლის ჩამსხვრევას ამ დილით ამაოდ ცდილობდა კაცი.

–აუ, დაიწყო ამან! – ჩაილაპარაკა მესამე მეზობელმა და სადარბაზოში შევიდა.

–რას დუდღუნებ შენ მანდ?! რას დუდღუნებ ან რას იმალები, თუ რამის შნო გაქვს?! – ფანჯრიდან წელამდე გადმოიწია ქალმა. – შენ რა გენაღვლება, კი დაძვრები მაგასთან ღამღამობით, ლოგინად ჩავარდნილ ცოლს მაინც ეცი პატივი და აცალე მშვიდად სიკვდილი, შე უსვინდისო, შენ!

–სსსუ! გაჩუმდი, ქალო, სირცხვილია! რა შენი საქმეა, ვინ ვისთან დაძვრება! – ხმადაბლა ასძახა მეორე მეზობელმა.

–აჰაა, პირი შეკარით, ხომ? იმას ეჩხუბეთ, იმას, მე რომ მეჩხუბებით. თუ შენც მოგხვდა გულზე მაგისი გალანძღვა, იქნებ შენც თბები მაგის ლოგინში, როცა შენი ცოლი სხვას ტანსაცმელს ურეცხავს.

–ელაპარაკე ახლა ამ შერეკილს, ტფუი! – გადააფურთხა მეორე მეზობელმა და ისიც სადარბაზოში შევიდა.

ჩიხის დასაწყისში პოლიციის ავტომ ჩამოუხვია.

მამაჩემი ქვაფენილს ჩქარი ნაბიჯით აუყვა.

-სად გარბიხარ, ბიჭო. საჩივარი არ უნდა დაეწერო?! შენ გეუბნები, შენ! – მოსძახოდა ქალი, მაგრამ მამაჩემს ყურადღება არ მიუქცევია.

თითქმის ცარიელი ტრამვაი აღმართს აუყვა. შიგნიდან დაცვარულ ფანჯრებში შუქი შემოდიოდა და მაისის თბილი მზე მამაჩემს პირდაპირ თვალებში ანათებდა. სხვაგან გადაჯდომა არც უფიქრია, რვეული მოიჩრდილა და ქალაქს გახედა, აქედან ქალაქის ცენტრალური ნაწილი კარგად ჩანდა. სპილენძის იმპერატორი წელსზემოთ თხელი ღრუბლით იყო დაფარული, მხოლოდ შუბლის ზედა ნაწილი და შემელოტებული ქოჩორი მოუჩანდა. ამ დროს „იმპერატორის დუქანი“ ნაბახუსევი ხალხით იქნებოდა სავსე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10