ამასვე ეხმიანება განუყრელი მეგობრების – პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოზრდილი ლექსი, საიდანაც გაუნელებელი გლოვის ხმა ისმის. აღწერილია წყნეთის ის ადგილები, სადაც ადრე ერთად ლაღობდნენ სამივენი, ახლა კი არყოფნიდან მათი ძვირფასი ლანდების გამოხმობას ლამობს:

უძოზე,ისევ მღერის ბულბული,
ისევ მაისის ჩახჩახებს ღამე…
თქვენ კი, სადა ხართ გადაბუგულნი,
გადაფერფლილნი, ძმებო, ხმა გამეთ!..

განახლებული ტკივილი თანდათან მძაფრდება და ფინალურ სტროფში უმაღლეს წერტილს აღწევს, დაღუპულ ძმებს დანატრებულ მხცოვან ვაჟკაცს სუნთქვას უკრავს:

ვისაც სათქმელი არაფერი აქვს,
ადვილი არი მისთვის ლექსობა,
მე სიტყვა ცრემლში დამიფერია,
ძველ წყლულში დანა ფხით გამესობა.

ამ ხასიათისა და ტონალობის ლექსთა გაუთვალისწინებლად გიორგი ლეონიძის პიროვნებასა და პოეზიაზე სრულ, ნამდვილ წარმოდგენას ვერ შევიქმნით.
პოეტი თავის დროს ვერ გაეთიშება და სიჭაბუკის ჟამს დაწერილ, კოცონივით აბრიალებულ ლექსშიც („თუკი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით“) იგი ცამდე მართალია, როცა საქვეყნოდ აცხადებს:

მე მაჟრჟოლებს ჩემი დიდი დროება…
დავინახე, ცეცხლი ცეცხლზე მოება.
დავინახე, მეხმა როგორ დააპო
საქართველოს საყდრული მყუდროება.

ყველა შემთხვევაში საქართველოს დაცვისა და გადარჩენისათვის იბრძოდა, არ ეთმობოდა ერთი გოჯიც კი წინაპართა სისხლით მორწყული მიწისა და ამ ლექსის ფინალშიც თავის თავს შეუძახა:

ლეონიძე! ამ დღეებს უდარაჯე,
შენ თუ გასძლებ, შენი სიტყვის იმედით…
საათნავას გაყინულ სუდარაში
ჩარჩენოდა ჭიანურის სიმები.

„ჭიანურის სიმები“, ცხადია, პოეზიის სიმბოლოდ უნდა გავიგოთ. ლექსისა და სამშობლოს, ადამიანების სიყვარულის გარეშე მას ერთი დღეც არ უცხოვრია.
წინაპარი მწერლებისადმი უსაზღვრო თაყვანისცემა გიორგი ლეონიძეს არაერთგან გამოუთქვამს და ყველაზე სრულად ამას 60 წლის პოეტის მიერ დაწერილი „ტოპონიმიკა“ გამოხატავს, ოთხ სტროფად განფენილი:

რუსთავი – შოთას აკვანი,
ტანძია – სულხან-საბასი,
ვცეთ საგურამოს თავანი
დავითის ცრემლის საფასით.

ყვარელში ფიქრობს ილია,
ქართლს ააცდინოს ურიგო;
საჩხერის ციცნათელებში
მღერის აკაკი „სულიკოს“.

ჩარგალის ყველა ჩანჩქრიდან
ვაჟას ხმა მეჩურჩულება;
ყაზბეგში იწვის ყაზბეგი,
როგორც ჭაღარა თქმულება.

და უცებ შემომანათებს
დიდი სადროშო პირიმზის –
ბარათაშვილის, ბესიკის,
ორბელიანთა თბილისი.

გიორგი ლეონიძის მუდმივი, ყველზე დიდი სალოცავი მაინც რუსთაველი იყო და მის უკვდავ ქმნილებას კიდევაც მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი შედევრი. ვეფხისტყაოსანს იგი ბუნების საოცრებად, ადამიანის მაცოცხლებელ ულამაზეს მოვლენად აღიქვამდა. ასე რომ არ ყოფილიყო, არ იტყოდა:
ხელში აგიღებ – გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი…
ჩაგცქერი;
წიგნი კი არა – ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9