მამაჩემმა ნომერი დაბის განაპირას მდგარ იაფფასიან სასტუმროში აიღო, სადაც ადრეც გაჩერებულა. ფანჯრიდან ვრცელი ხრიოკი ველი და ტბა ჩანდა, რომელზეც მთვარის შუქი ირეკლებოდა, მარჯვნივ, გორაკის ძირას მიდგმული ქოხები ჩაბნელებული იყო. საიდანღაც კოიოტების ყმუილი ისმოდა, ქუჩის ძაღლები სასტუმროს გასწვრივ იდგნენ და გამწარებით უყეფდნენ მკრთალად განათებულ სივრცეს, დაბის დატოვებას ვერ ბედავდნენ, რადგან იქით უკვე მათი ტერიტორია აღარ იყო, საზღვარს კი საგულდაგულოდ იცავდნენ. სხვებზე გამბედავი ზოგიერთი ძაღლი რამდენიმე ნაბიჯით გასცდებოდა თუ არა სასტუმროს კიდეს, ყმუილს გაგონებისთანავე, გაბრაზებული იხევდა უკან.

მამაჩემმა ფანჯრის რაფიდან მკლავი ჩამოიღო, ფანჯარა მიხურა, დაბუჟებული იდაყვი მოისრისა და ხმაურით შეშინებული ლეკვი, რომელიც წკმუტუნით ედებოდა ფეხებში, ხელში აიყვანა.

ცოტა ხანში კარზე დააკაკუნეს. მამაჩემმა გააღო, ჯერ ახალგაზრდა, თხლად ჩაცმული ქალი შემოვიდა სინით ხელში, მას კი სასტუმროს დიასახლისი შემოჰყვა.

– ესეც თქვენი ვახშამი.

– გმადლობთ. – მამაჩემი ღია კართან დადგა.

– თუ გნებავთ ეს ლამაზი გოგონაც დარჩება, წინ გრძელი ღამეა. თქვენ კი მარტო ხართ.

– არ არის საჭირო, თან სულაც არ ვარ მარტო. – ლეკვისკენ გაიხედა მამაჩემმა.

– თუ შეიძლება აივანზე გასვით, არაფერი მოსვაროს! – სახე მოეღუშა დიასახლისს. – წამოდი, დროზე! – გასძახა გოგოს, რომელიც ლეკვს ეფერებოდა, – ძილინებისა!

მამაჩემმა ხაჭოს მთელი ულუფა ლეკვს აჭამა, თვითონაც ივახშმა და წამოწვა. მოპირდაპირე კედლის შუაში გახუნებულ შპალერთან შედარებით მკვეთრი კვადრატი ჩანდა, სურათი ახალი ჩამოხსნილი უნდა ყოფილიყო. ჩემოდნიდან ზამთრის პეიზაჟი ამოიღო, წვრილ ლურსმანზე დაკიდა და ისევ წამოწვა, ნახატი გვერდულად ეკიდა, მაგრამ გასწორება დაეზარა.

დილით წკმუტუნმა გააღვიძა. ლეკვს კუჭი აშლოდა და ზედ ლოგინზე მოესაქმებინა, ახლა კი საწოლის კიდესთან იდგა და ქვევით ჩასვლას ვერ ახერხებდა. მამაჩემმა სწრაფად ჩაიცვა, ლეკვს თავისივე განავალში მოთხვრილი კუდი მობანა, ჩემოდანი აიღო და ქვევით ჩავიდა.

– ხომ ისაუზმებთ?! – ამჯერად გაღიმებული შეხვდა დიასახლისი.

– არა, გმადლობთ. მეჩქარება! – მამაჩემმა ფული გადაიხადა, სანახევროდ ცარიელი მაგიდებით სავსე დარბაზი გადაჭრა და გარეთ გავიდა. მთავარი ქუჩა უკვე ხალხით იყო სავსე.

ვერ გადაეწყვიტა, ესაუზმა თუ არა, ბოლოს მაინც საუზმობა გადაწყვიტა, თონეში პური და ყველის რამდენიმე ნაჭერი იყიდა და მოფარებული ადილის ძებნა დაიწყო.

– პური მომიტეხე, რა! – სიმთვრალით დაღლილი ხმა შემოესმა უცებ. ეს რომ ყოფილიყო ფულის თხოვნა, მამაჩემი რეაქციის გარეშე გააგრძელებდა გზას, მაგრამ მოსმენილი სიტყვები ჟღერდა, როგორც ძაღლურად მცხოვრები ადამიანის გადარჩენის სურვილი, რადგან სიკვდილს ისევ ძაღლურად ცხოვრება სჯობდა, თუნდაც მისი გაურკვეველი ბუნების გამო, და მამაჩემი მიტრიალდა, შუახანს ბევრად გადაცილებული ქალი ბზის ბუჩქებს შორის ჩაკარგულ კიბის საფეხურზე იჯდა და უყურებდა. მამაჩემმა ცხელი თონის პური შუაზე გატეხა და ნახევარი მისცა, მერე ყველის ნაჭერიც გაუწოდა, მაგრამ ქალმა არ გამოართვა, პურს ჯერ უყნოსა, მერე ტუჩები შეახო, ბოლოს ცივი ლოყა დაადო, როგორც ჩვილის სათუთ და სურნელოვან სახეს, და თვალები დახუჭა.

– ციხიდან გამოვედი და ვერაფერი გავიგე! – თავის ნელი რწევით ჩუმად თქვა ქალმა და ეს ნიშნავდა მადლობასაც, ბოდიშსაც, თავ-ბედის წყევლასაც და საყვედურსაც ღმერთის, საკუთარი თავის და კაცობრიობის მისამართით წარმოთქმულს.

მამაჩემმა თონეში დაბრუნება და მისთვის პურის ყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ პურის თხოვნის მიზეზი შიმშილზე ბევრად მნიშვნელოვანი და დიდი იყო: ეს გახლდათ ყურადღების მიქცევის თხოვნაც და მოთხოვნაც, იმისი დამტკიცებაც, რომ აჩრდილი კი არა, ადამიანი იყო, რომელსაც შეიძლება ჭამა უნდოდეს, და იმისი დამტკიცებაც, რომ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მშიერს პურს უწილადებდნენ.

მამაჩემი მოშორებით ჩამოჯდა და რამდენიმე ლუკმა ძალით გადაყლაპა, დანარჩენი შემოკრებილ მაწანწალა ძაღლებს გადაუგდო და ომნიბუსების სადგურისკენ წავიდა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10