–ის კი არა, თქვენს გვერდითა აივნიდანაც იყურებოდა ვარდისფერკაბიანი გოგო.

კაცმა მარცხენა აივნისკენ გაიხედა, მერე კარგა ხანს უყურა მამაჩემს:

–შვილო, ამ სახლში მესამე წელია არავინ ცხოვრობს!

–რა ხდება, ამირან?! – მარჯვენა აივნიდან გადმოხედა ქალმა.

–არაფერი, გიჟია, ვიღაცაა! – სახლში შევიდა კაცი.

–მე ვარ გიჟი? რა ხუმრობაა, ვერ გავიგე. ბავშვი ხომ არ ვარ!

– წავიდეთ, სირცხვილია! – ძლივს წაიყვანა მამაჩემი ნათლიაჩემმა.

ფოსტის შენობამდე უხმოდ იარეს.

–ჩემთან ავიდეთ, კარგი კონიაკი მაქვს! – მხარზე ხელი დაარტყა ნათლიაჩემმა.

–მართლა აივანზე იდგნენ, დედის სულს გეფიცები!

–მჯერა.

რაღაც უცნაური ხდებოდა, მამაჩემს ეგონა, რომ სიზმარში იყო და წეღანდელი ცაში გამოკიდებული ქოხი სიზმრის სიზმარი იყო. ბაზარში პროდუქტები იყიდეს და ნათლიაჩემთან ავიდნენ. აივანი მდინარეს გადაჰყურებდა, რომელიც, სეზონის შესაბამისად, მოდიდებული და მღვრიე იყო. მაგიდას უსხდნენ და ფალსიფიცირებულ „უდაბნოს ჰორიზონტს“ სვამდნენ. კედელზე საქვეყნოდ ცნობილი ნახატის რეპროდუქცია ეკიდა, ოღონდ გაუგებარი იყო, რატომ ერქვა „გოგონა პომიდვრებით“, მაშინ, როცა გოგონას წინ, მაგიდაზე, ორი მოზრდილი პომიდვრის გვერდით, ერთი დამჭკნარი და გაღუნული კიტრიც იდო. მამაჩემი ჭიქაში ჩარჩენილ შინდისფერ სითხეს ჩააცქერდა, თითქმის კარზე იყო მომდგარი საფლავის მესერს აყოლებული შუშა კიტრის სევდიანი გემო და სეზონი.

–უნდა გენახა, როგორ იწვა ის ბავშვი, თან ეს სისხლის ზოლები ქვაფენილზე. საშინელება იყო. – კონიაკი ჩამოასხა მამაჩემმა.

–კარგი, დაივიწყე, არაფერი ეშველება, საწყალს.

მამაჩემმა ჭერამდე ასულ წიგნების თაროს ააყოლა თვალი, მესამე თაროზე მამაჩემის და ნათლიაჩემის ფოტო იდო, საბჯენიან, ძვირფას ჩარჩოში ჩასმული. ალბათ პირველ კურსზე იქნებოდნენ, პლიაჟზე, ქოლგის ქვეშ, ისხდნენ ზოლიან საცურაო ტრუსებში და ერთმანეთისთვის ხელი გადაეხვიათ, მამაჩემს თავი გადახოტრილი ჰქონდა, ნათლიაჩემს კი მუქი, სველი თმა შუბლზე ჩამოშლოდა. მკლავებზე წყლის მსხვილი წვეთები აჩნდათ, უკან, მზის გულზე, ჯერ კიდევ გაურუჯავი ქალების სხეულები თეთრად ელვარებდნენ.

–ბერნარდ შოუს მოთხრობები არ გაქვს?! – ჰკითხა მამაჩემმა.

–პიესები მაქვს. რად გინდა?!

–ისე.

მამაჩემი სახლში გვიან დაბრუნდა. ლოგინზე წამოწოლილი ცოტა ხანს კედლის საათის ხმას უსმენდა, ფოსფორიან ციფერბლატებს უყურებდა და განვლილ უცნაურ დღეს იხსენებდა.

უთენია ნაბახუსევმა გააღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გული კი არ ფეთქავდა, სხეული ცახცახებდა გულის გარშემო. ძილის შებრუნება გადაწყვიტა. ბურანში ისიზმრებდა, როგორ იწვა შუშხუნა ღვინით სავსე ბასეინში შიშველი, გაზის ბუშტუკები სხეულზე შეხებისას სასიამოვნოდ სკდებოდნენ. ალკოჰოლი კანის ფორებში ნელ-ნელა აღწევდა. ხანდახან ჩაყვინთავდა და მოზრდილი ყლუპებით სვამდა ცივ, შუშხუნა სითხეს. გრძნობდა, როგორ უფართოვდებოდა სისხლ-ძარღვები და, თანდათან, როგორ ეხსნებოდა თავის ტკივილი, ენის დაბუჟება და მარცხენა ხელის ნეკა და არათითის გაშეშება.

ასე იყო, სანამ ეზოს მხრიდან მემაწვნის ხმა არ შემოესმა. ბარბაცით ადგა და სამზარეულოს ფანჯარა გამოაღო, ჩარჩოზე გარედან მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოკიდებულ თოკიან კალათაში ფული და ცარიელი ქილები ჩადო და ძირს ჩაუშვა.

– როგორც ყოველთვის?! – ამოსძახა მემაწვნე ბიჭმა და ოთხთვლიანი პატარა ურიკა კედელთან მოაგორა.

– ნახევარი.

– ხომ იცი, ზეგამდე არ ვიქნები. – კალათში მაწვნის ქილის ჩადებას აგვიანებდა ბიჭი.

– ვიცი. ქალაქიდან გავდივარ. – შუბლზე გამოსული წებოვანი ოფლი მოიწმინდა მამაჩემა და კალათი ნელა აიტანა ზევით.

– მაწონი, აბა მაწონი! – ყვიროდა ბიჭი.

მამაჩემმა მაწვნის ქილას გაზეთის თავსახური გადახადა და მოიყუდა, ნახევრამდე ჩაცლილი ქილა რაფაზე დადო დაახლაღა მოავლო ეზოს თვალი. ფლიგელის მოხუცი თავის ბოსტანთან იჯდა, რამდენიმე მეზობელი კაცი კარგა ხნის წინ გაუქმებულ ონკანს უჩხიკინებდა.

– რას უშვებით მაგას, უნდა მოხსნათ?! – ჩამოსძახა კუთხის ბინის ქალმა.

– პირიქით, უნდა შევაკეთოთ!

– საქმე რომ გამოგლევიათ ერთი! – სახლში შებრუნდა ქალი.

– სულ ჩხუბზე და ლანძღვაზე რატომაა ეს ქალი, გამაგებინოს ვინმემ. ზაფხული მოდის, სიცხეები იქნება, შევაკეთებთ ონკანს, ბავშვები გაერთობიან, გამვლელები დალევენ. ცოტა ფულის აგროვებაღა უნდა. სტუდენტი რას იტყვის?!

– მშვენიერი იდეაა. – ჩასძახა მამაჩემმა, ქილა ისევ მოიყუდა და ფლიგელის მოხუც ქალს დაუწყო ყურება. ფლიგელის მოხუცს იმიტომ ეძახდა, რომ ქალი ეზოს კუთხეში მიდგმულ, გაურკვეველი დანიშნულების, ერთი ბეწო შენობაში ცხოვრობდა. ზამთრობით სულ შინ იყო, რომ დათბებოდა, სკამს გამოიტანდა და მთელი დღე თავის უცნაურ ბოსტანს დარაჯობდა, თუმცა ორიოდე კვადრატულ მეტრზე ამოტეხილ ასფალტს რა ბოსტანი ეთქმოდა. თვითონ მხოლოდ დარაჯის ფუნქცია ჰქონდა, ბოსტნეულის მოყვანა კი მის ქალიშვილს ევალებოდა. იმიტომ კი არ დარაჯობდა, რომ ვინმესგან იცავდა, პირიქით, ეზოს ბავშვებს სიამოვნებით ურიგებდა ხოლმე დამწიფებულ კიტრს და პომიდორს და დიასახლისებსაც ატანდა საჭირო ბოსტნეულს. ჩანდა, ეს ყველაფერი სიამოვნებდა. ზაფხულის სიცხიანი შუადღეების მერე ეზოს ქალები კოცონივით შემოუსხდებოდნენ მის პატარა ბოსტანს და დაღამებამდე ლაპარაკობდნენ.

ფლიგელის მოხუცს ხის პრიალა ხელჯოხი ფეხებს შორის მოექცია და ჩითილებიან ბოსტანს ჩასცქეროდა. მის ზევით და მარცხნივ, მეორე სართულის აივნიდან გადმოშვერილ რკინის მილებზე სარეცხი ირხეოდა. კრემისფერი შარვალი თოკებზე ვერ დატეულიყო და დიასახლისს თეთრ მაისურზე მიემაგრებინა. უცნაური სანახავი იყო თავდაყირა დაკიდებული მაისური და ზედ ჩამოკიდებული შარვალი. რაღაცით ბექა ლაზაშის ნიშანს ჰგავდა, რომელიც მალე სოფელ-სოფელ დაიწყებდა წანწალს ღამღამობით, მაგრამ მანამდე, ზუსტად რვა დღეში, ბექა ლაზაში უნდა მომკვდარიყო, თუმცა ამაზე მამაჩემმა, ცხადია, ჯერ არაფერი იცოდა.

ღია ფანჯრიდან პაპიროსის სუნი შემოვიდა, მამაჩემმა გულის რევა იგრძნო და საპირფარეშოში გავარდა, კარის მიჯახუნებაზე, ლოჯიაში, თხელ ფიცრულ კედელზე ჩამოკიდებული კრივის გაცვეთილი ხელთათმანები და პნევმატიური მსხალი შეირხა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10