კაცთაგან ასე ცოტა ვინმე თუ მოფერებია ამ „ხელსატაც სიტყვას“, ჩვენს ეროვნულ საუნჯეს და შემთხვევითი არ არის, რომ ლექსს საკრალური ორი სტრიქონი ხურავს, გულში ჩასაბეჭდად განკუთვნილი:

შენ დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა.

რაოდენ გულსაკლავი და სიმბოლურია, რომ სიცოცხლის მიწურულს, გარდაცვალების ავბედით წელიწადს, როცა ამ „ჩამოქაფული ჩანჩქერის“ ჟრჟოლა ვეღარ უგრძვნია, თავისი უმცროსი ქალიშვილის, თინათინისათვის, უთქვამს: მე დიდი დღე აღარ მიწერია, მალე უნდა მოვკვდე – „ვეფხისტყაოსანს“ ვკითხულობ და ვეღარ განვიცდი. ეს იმას ნიშნავს, ჩემი სასიცოცხლო ძალა დაშრეტილაო.
არასოდეს დამავიწყდება პოეტის ბოლო ჩასვლა პატარძეულში, 1966 წლის აპრილში. გზადაგზა ვჩერდებოდით. იყო ფოტო-აპარატების ჩხაკუნი, მაგრამ მორიდებულობის გამო ვერ გავბედე, მასთან სურათი გადამეღო. ახლა ვნანობ.
საგარეჯოს სკოლაში ახალგაზრდებმა საზეიმო შეხვედრა გაუმართეს. თვითონ წაიკითხა მშვენიერი სიტყვა, რომელიც დაბეჭდილი არ მინახავს. მოსწავლეებს წიგნიერებისკენ მოუწოდა. საყვედურობდა – ბრაზილიის საფეხბურთო გუნდის მოთამაშეთა სახელები ზეპირად იცით, მწერლობასთან კი ცოტა მწყრალად ხართო: აუცილებლად უნდა მოიძებნოს გიორგი ლეონიძის სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვები. მუზეუმის ტომში მხოლოდ ნაწილია დაბეჭდილი.
იმ საღამოს, როგორც ხდებოდა ხოლმე, რომელიღაც შეძლებელი საგარეჯოელის ბინაზე უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი: თბილისში დაბრუნებულს, თავისი დისთვის ეთქვა – უფრო მესიამოვნებოდა, რომელიმე ღარიბი პედაგოგის ოჯახში რომ მივეწვიეთო. მასწავლებლებს დიდ პატივს სცემდა. მამამისი, ვაჟას სემინარიელი მეგობარი საუკეთესო მასწავლებელი და მწერლობის თაყვანისმცემელი იყო.
უძვირფასესი დოკუმენტია, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, მისგანვე დაფუძნებულ ლიტერატურის მუზეუმში გიორგი ლეონიძის მიერ წარმოთქმული დიდებული სიტყვა. დიდად ნიჭიერი, ამაგდარი ჟურნალისტის, ლამარა კიკილაშვილის მზრუნველობით, ეს სიტყვა და სხვა უნიკალური მასალები დაცულია საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდში“.
სწორედ იმ დღეს სთქვა გენიალურმა პოეტმა: „ჩვენი მუზეუმი არის ერის სალოცავი“. აქვე ვიგებთ, 22 წლის განმავლობაში, რა ურთულეს, დამამცირებელ პირობებში უხდებოდა გიორგი ლეონიძეს თავისი პირმშოს მოვლა-პატრონობა, რამდენი უგნურისა და თავხედის შემოტევა მოიგერია. ძველი პორთფელით ოჯახებში დაიარებოდა, რომ საჭირო მასალები შეესყიდა. უნამუსო ადამიანებმა ბევრჯერ დააბეზღეს, მუზეუმის ფულს ანიავებსო. უძვირფასესი ექსპონატების (მეათე საუკუნის ათონის სახარება, ამირეჯიბის ოჯახის ხელმოწერებიანი სუფრა) იაფად შემძენს, სასამართლოებს უწყობდნენ. რა აღარ გადაიტანა.
გიორგი ლეონიძე მთელი ცხოვრება აგროვებდა უმნიშვნელოვანეს მასალებს ყველა დროის უდიდეს ქართველ მხატვარზე ნიკო ფიროსმანაშვილზე. ნაწილის გამოქვეყნება მოასწრო, მაგრამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ვეება შეკვრა, წლების ნაშრომი, ნამდვილი განძი, ბელინსკის ქუჩაზე დარჩა სახაჭაპურეში და უგზო-უკვლოდ გაქრა, რასაც საშინლად ნაღვლობდა. თქვეს, ვიღაც ქალმა წაიღოო, მაგრამ ვინაობა ვერ დაადგინეს.
დღეს რომ გიორგი ლეონიძე ცოცხალი იყოს, ჯავრისგან გული გაუსკდებოდა. თავს განზრახ თუ არ მოვიტყუებთ, დავინახავთ, რომ ბოლო ათეული წლების მანძილზე ქართული მწერლობა უმძიმეს, აუტანელ მდგომარეობაში იმყოფება. გაუქმებულია ცოცხალი ლიტერატურული პროცესების საარსებოდ აუცილებელი ორი მთავარი ჟურნალი – „მნათობი“ და „ცისკარი“. ჩამკვდარია კრიტიკა, ავი და კარგი რომ გაარჩიოს.
საყოველთაოდ ცნობილია – ლექსითა და მოთხრობით თავისა და ოჯახის რჩენა არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება და როცა მწერალს ამ მცირე ჰონორარის გარეშეც დატოვებ, რითიღა უნდა იცხოვროს. მის ბედს, ჩვენთან, ისეთი ადამიანები წყვეტენ,რომელთათვისაც ლიტერატურა უცხო ხილია. არ ჩანს არავითარი ნიშანწყალი იმისა,რომ ახლო მომავალში საქმე სასიკეთოდ შემოტრიალდეს. კულტურას, ლიტერატურას სახელმწიფოებრივი ზრუნვა და მხარდაჭერა ესაჭიროება, ხელისუფლებას კი მწერლობა დიდად არ ენაღვლება. ასეთ პირობებში შედევრებიც რომ დაახვავო, ყველაფერს აზრი ეკარგება, ზედაც არავინ შემოგხედავს.
გავიხსენოთ, ახლახან რა ცინიკურად მოიქცნენ ვიღაც-ვიღაცანი შოთა რუსთაველის პრემიის მიმართ, როგორ ხელაღებით დასცინეს მთელ ქართულ მწერლობას. კომისიაში არც ერთი მწერალი არ იყო შეყვანილი, ხოლო წევრთა უმრავლესობას ლექსისა არაფერი გაეგებოდა. ამაზე თავის სატელევიზიო გადაცემაში სუსხიანად, აღშფოთებულმა და განცვიფრებულმა ილაპარაკა გამოჩენილმა მწერალმა ბატონმა როსტომ ჩხეიძემ, მაგრამ არ მგონია, რამე შეიცვალოს. ყველაზე მკაცრი პასუხი უნდა მოეკითხოს იმ უსახურ, ბობოლა ჩინოსანს, ვინც ის უბადრუკი, სამარცხვინო კომისია შეაკოწიწა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის იმედი ოდნავადაც არა გვაქვს – საქართველო კვლავ რჩება განუკითხაობის კლასიკურ ქვეყნად.
ანა ახმატოვა უდავო ჭეშმარიტებას ამბობდა, როცა წერდა– ლექსის ბედს ყველა დროში ახალგაზრდობა განაგებდაო. გიორგი ლეონიძეც ტყუილად როდი ათანაბრებდა ერთმანეთთან „სიჭაბუკეს და ლექსს“.
სამწუხაროდ, ახალგაზრდობამ (არა მარტო ჩვენში) ლექსს ზურგი შეაქცია. ეს გულგრილობა კი სულიერებისათვის ნამდვილი უბედურებაა, სიკეთეს არ მოიტანს. თუ მკითხველი არ იქნა, პოეზიას საყრდენი გამოეცლება, კვდომას იწყებს. ლექსის გარეშე კი ადამიანი სრულყოფილი არსება ვერ იქნება.
მოვიდნენ თაობები, რომელთაც გიორგი ლეონიძის სახელი თითქმის არაფერს ეუბნება. ზოგიერთების თვალში სამშობლო, მისი სიყვარული დრომოჭმულ, „მოძველებულ ღირებულებად“ იქცა. ხოლო გიორგი ლეონიძის მთელ ცხოვრებასა და შემოქმედებას ლაღად ამოთქმული მისივე ეს ანთებული სტრიქონები განსაზღვრავს:

სამშობლო – ჩემი გულის ფეთქვაა,
სამშობლო – ჩემი ლექსის სახელი.

სამშობლო და ლექსი ბევრგანაა გადაკვანძული მის მღელვარე, ცეცხლოვან პოეზიაში. ლანქერივით მოვარდნილი ლექსის ძალაზე რომ იყო დანდობილი, საამისო მრავალი მაგალითი მოიძებნება მის დანატოვარში. უღვთოდ ნაჯაფარს არასდროს დაუკარგავს მომავლის იმედი და ჩვენც უნდა გავითავისოთ პოეტის ფრთაშესხმული რწმენა, რომელიც ერთგან ასეა გამოხატული:

ლექსო, სად ივლი, სადამდე?
მე აღარ შეგეკითხები.
არ დაეცემა მიწაზე
აჟღერებული სიტყვები.

საშობლოს სადიდებლად აჟღერებული, ოქროსყელიანი ორფეოსის ხმას დადუმება არ უწერია.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9