ჯერჯერობით ყველაზე სრული, მრავლისმეტყველია ლიტერატურის მუზუმის გამოცემული ერთტომეული „ოლე“ (2000), მაგრამ მისი ტირაჟიც მცირე იყო და ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელი დარჩა.
ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციამ გამოსცა ჩემ მიერ შედგენილი გიორგი ლეონიძის რჩეული ლირიკა – „მყვირალობა“, „ჯიბის წიგნი“. წინათქმის ავტორია დახვეწილი გემოვნების ლიტერატორი, პოეტური სიტყვის ფაქიზად შემგრძნობი მაია ჯალიაშვილი.
სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებულ კრებულში შეუტანელი დამრჩა მეტად მნიშვნელოვანი მოზრდილი ლექსი „ახალი მინდვრების სიმღერები“, რომლის გამოქვეყნება, გასაგები მიზეზის გამო, ავტორმა ადრე ვერ შესძლო. ეს არის გლეხური მეურნეობის განადგურების, პატრიარქალური ოჯახების რღვევის ხანა. სტრიქონებიდან გვესმის სოფლური მყუდროების ტკივილიანი გამოტირება:

მშვიდობით, სოფლის ორღობეებო,
აღარ შეგრჩებათ არც ერთი ღობე
და ვეღარაფერს ვეღარ გაჰყოფენ.
გადიხსნებიან ვიწრო ეზონი,
ვით მშობიარე ქალის თეძონი…

* * *

მშვიდობით, ჩემო ქოჩორა ჭალავ,
წისქვილის თავზე წნორო მწუხარევ,
დაჟანგებული ფურცლები ქარსა
უკანასკნელად გადაუყარეთ…
ჩაგაფრინდებათ კაპასი ცული
და ნაფესვარებს გაჰგლეჯს ნიჩაბი,
სამშობლოს მიწას რკინამ ურქინა,
როგორც ზღვის მუცელს ურქენს ვეშაპი?

შავო კამეჩო, შავად დამწვარო
ჩემო ბესია,
ეხ, მწვანიანო მყუდრო ალაგო!..
სოფლის ლაჟვარდი ჩამოგვეხია,
ახლა კი დროა ჩავიქალაქოთ.

სულ სხვა ვარსკვლავი ცაზე შემოჯდა,
მიწას დააცხრა ჯავშანთ კრებული,
შესაცვლელია ჩემი სიმღერაც
ყელის ძარღვებში ჩაკერებული.

ნუღარ ვუშველით, ნუ გადავარჩენთ,
სჯობს გასწყდეს იქა, საცა წვრილია
ნუღარ მიბღავი, შენი ზმუილი
სხვა სიმღერებით ხომ შეცვლილია.

30–იანი წლების ძალდატანებითი კოლექტივიზაცია, ე. წ. განკულაკება, რომლის დროსაც გამრჯე გლეხები მიწას მოსწყვიტეს, გააციმბირეს, მილიონობით გაჟლიტეს, საბჭოთა რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება. არანაკლები უბედურების მომტანი იყო დროდადრო მოწყობილი უსასტიკესი, სისხლიანი რეპრესიები, რამაც წელში გაწყვიტა ხალხი.
ძველ რუსულ სოფელს ასევე გულმდუღარედ მისტიროდნენ კლიუევი და ესენინი, რომელთაც ბოლშევიკებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს.
ცოტა რამ მაინც უნდა ითქვას გიორგი ლეონიძის პირველ უიღბლო სიყვარულზე, ჩვიდმეტი წლის ჭაბუკს სალონურ ოჯახში გაცნობილი, განათლებული უმშვენიერესი ქალიშვილის, ანგელოსურად სპეტაკი სულის ლელი ლორთქიფანიძის მიმართ რომ ჰქონდა: რამდენიმე ჰაეროვანი, ბროლივით გამჭვირვალე ლექსი უძღვნა პოეტმა მის სათნოებასა და სილამაზეს. ერთი მათგანი ასე ჟღერს:

შველი ხარ თუ ზამბახი, სუფთა და მოკამკამე,
შენ მიწისა არა ხარ, შენ არ გიცნობს სამარე.

შენ მთვარის ფეშქაში ხარ და ყვავილთა სამოსი,
შენზე ფიქრიც სურნელობს, ვით ცეცხლზე ბალსამოსი –

ჩემთვის თვალშეუდგამო, ჩემგან შესამკობი ხარ –
ერთი ხარ და ზარიფი, ათას ყვავილს სჯობიხარ.

ლელიც თანაუგრძნობდა ტანბრგე, საუცხოო ზნისა და გარეგნობის ვაჟკაცს. ლორთქიფანიძეები იმხანად სოლოლაკში ცხოვრობდნენ, ამაღლების ქუჩაზე. შეყვარებულებს ერთმანეთს ახვედრებდა მათი მესაიდუმლე, კეთილი და მოხერხებული სომეხი ყმაწვილი ბეგო, ლორთქიფანიძეების მოჯამაგირე. გიორგის სიყრმის მეგობარი, მისი საყვარელი მხატვარი ლადო გუდიაშვილიც მხარს უბამდა. იმის მიუხედავად რომ ფრთხილობდნენ, ქალის მშობლებმა გაიგეს მათი ურთიერთსიყვარული, ახალგაზრდა, ღარიბი გიორგი ლეონიძე სასიძოდ დაიწუნეს – ლელი ძალად გაათხოვეს მასზე უფროსსა და მდიდარ კაცზე. მალე დედ-მამასთან სადილზე სტუმრად მისულმა, შინაგანად აფორიაქებულმა ლელი ლორთქიფანიძემ, რევოლვერით თავი მოიკლა მეორე ოთახში. ადვილი წარმოსადგენია, რა სატანჯველში ჩავარდებოდა ამის შემტყობი გიორგი ლეონიძე. თავზარდამცემმა ტრაგედიამ უღრმესი კვალი დაამჩნია მის ცხოვრებას, ლელის სახება მუდამ ხატივით ედგა თვალწინ და არც მოშორებია.
ყველაფრიდან ჩანს (დროც, ცალკეული რეალიებიც ზუსტად ემთხვევა), რომ „ნატვრის ხის“ უძლიერესი ნოველის, „მარიტას“ მთავარი გმირის პროტოტიპი სწორედ ლელი ლორთქიფანიძეა. გიორგი ლეონიძემ სამარადისო ძეგლი დაუდგა მის სპეტაკ ხსოვნას.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9