– ვაგონ-რესტორანში ვინ გაგიკეთებს ფასდაკლებას. საროსკიპო, საროსკიპო. სინემა… საროსკიპო… იქნებდა შიმშილით ვკვდები! – ისევ აბუზღუნდა ჭაღარაწვერიანი კაცი, ჯიბიდან იაფფასიანი პაპიროსი ამოიღო და გააბოლა, კუპეში საშინელი სუნი დადგა. თმაშეკრულმა კაცმა ცალი თვალით გამოხედა, უკმაყოფილოდ შეიშმუშნა და კედლისკენ გადაბრუნდა. ჭაღარაწვერიანმა შეამჩნია და უფრო ღრმად და გემრიელად მოქაჩა ნაფაზი. მოსაწევად დერეფანში გადიოდა ხოლმე, მაგრამ ეტყობოდა ბუკლეტმა ძალიან გაუფუჭა ხასიათი. მამაჩემს თავიდან ერიდებოდა, მაგრამ ბოლოს, როცა სუნთქვა შეუძლებელი გახდა, ფარდა აწია და კუპის კარი გააღო. კვამლი ბოლქვებად გავიდა ფანჯარაში და დერეფანში.

ჭაღარაწვერიანი კაცი უკმაყოფილო იყო. ნამწვი ფანჯრიდან მანამდე არ გადააგდო, სანამ ბოლომდე არ მოწია. მერე ტომარა გახსნა, თეთრი ტილოს შეკვრა ამოიღო და დერეფანში გავიდა.

– სამი ტიპის ადამიანებს ვერ ვეწყობი: ხეპრეებს, გაუმაძღრებს და მხატვრებს! – კუპის კედელს უთხრა თმაშეკრულმა კაცმა და თვლემა გააგრძელა. მამაჩემი ცოტა ხანს ფანჯარაში იყურებოდა. ამასობაში მოიღრუბლა და სწორ, ვრცელ ჰორიზონტზე მძიმე, შავი ღრუბლები ფენებად დაწვა. ლიანდაგის გაყოლებაზე, სადრენაჟო არხის გასწვრივ, მოხნული საყანე მიწები და ყვავილებით დაფარული ველები ცვლიდნენ ერთმანეთს.

მამაჩემი დერეფანში გავიდა და მეზობელი კუპისკენ გაემართა. ტამბურში კუპის მეზობელი ჭაღარაწვერიანი კაცი იდგა და მჭადს და ყველს ჭამდა, მამაჩემის დანახვაზე სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა, მამაჩემმა ისე ჩაუარა, თითქოს არც დაუნახავს. ვაგონ-რესტორანში არც ისე ბევრი ხალხი იყო. მამაჩემი ცარიელ მაგიდას მიუჯდა. მოშორებით, მაგიდას უცხოელები უსხდნენ, სამი კაცი და ორი ქალი, კაცები არაყს სვამდნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ქალებს ჭრელი მარაოები ეჭირათ და დროდადრო პატარა ფინჯნები მიჰქონდათ ტუჩებთან.

სადილობის შემდეგ მამაჩემი ვაგონ-ბიბლიოთეკაში წავიდა. ბიბლიოთეკარი შუახნის ქალი წიგნს ჩასცქეროდა და ღვარად წამოსულ ცრემლებს ცხვირსახოცით იმშრალებდა.

– ეს ისეთი ამაღელვებელია! – ამოხედა მამაჩემს და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, კითხვა და ტირილი გააგრძელა. ეჭვი არ იყო, რომელიღაც სენტიმენტალურ რომანს კითხულობდა.

ორი მაგიდის შემდეგ, ჰენრი ლონგფელოს პორტრეტის ქვეშ, ახალგაზრდა კაცი და პატარა გოგონა ისხდნენ და ზღაპრის ილუსტრაციებს ათვალიერებდნენ.

– ბერნარდ შოუს მოთხრობები ხომ არ გაქვთ?! – ჰკითხა მამაჩემმა ბიბლიოთეკარს. ბიბლიოთეკარმა ჟურნალის გვერდებს თითი ჩამოაყოლა, მერე თავი გააქნია და თქვა:

– ამჟამად გატანილია, ერთი ეგზემპლარიღა გვაქვს. სხვა რამეს ხომ არ ინებებთ?!

მამაჩემი ჯერ შეყოყმანდა, მაგრამ მერე “ახალი ოცწლედის პოეტური მოზაიკა” მოაძებნინა, კარგა ხანს უგულოდ ფურცლა და უკანვე დაუბრუნა.

კუპეში რომ დაბრუნდა, ჭაღარაწვერიან კაცს ეძინა, თმაშეკრული კაცი კი სადღაც წასულიყო, მაგიდაზე მისი მოზრდილი ბლოკნოტი იდო. მამაჩემმა ჯერ ზევითა საწოლზე მწოლ ჭაღარაწვერიან კაცს ახედა, რომელიც ხმამაღლა ხვრინავდა, მერე კუპის კარი ჩაკეტა და ბლოკნოტი გადაშალა, ეგონა შიგნით ნახატები ან ჩანაწერები იქნეობდა, მაგრამ უხაზო ფურცლები ცარიელი იყო. უცებ კარის ზევით მიმაგრებული რეპროდუქტორი ახმაურდა, მამაჩემმა დანაშაულზე წასწრებულივით უკანვე დადო ბლოკნოტი და რეპროდუქტორს ახედა. ჭაღარაწვერიანი კაცი კინაღამ საწოლიდან გადმოვარდა. რეპროდუქტორი იუწყებოდა, რომ საგანგებო და გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მატარებელი რამდენიმე საათით უნდა გაჩერებულიყო, მგზავრებს შეეძლოთ ვაგონებიდან ჩასულიყვნენ და ახლომახლო გაესეირნათ, გასვლის დროს კი საყვირით შეატყობინებდნენ.

დერეფანი გადაჭედილი იყო, ხალხი ხმაურობდა. გამცილებლებს მიზეზს ეკითხებოდნენ, მაგრამ პასუხს არავინ იძლეოდა, მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ საშიში არაფერი იყო და მატარებელი მალე დაიძვრებოდა. მამაჩემი გვერდითა კუპესთან თმაშეკრულ კაცს შეეჩეხა.

– ჩადით და კართან დამელოდეთ, ბლოკნოტს ავიღებ! – უთხრა კაცმა და კუპეში შევიდა. მამაჩემმა ხალხში ძლივს გაიკვლია გზა და ვაგონიდან ჩავიდა. ჩახუთული დერეფნის შემდეგ სუფთა ჰაერი ესიამოვნა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მოღრუბლული იყო, გარეთაც ცხელოდა. ვაგონებიდან ჩამოსული ხალხი ირგვლივ მიმოიფანტა.

– იქ ავიდეთ. ხომ არ გეზარებათ?! – კაცმა გორაკისკენ გაიშვირა თითი. ხორბლის და ქერის ყანები თბილ ნიავზე შრიალებდნენ, გორაკი ყაყაჩოებით და ზამბახებით იყო მოფენილი. ზევიდან ყანებს შორის გაჩერებული მატარებელი და ველებს კალიებივით მოდებული ჭრელტანსაცმლიანი ხალხი ხელისგულივით ჩანდა. გორაკის წვერზე, მოტიტვლებულ ადგილას, ბრტყელი, მოგრძო ქვები ელაგა.

– საფლავისაა! – თქვა კაცმა.

მამაჩემი ახლოს მივიდა, ვიღაცას, რატომღაც, წარწერების გადაშლა ეცადა, მაგრამ აშკარად იკითხებოდა სახელ-გვარები და დაბადება-გარდაცვალების თარიღები.

– ესეც ნახეთ.

დალაგებულ ქვებს შორის ადამიანის სხვადასხვა ზომის თავის ქალები და ძვლები ეყარა, ხმაურზე პატარა ხვლიკები ძვლების ქვეშ გაუჩინარდნენ.

– როგორც ჩანს აქ სადღაც მიტოვებული სასაფლაო იყო და ვიღაცამ ყანის გაფართოება გადაწყვიტა. – ირგვლივ მიმოიხედა კაცმა.

– მიწა მაინც მიეყარათ, ამ შობელძაღლებს!

– ერთმანეთის უპატივცემლობას ვინ ჩივის, მიცვალებულებსაც კი შევურაცხყობთ. ამიტომ გვიპყრობს ყველა, ვისაც მოეხასიათება. იცით რატომ გაუჩნდა ენას მატლი?! იმიტომ, რომ ადამიანზე უკეთ გრძნობს ყველაფერს! წავიდეთ აქედან! – თქვა კაცმა და გორაკს მეორე მხრიდან ჩაუყვა. ერთ ადგილას, პატარა ხრამის თავზე, ბილიკი მკვეთრად უხვევდა, ქვევით გზა იყო, გზის იქით კი პატარა მდინარე მიედინებოდა.

– აქეთ ჩასასვლელია! – დაიძახა წინ წასულმა კაცმა. მამაჩემი მისკენ წავიდა, ქარაფის შემდეგ, დაფერდებულ ადგილას, მიწისგან საფეხურები გამოეკვეთათ და, რომ არ ჩაშლილიყო, წკეპლის წნულები დაეტანებინათ.

ქვევით, წყაროსთან, ის უცხოელები ისხდნენ, მამაჩემმა ვაგონ-რესტორანში რომ ნახა, ახლა მესამე ქალიც იყო. თმაშეკრულმა კაცმა თავი დაუკრა, ისინიც მიესალმნენ.

– რაღა დარჩენიათ ამ გადაკარგულში. მოივლიან მთელს იმპერიას და მოსდებენ მერე ქვეყანას, როგორ ვიხოცებით შიმშილით!

– ჩვენი ბუნების სიმშვენიერით ტკბებიან. – გაიცინა მამაჩემმა.

– ვითომ?! მაგათ მხოლოდ ჩვენი საბადოები აინტერესებთ.

– როგორც ჩანს, ცოტაა მათში პოეზია. – სიცილით განაგრძო მამაჩემმა და უცხოელებს გახედა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10