გიორგი ლეონიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას საკმაოდ კარგად ვიცნობ. მრავალი წერილი და ერთი წიგნიც მაქვს მასზე გამოქვეყნებული, მაგრამ სათქმელი მაინც ბევრი დამრჩა. ვაპირებ, რამდენიმე ახალი ესსე დავამატო 2003 წელს გამოცემულ წიგნს – „ქართული სიტყვის ბაზიერი“. რასაც ამჟამად ვიტყვი, მცირეზე მცირე ანარეკლი იქნება მისი მრავალმხრივი, ვეებერთელა შემოქმედებისა.
აქვე მინდა გავიხსენო გრიგოლ კიკნაძის, აკაკი გაწერელიას, გრიგოლ აბაშიძის, ქიცა ხერხეულიძის, ივანე ლოლაშვილის, გიორგი კალანდაძის, გია მარგველაშვილის, გურამ ასათიანის, სარგის ცაიშვილის, თამაზ ჩხენკელის, ზაზა აბზიანიძის და სხვათა საყურადღებო წერილები.
ინტერესი გიორგი ლეონიძის შემოქმედებისადმი არც შემდგომში განელებულა და იმედი უნდა ვიქონიოთ, მომავალ თაობათა ლიტერატორები არაერთხელ მიუბრუნდებიან მის უბერებელ, ელვარე პოეტურ სიტყვას.
არ შემიძლია არ მოვიგონო შესანიშნავი მთარგმნელისა და ჟურნალისტის დიმიტრი გულისაშვილის მამა, დედის მხრიდან გიორგი ლეონიძის ბიძაშვილი, მეტყევე მიხეილ გულისაშვილი. იგი სიყრმიდანვე თხელ კარტონზე აკრავდა თავისი საამაყო ნათესავის გამოქვეყნებულ ლექსებს და სხვა მასალებს. დაკარგვას თუ დავიწყებას გადაარჩინა გიორგი ლეონიძის უძლიერესი, მეტად თავისებური თავისუფალი ლექსები – „ქართლი“, „თამარ“ და მრავალი სხვა. ყოველივე ეს ძალიან გამომადგა მუშაობისას და მერე პოეტის ოჯახს გადავეცი.
ვფიქრობ, და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ, რომ მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაში გამოიკვეთა თანაბარი სიდიდის ორი გენიალური პოეტი – გალაკტიონ ტაბიძე და გიორგი ლეონიძე. სიმბოლურად მოჩანს ისიც, რომ ორივე მათგანმა 67 წლის ასაკში დაამთავრა მიწიერი ცხოვრება. გალაკტიონი 7 წლით იყო უფროსი და საბჭოთა რეჟიმის უკიდურეს გამკაცრებამდე მეტის გაკეთება მოასწრო, 1927 წელს დასცალდა თავისი საუკეთესო „ზარნიშიანი წიგნის“ გამოცემა, რის შემდეგაც ხანგრძლივი შემოქმედებითი კრიზისი დაუდგა.
გიორგი ლეონიძემ თავისი ლექსების პირველი წიგნი ორმოცი წლისამ გამოსცა (1939). მერე კი მასაც სულისშემხუთველ გარემოში მოუხდა, ათეული წლების მანძილზე, ლიტერატურული მოღვაწეობა. სიცოცხლის მიწურულსღა დაიბრუნა ძველი იერსახე.
სიყმაწვილეში გიორგი ლეონიძეს ეტყობოდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების, უპირატესად „მესაფლავის“ გავლენა, მაგრამ მისმა შეგირდობამ ხუთიოდე წელი გასტანა და მალე იპოვა თავისი ხმა, თემები.
ადრეულ ხანაში გალაკტიონ ტაბიძეც განიცდიდა ფრიად პოპულარული იოსებ გრიშაშვილის გავლენას, მაგრამ პირველი წიგნის გამოცემის შემდეგ, 1915 წლიდან მოყოლებული, თავი გამოავლინა, როგორც ქართული ლექსის უდიდესმა რეფორმატორმა.
ამ ორმა კარგად იცოდა ერთმანეთის ფასი და ღირსება. არავის გაკვირვებია, რომ გალაკტიონის დასაფლავების დღეს, მთაწმინდაზე, ყველაზე ღრმა, შთამბეჭდავი სიტყვა გიორგი ლეონიძემ წარმოსთქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სოლომონ ლეონიძის სასახელო მემკვიდრე იყო. სწორედ იმ დღეს აღნიშნა: „გალაკტიონის შემოქმედება ჯერ ხსოვნა იყო ჩვენი სიჭაბუკისა და მერე მუსიკა ჩვენი სულისა“. რამდენიმე წლის მერე „მთაწმინდის გედის“ ხსოვნის საღამოზე, მანვე განაცხადა: „გალაკტიონის პოეზია ბედნიერი ნიჭისაა – მოცარტული. თავადაც მახსოვს – 1965 წლის ზაფხულში, წყნეთის აგარაკის ფართო აივანზე (მისი გეგმით აშენებული ის დიდებული აგარაკი, დაუდევრობისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ამჟამად დანგრეული, გაპარტახებული, მესაუბრებოდა გალაკტიონის შეუდარებელ მუსიკალურობაზე. მითხრა – ეპიკა, პოემები მის მთრთოლვარე სულთან შეუთავსებელი იყო, ხოლო ლირიკის მოზრდილი, უბრწყინვალესი ტომი გამოუვა და ეს პოეტისათვის ძალზე ბევრს ნიშნავსო.
გალაკტიონს, გარდაცვალების მერე, ნამდვილად გაუმართლა. მისი დანატოვარი სამაგალითოდ არის მოვლილი. ამჟამად ლიტერატურის ინსტიტუტს წამოწყებული აქვს მაღალ მეცნიერულ დონეზე მომზადებული თხუთმეტტომეულის ახალი აკადემიური გამოცემა, რომელსაც მეთაურობს ჩვენი საუკეთესო ლექსმცოდნე თეიმურაზ დოიაშვილი. დაისტამბა ხუთი ტომი. გარდა ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირმა რატიანის ყოველმხრვი მხარდაჭერისა, გალაკტიონის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელს ნაყოფიერად ეხმარება მის მიერვე აღზრდილი ნიჭიერი ლექსმცოდნე ნათია სიხარულიძე.
გიორგი ლეონიძის მდგომარეობა, ამ მხრივ, სავალალოა. ინსტიტუტში გამოცდილი ტექსტოლოგის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ძალისხმევით მომზადებული იყო პოეტის თხზულებათა ათტომეული. შვიდი-რვა წლის წინ გაჩნდა შესაძლებლობა, ფინანსურად წამგებიანი ეს ათი ტომი გამოცემულიყო, მაგრამ ერთ-ერთმა მემკვიდრემ, გიორგი გვინჩიძემ, კატეგორიულად მოითხოვა ჰონორარი, რის გამოც ხსენებული პროექტი ვერ განხორციელდა. ეს, ცხადია, დიდად აბრკოლებს განსვენებულის შემოქმედების მეცნიერულ შესწავლას.
ამას ემატება ერთი სამწუხარო ამბავიც. გარდაცვალების წელს, 1966 წლის გაზაფხულზე, გიორგი ლეონიძემ თავის ლექსთა ავტოგრაფები გაანადგურა, აღარაფერში დამჭირდებაო. ეს დასანანი ფაქტი ალბათ ხელს შეუშლის პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობის აკადემიურ გამოცემას.
სავსებით ნათელია, რომ გიორგი ლეონიძე სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული უმდიდრესი ხალხური პოეზიის ძირებთან, ქართული ენის დაუშრეტელ წიაღთან. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ღრმად განათლებული „ცისფერყანწელი“ საფუძვლიანად იცნობდა რუსულ და ევროპულ ლიტერატურას, ედგარ პოს, როდენბახს, ვერჰარნს, უაილდსა და სხვებს. ცნობილ „ავტოპორტრეტში“ პირდაპირ ამბობს, რომ არის „არტურ რემბოსთან ბოროტ ტყუპად ჩახუტებული…“, რაც ზედაპირული განაცხადი არ გახლავთ. თვით ეს საპროგრამო ლექსი ასე იწყება: „ვარ ბარბაროსი, ვარ ხაზარი, ვარ სარაცინი… “ ბარბაროსობა აქ სიახლის, ძლიერების სინონიმია. ამაზე მეტყველებს მისი „ანდერძის“ შემდეგი სტრიქონები: „და ავსებული ბარბაროსულად, მიყვარდა სიტყვა მიმინოსებრი“.
საერთოდაც, გიორგი ლეონიძე, სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე, მუდამ დასავლურ კულტურასთან (საბერძნეთი, ბიზანტია, ევროპული ქვეყნები) მჭიდრო კავშირის მომხრე იყო და მისი ეს თვალთახედვა საგანგებოდაა გამოსაკვლევი.
თავიდანვე უნდა განვაცხადო – უპირველეს ყოვლისა, ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს გიორგი ლეონიძის დანატოვარის აკადემიური გამოცემა და ეს მამულიშვილური საქმე ისევ და ისევ რუსთაველის ფონდმა უნდა ითავოს. ამის გარეშე ყოვლად შეუძლებელია მისი შემოქმედების მეცნიერული შესწავლა.
ყოველი ჩვენგანი ვალდებულია, ყველაფერი გავაკეთოთ საიმისოდ, რათა გიორგი ლეონიძის უზარმაზარი ნიჭი და განუზომელი ღვაწლი ღირსეულად დაფასდეს, მისი სახელი დადგეს იმ სიმაღლეზე, „ყივჩაღის პაემანისა“ და „ოლეს“, „ნატვრის ხის“ დამწერს რომ ეკადრება.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან ცხადი ხდება – მეოცე საუკუნის ქართველი კლასიკოსებიდან არავინაა გიორგი ლეონიძესავით უყურადღებოდ დატოვებული, პოეტის გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და მისი არქივი დღემდე არ არის დახარისხებული, მეცნიერულად შესწავლილი. თვითონ, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველას თავგადაკლული ჭირისუფალი, დამხმარე იყო.
გიორგი ლეონიძის უფროსმა შვილიშვილმა, დიდი ცოდნისა და დიაპაზონის ისტორიკოსმა გიორგი ქავთარაძემ, ოჯახის ხარჯით, ორჯერ გამოსცა პოეტის რჩეული – „საქართველოს ცრემლები“ (2000) და „ლექსნი თქმულნი გიორგი ლეონიძისა“ (2002), მაგრამ, მცირე ტირაჟის გამო, ეს წიგნები მკითხველამდე არც მისულა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9