რედაქციისაგან: ამ რამდენიმე დღის წინ ბატონ ემზარ კვიტაიშვილის წერილის საპასუხოდ “ელექტროლიტში” შემოვიდა გამოხმაურება, რომლის ავტორია გიორგი ლეონიძის შვილიშვილი ბატონი გიორგი გვინჩიძე (გრაკლიანი). გამოხმაურებაში, რბილად რომ ვთქვათ, უაღრესად კრიტიკულადაა შეფასებული წერილის ზოგიერთი პასაჟი და იქ მოყვანილი რამდენიმე ფაქტი ცილისწამებადაა შერაცხული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გამონათქვამი ცოტა არაკორექტულადაც მოგვეჩვენა, გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის
ელექტრონული ჟურნალის ,,ელექტროლიტი, ლიტერატურა |ხელოვნება“
რედაქციას
ემზარ კვიტაიშვილის პასუხად
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ელექტრონული ჟურნალის ,,ელექტროლიტი, ლიტერატურა | ხელოვნება“ 2018 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ,,გიორგი ლეონიძე – სამშობლოსა და სიტყვის ,,დამწვარი მსახური““, ემზარ კვიტაიშვილი იუწყება (გვ. 1):
,,ინსტიტუტში“ (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. – გ.გ.გ.) გამოცდილი ტექსტოლოგის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ძალისხმევით მომზადებული იყო პოეტის (გიორგი ლეონიძის. – გ.გ.გ) თხზულებათა ათტომეული. შვიდი-რვა წლის წინ გაჩნდა შესაძლებლობა, ფინანსურად წამგებიანი ეს ათი ტომი გამოცემულიყო, მაგრამ ერთ-ერთმა მემკვიდრემ, გიორგი გვინჩიძემ, კატეგორიულად მოითხოვა ჰონორარი, რის გამოც ხსენებული პროექტი ვერ განხორციელდა“.
ციტირებულ პასაჟში აღნიშნული ჩემ მიერ ჰონორარის მოთხოვნა პაპის, გიორგი ლეონიძის თხზულებათა ათტომეულის გამოცემისათვის, საზოგადოების დეზინფორმაცია და ჩემ მიმართ სრულიად უსაფუძვლო ცილისწამებაა.
ამ ბოროტი ბოდვის გარდა, ემზარ კვიტაიშვილის წერილში, კიდევ არაერთი სიყალბე- გამონაგონი, უზუსტობა, თუ რეალობის არაობიექტური ასახვა – გვხვდება.
გამონაგონია, ვითომდა გარკვეულ საკითხზე საუბრისას, გიორგი ლეონიძემ თავის შვილს, თინათინს (ჩემ დედას), კერძოდ, უთხრა: ,,ეს იმას ნიშნავს, ჩემი სასიცოცხლო ძალა დაშრეტილაო“. ,,მე დიდი დღე აღარ მიწერია, მალე უნდა მოვკვდე…“ (გვ.8).
გიორგი ლეონიძეს, არა თუ სრულიად ჯანმრთელს, სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულსაც კი, სიტყვა არ დასცდენია თავის გარდაცვალებაზე და სიცოცხლის ბოლო წამამდე არ შერიგებია სიკვდილს.
უზუსტობაა ემზარ კვიტაიშვილის მონაცემი, ვითომდა გიორგი ლეონიძეს ნიკო ფიროსმანაშვილზე (ფიროსმანზე) შეგროვილი მთელი მასალა დაეკარგა იმის შედეგად, რომ თბილისში, ,,…ბელინსკის ქუჩაზე დარჩა სახაჭაპურეში…“ (გვ.8).
სინამდვილეში, გიორგი ლეონიძეს ფიროსმანზე მასალა დარჩა ლენინის (ახლანდელი მერაბ კოსტავას) ქუჩაზე, ლიტერატურის ინსტიტუტის პირდაპირ მდებარე საკონდიტრო-სანაყინეში.
რეალობის არაობიექტური ასახვაა ის, რომ გიორგი ლეონიძესთან დაკავშირებით უკანასკნელ ხანებში გამოცემულ წიგნებზე საუბრისას (გვ.1-2), ემზარ კვიტაიშვილი არ ახსენებს ჩემი რედაქტორობით გამოცემულ კრებულს ,,გიორგი ლეონიძე, 100 ლექსი“ (შემდგენელი თინათინ ლეონიძე, გამომცემლობა ,,ინტელექტი“, თბილისი, 2008), ჩემი იდეის საფუძველზე ჩემ მიერვე შედგენილ და ჩემი ხარჯით დაბეჭდილ კრებულს ,,გალაქტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, 100-100 ლექსი გვერდიგვერდ“ (თბილისი, 2010), და ჩემ წიგნს ,,გიორგი ლეონიძის მკვლელობა“ ( გამომცემლობა ,,ინტელექტი“, თბილისი, 2017).
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ელექტრონული ჟურნალის ,,ელექტროლიტი, ლიტერატურა | ხელოვნება“ რედაქციას გთხოვთ, წინამდებარე წერილი მიეწოდოს ისეთივე ფართო საზოგადოებას, როგორსაც მოეწოდა ცილისმწამებელ ემზარ კვიტაიშვილის მიერ ჩემი დისკრედიტაციის ბინძური მცდელობა მისი წერილის თქვენს ჟურნალში გამოქვეყნების მეშვეობით.
წინასწარ გიხდით მადლობას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი უფრთხილდება თავის რეპუტაციას.
პატივისცემით,
გიორგი გრაკლიანი (გვინჩიძე),
ისტორიის დოქტორი
05.02.2019წ.