ფრინველად გარდასახული ქალის ქროლვა და გაუჩინარება, ერთი ზმნის მეშვეობით, საკვირველი ძალითაა გადმოცემული „ცას დაეხალა ციცარი“ და პოეტის გულდასაწყვეტად ფინალურ სტროფში ისევ ხალხურ გენიას, „ხვარამზეს ლექსის“ ერთ ადგილს ეხმიანება („ქისტეთში დავიკარგები, სახელს დავირქმევ წიქასა“). აქ უკვე „ციცარის“ ავტორი იშორებს დამხმარება სიტყვას; ქისტური, „ლუგ–ლეგა ჩოხის“ ჩაცმაც კოსმიურ მოვლენებს უკავშირდება, ვეება სიმაღლეზეა ატანილი:

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა.

ამ ბედნიერად მიგნებულ მეტაფორას რამდენადმე ენათესავება ისევ დაბალ შაირზე გაწყობილი ლექსის („ივრის პირად“) პირველი სტროფი, სადაც გათენებისა და მშობლიური გარეკახეთის დაუვიწყარი სურათია დახატული:

მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

იგივე მზერა უნდა მივაპყროთ გიორგი ლეონიძის ლირიკისა და მთელი ქართული პოეზიის ერთ-ერთ თვალშეუდგამ მწვერვალს – „ოლეს“, რომლის ამომწურავად დახასიათება და ბოლომდე შეცნობაც შეუძლებელია. „ლიახვის კლდეზე“ ამართულ მარტოხეს პოეტმა სწორუპოვარი ქება უძღვნა და გაუხუნარ სიმბოლოდ აქცია.
მოულოდნელი სულაც არ გახლავთ, მაგრამ მისი ყოელმხრივი, უშურველი შემკობისას მხატვრულ სახეთა უმრავლესობა შედარებების წილად მოდის და აქ თავის ადგილს იკავებს ესოდენ საჭირო დამხმარე სიტყვა. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე სტროფის მოხმობით შემოვიფარგლები:

დგეხარ, როგორც სახრჩობელა,
თვით გახრჩობენ მთები;
დაკიდებულ არწივს ჰგევხარ,
მომსხვრეული ფრთებით.

რაშო, მიწას მიჭედილო,
ვეღარ აიქროლე;
პარტახო და ნამეხარო
მარტოხეო ოლე!

მოდი ჩემთან, დაგაპურო,
არ გინახავს ხემსი,
მე აგიყვან ხელში,
როგორც –
ნაპოვნ ბატკანს მწყემსი.

„ნაპოვნი ბატკანისა“ და „მწყემსის“ ხსენება ლექსს გრანდიოზულ, ბიბლიურ ელფერს აძლევს, ხოლო ძველი და ახალი აღთქმიდან მომდინარე მინიშნებები, როგორც ვიცით, უხვადაა მიმობნეული გიორგი ლეონიძის უმდიდრეს შემოქმედებაში.
ლექსში გაელვებულ თითოეულ გარდასახვას, ცხადია, ვერ გამოედევნები, მაგრამ ფინალთან ეს მეტამორფოზები ისეთ სიძლიერეს აღწევს, ძნელია ამ სტრიქონების მოტანისგან თავი შეიკავო. ყელს მობჯენილი და გადამდებია პოეტის დაუოკებელი ნატვრა:

…რომ ლიახვის რძიან ქაფში
შემოცურდე ტივად,
რომ გაგჩარხო და გაგთალო,
როგორც წმიდა ბროლი,
რომ შენ იყო ჩემს დარბაზში
შუაბოძის ტოლი,
რომ გრძელ ტივებს მოუძღოდე
ხეთა წინამძღოლი.

პოეტის უპირველესი შედევრი დღევანდელ დღეს სრულიად ახლებურად, უმძაფრესი ტრაგიზმით ჟღერს. სიმბოლოს მრავალი განზომილება აქვს და ამჟამად ოლე მოძალადეთაგან დაგლეჯილ საქართველოსაც განასახიერებს. ოლე, ბერყენა, ტყისგან ჩამოშორებულ ხესაც ნიშნავს და შიდა ქართლის დიდი ნაწილიც (ლიახვისა და ქსნის ხეობა), გადამთიელებმა დედასამშობლოს მოწყვიტეს; „ყორნისაგან ჩაყეფილი“, „ლიახვის კლდეზე მდგარი“, „მომსხვრეული ფრთებით“ „დაკიდებულ არწივს“ შედარებული, „პარტახი და ნამეხარი მარტოხე“, უკვე ტყვიებისგან მკერდდაცხრილულიც, დღედაღაამ გვიხმობს, შველას ელოდება.
გიორგი ლეონიძეს პოეტური სახის აგების ნებისმიერი ხერხი ხელეწიფება. ზოგჯერ პირდაპირ, ჯიქურ მიდის ხოლმე სათქმელთან და ამ დროს უარს ამბობს ყოველგვარ დამხმარე სიტყვაზე და ორი, სრულიად განსხვავებული საგნისა თუ მოვლენის მსგავსებას თვალწინ დაგვიყენებს. ასე იქცევა იგი თავის ერთ-ერთ უძლიერეს, სიჭაბუკისდროინდელ ლექსში, „სიმღერა პირველი თოვლისა“, სადაც სიყმაწვილის წლებთან განშორებას მტკივნეულად განიცდის. აქ ყველაზე შესაფერისი, მოხდენილია მიამიტური შეკითხვის ინტონაცია, პასუხს რომ არ საჭიროებს:

ეს თოვლია, თუ მიმინომ
დააფეთა მტრედები?
ვარსკვლავთა ოთახებში
ჩათვლემილებს ეძინათ,
ეხურათ ხავერდები…

წარმოსახვის ბიძგით გაჩენილი „მტრედები“ მდინარის გაღმა გასულან და ეს სინანულმოძალებულ პოეტს დროის თავბრუდამხვევად გასხლტომას აგონებს, სურვილი ებადება, ჟამთასვლას გადაეღობოს:

ორმა გუნდმა კიდევაც
მდინარეში გასტოპა
ჩქარა,
თორემ წასულა
ჩემი ახალგაზრდობა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9