„გურამიშვილის ცხოვრება“, სიცოცხლის ბოლოს საფუძვლიანად გადაამუშავა, ბევრი რამ დაამატა, ჟურნალ „მნათობშიც“ გამოაქვყნა, მაგრამ წიგნად გამოცემა ვეღარ მოასწრო, ასევე დარჩა.
გიორგი ლეონიძე სიყმაწვილიდანვე ცხოველ ინტერესს იჩენდა თეატრისადმი, ვინაიდან ერის სულიერად ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ ფენომენად მიაჩნდა. 15 წლისამ ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოაქვეყნა ძალზე მნიშვნელოვანი ცნობების შემცველი წერილი „კონსპექტი ქართული თეატრის ისტორიისა“. ცხადყო, რომ ქართულ თეატრს გეზი იმთავითვე ევროპისკენ ეჭირა: ეს სიყვარული პოეტს ბოლომდე გაჰყვა. მუდამ ადევნებდა თვალყურს თეატრის უდიდესი რეფორმატორის, კოტე მარჯანიშვილის დაუცხრომელ მოღვაწეობას.
სანახაობრივი წარმოდგენებისადმი ემოციური დამოკიდებულებითა და ღრმა განსჯით აღსავსე გიორგი ლეონიძის წერილები და რეცენზიები ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს ყველას, ვინც ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიის შესწავლას განიზრახავს.
ერთმა ცნობილმა პოეტმა, ვისაც პატივი, დაფასება არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების მერე დაკლებია, ასეთი რამის დაწერა იკადრა:
„გიოგი ლეონიძეს აქვს დიდი სიტყვიერი მარაგი, მაგრამ ქართული ენის სტიქიაში ვერ ზის“.
უხერხულიც კია, ამგვარი პიტალო სისულელის მთქმელს შეეკამათო: ეს თავხედობა მასვე ეყოფა სამუდამო სირცხვილად.
სამწუხაროდ, ამაზე ბევრად უარესი მკრეხელობის მოწმენიც ვხდებით. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა ოთხი წლის წინ გამოსცა საკმაოდ მდარე, უსუსური პოეტის იოსებ მჭედლიშვილის (1888-1950) მრავალმხრივ ცილისმწამებლური და ამაზრზენი, უხამსი გამოთქმებით სავსე „დღიური (1924-1941).“
მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდა, არ კმარა, ასე უკრიტიკოდ გამოაქვეყნო მისი ერთობ მოუზომავი ჩანაწერები. უღიმღამოდ გამოიყურება ანოტაციაში ნათქვამი ზოგადი ფრაზა: „ავტორი ხშირად ტენდენციურია“. წიგნში უშვერი სიტყვებით არის გალანძღული ქართული მწერლობის უთვალსაჩინოესი მოღვაწეები. გრიგოლ რობაქიძეზე ისეთი რამე წავიკითხე, ამოწერა შეუძლებელია. „ცისფერყანწელთა“ ჯგუფის წევრები სხელიერთპირად ავანტიურისტებად არიან მონათლულები. ტიციან ტაბიძე მოხსენიებულია, როგორც „ნაძირალა, უკაცრავად პასუხია მწერალი“. პაოლო იაშვილს მთლად მიწაში სდებს. პირდაპირ დედას აგინებს და არანაირ სიბინძურეს არ იშურებს მის გასათუთხნად.
განსაკუთრებული ბოღმა გიორგი ლეონიძის მიმართ ჰქონია. ცალკე დღიურს (2.XII-39 წ.) უძღვნის. თავს იწონებს. პატარძეულელი ქალის შვილი ვარ და გოგლა ლეონიძის ასავალ-დასავალი ძირფესვიანად ვიციო. თავდაჯერებული, მედიდურად წერს:
„როგორც მე ვიცნობ მას საქმიდან, შეუდარებელი ინტრიგანია, პლაგიატი, მუხთალი, გაიძვერა და როგორც მწერალი, თუ არ ვცდები, საშუალოზე უფრო პატარაა, ისეთი, როგორიც ქართულ ლიტერატურაში დიდ კვალს ვერ დაამჩნევს.“
შურითა და სიძულვილით დაბრმავებული იოსებ მჭედლიშვილი იქვე გიორგი ლეონიძის ვითომდა არაქართულ წარმომავლობაზე წერს, ოსეთიდან გადმოხვეწილი ლევანიძის შთამომავალიაო. აქვეა დაბოლოება ამ დღიურის (გვ. 222). სინდისგარეცხილი პიროვნება გიორგი ლეონიძეს ჩეკისტობასაც აბრალებს. ასეთ აღმაშფოთებელ შეურაცხყოფათა და ცილისწამებათა პასუხგაუცემლად დატოვება ყოვლად გაუმართლებელი იქნება.
ლიტერატურის მუზეუმი მხოლოდ საეჭვო ღირებულების მწერალთა დანატოვარს როდი სცემს. ახლახან დაისტამბა ძალზე მნიშვნელოვანი ორი წიგნი – „ცისფერყანწელები“ (მიმოწერა), სადაც უხვად არის წარმოდგენილი იშვიათი მასალები, ნათელს რომ ფენს ოცდაათიანი წლების რთულ ლიტერატრულ ცხოვრებას.
ჩემთვის ამჯერად საყურადღებო იყო 1933 წლის აგვისტოთი დათარიღებული წერილი, რომელსაც ბოროტმოქმედთაგან ახალგაძარცული გიორგი ლეონიძე უგზავნის თავის უახლოეს მეგობარს ტიციან ტაბიძეს. ცუდ გუნებაზე დადგები, ისეთი შეჭირვებულია ლიტერატურის მუზეუმის მაშინდელი თავკაცი. მომაქვს წერილის პირველი, საქმიანი ნახევარი:
„ძმაო ტიციან!
თუ ძმა ხარ, შემდეგ სათხოვარს გავალებ: 7-8-ში უნდა ჩამოვიდე ტფილისში, მაგრამ როგორც მნახე – არაფერი მაქვს. ის ხალათიც სხვისაა, მე რომ მეცვა. შარვალიღაა ჩემი – ისიც დახეული.
1). მგონი 1 სექტემბრისთვის მწერალთა კავშირში ტანისამოსი და ფართალი უნდა დაარიგონ. იქნებ ნორმაზე მეტი მომცენ, როგორც დაზარალებულს. ან მწერალთა კავშირმა მიშუამდგომლოს, სადაც ჯერ არს, მომცენ 1 კოსტიუმი, პლაშჩი და ფეხსაცმელი – შეღავათიან ფასებში.
2). იქნებ შენ და პაოლომ ინახულოთ ამხ. ვართანი და კოსტიუმის საქმეში რამე დამეხმაროს, რადგან არ ვიცი, ჩემ თავს მოვუარო თუ ცოლს და შვილებს, რადგან მათაც ბევრი რამ დააკლდათ.
გაძარცული ვარ, შიგნით და გარეთ!
თუ ძმა ხარ, შედით ჩემს მდგომარეობაში, ლამის არის თბილისში ვეღარ ჩამოვიდე და თუ რამე შეგიძლიათ, გამიკეთეთ ან მწერალთა კავშირში, ან ჩემს სამსახურში – აღმასკომში.
თუ ძმა ხარ, ჩვეულებრივ ჩვენებურ დაუდევრობას ნუ გამოიჩენ ამ ორ პუნქტში, მიდი ჩემთვის და ორი სტრიქონიც მომწერე – ბაკურიანი, ახალქალაქის ქ. №5, გ. ლეონიძე.“
აქვე ჩანს, როგორ ზრუნავს გიორგი ლეონიძე ხანდაზმულ ქართველ მწერლებსა და მუზეუმისთვის საჭირო მემუარულ მასალებზე. ფრიად ამაღელვებელია ეკატერინე გაბაშვილისა და მისი მიმოწერა: „მაგდანას ლურჯას“ ავტორს გიორგი ლეონიძე თხოვს გააგრძელოს მოგონებებზე მუშაობა ბავშვობიდან მოყოლებული. ხელშეკრულების დადებას და გასამრჯელოს პირდება. ასეთი შემთხვევები მრავლად იყო მის ცხოვრებაში და ცალკეა შესასწავლი.
თუ რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ახლობლებდაკარგული პოეტის გულში, ყველაზე ცხადად დაგვანახვებს მისი ერთი დაუთარიღებელი, მაგრამ ყველა ნიშნის მიხედვით სიცოცხლის მიწურულს დაწერილი ორსტროფიანი უსათაურო, რომელშიც დაუფარავი საყვედურია გამოთქმული უმადური თანამედროვეობისადმი. გაგვიჭირდება, ამ ბრაზმორეულ სტრიქონებში „დიადი ეპოქის მომღერალი“ დავინახოთ:

რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ,
გამაგებინე – რა ლექსი გინდა,
რომ არ მომეცი მე მყუდროება,
არც წყალი მასვი მე გემოწმინდა

რად დამიგრიხე ხორხზე საბელი
და ფრთაში წყლული რად გამიჩინე,
რად აკვლევინე კაენს აბელი,
რომ ერთი ძმაც კი არ შემარჩინე…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9