დამხმარე სიტყვები და შედარება

 

ზოგიერთი მკვლევარის ნაშრომში წამიკითხავს, რომ ლექსში დამხმარე სიტყვების (როგორც, ვით, თითქოს, მსგავსად და მისთანანი) გამოყენება მხატვრული ზემოქმედების ძალას ანელებს. ამ აზრის განზოგადება არ უნდა იყოს მართებული. მაგალითად, გიორგი ლეონიძის ლირიკაში ასეთი რამ არ შეიმჩნევა. შედარებისას იგი არ ერიდება დამხმარე სიტყვებს და შთაბეჭდილება ყოველთვის ძლიერია. ამ კუთხით სასურველია დავაკვირდეთ პოეტის რამდენიმე შედევრს. უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ მისი სატრფიალო ლირიკის გვირგვინი „ყივჩაღის პაემანი“, რომლის ძალისა და გაქანების ლექსი ქართულ პოეზიაში ძნელად თუ მოიძებნება.
ძველი სამარხიდან წამოფრენილი და ჩრდილოეთისაკენ მიმქროლავი გნოლის კვალდაკვალ იხატება გაზაფხულის უმშვენიერესი სურათი, რაც საუცხოო ფონია ქალის სილამაზის წარმოსაჩენად:

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

მკვდრეთით აღმდგარი, თავგაჩეხილი ყივჩაღი თავისი გაუნელებელი ტრფობის საგანს შველას და ალერსს ევედრება. „ათას წლის მერე“ პაემანს ითხოვს (რუსთაველის პოემაზე ორგზის მინიშნებამ ეს ბალადა უჩვეულო სიმაღლეზე ატყორცნა). იგივე დამხმარე სიტყვა („როგორც“) აქ კიდევ უფრო მეტ სიღრმესა და ძალმოსილებას იძენს:

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…

შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ პოეტი ამ ლექსში ცალფა რითმას დასჯერდა. ვინაიდან ორმაგი ჯვარედინი რითმა შებორკავდა სათქმელს, სტრიქონებს სილაღე დაეკარგებოდა და ასეთ თავბრუდამხვევ, ყველაფრის წამლეკავ რიტმს ვერ მოიხელთებდა. აქ უთუოდ ავტორის შეუმცადრმა ალღომ იჩინა თავი.
გიორგი ლეონიძის ოჯახის წევრებისგან გამიგია, რომ „ყივჩაღის პაემანი“ დაწერილია მისი მეუღლის, ეფემია გედევანიშვილის სოფელ გოროვანში. იქ მათი სასახლის აივნიდან ულამაზესი პანორამა იშლება – მოჩანს ქსნისა და არაგვის ხეობა მუხრანის ველითურთ. სწორედ იმ ზღაპრულ გადასახედს მიუცია პოეტისთვის ბიძგი, „ათასი წლის“ წინ დატრიალებული სისხლიანი შეტაკება გაეცოცხლებინა.
ახლა მოვიტანოთ მეორე, არანაკლებ შთამბეჭდავი შედევრის „ნინოწმინდის ღამის“ ის ადგილები, სადაც იგივე დამხმარე სიტყვა ასევე მარჯვედ, ოსტატურად არის ჩასმული:

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ოჰ, იმ ღამემ როგორ აგვაბრიალა,
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას.

ამას მოსდევს მთელი წყება უბრწყინვალესი, პირდაპირი, გაშიშვლებული მეტაფორებისა, ყოველგვარი დამხმარე სიტყვების გარეშე, შედარებათა კვალიც წაშლილია, მაგრამ ეფექტი კვლავინდებურად უძლიერესია:

ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები გაქვს თავთუხის ყანისა…
წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

პოეტის დიდი ოსტატობის გამოვლინებად გვესახება ისიც, რომ ამავე ხერხს იგი მარჯვედ იყენებს სხვა, მცირე საზომით დაწერილ ლექსებში. ბესიკთან ბუნებრივად არის ხოლმე დაწყვილებული „საქართველოს მეფის საზანდარი“, საიათნოვა და სიყვარულისაგან დაფერფლილი აშუღი თავის ერთ საუკეთესო ლექსშიც („მაშ,რა ვუყოთ პოეტებო…“) არ ავიწყდება:

მიეგებეთ, ვინც დამწვარა,
როგორც საათნავა!
განა გიცდის სიყვარული,
ადგება და წავა.

მსგავსი ტონალობისა და თემატიკის ლექსში („თბილისის პოეტები“) გიორგი ლეონიძე გაცილებით მეტ სითამამეს იჩენს და, ამდენად, სიახლეც უფრო თვალსაჩინოა. წარმოსახვის თავისუფლებასთან ერთად, საცნაურია ხატოვანი აზროვნების სანაქებო სიზუსტე:

ჩვენ ბევრნი ვართ პოეტები,
თითქოს ღრუბლის ხორო,
ბევრი, როგორც საყვარელთან,
სამელნესთან ცხოვრობს.

ამ უჩვეულო სითამამისა და მომნუსხველი უშუალობის ძირები ხალხურ პოეზიაშია საძიებელი. საყოველთაოდ ცნობილ შედევრში – „ციცარი“ გიორგი ლეონიძეს პირდაპირ გადმოაქვს ხალხური ლექსის ორი სტრიქონი, რაზედაც ბუნებრივადაა წაბმული და შორს გატყორცნილი მისი ასეთივე ლაღი ნათქვამი:

„გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი“,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9