ტყუილად როდი ამბობდა იგი: „სიჭაბუკე და ლექსი ერთია, ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი…“ ეს აზრი გაცილებით მძაფრად გამოკვეთა ხალხურ კილოსთან შეთანადებულ უძლიერეს ლექსში და გაუნელებელი წუხილი უკიდეგანო ცის ფონზე, შეფარვით, ნართაულად გამოთქვა:

გადაივლიან ღრუბლები,
დაჰყრიან ოქროს ქვიშასა,
წავა ლექსი და წაიღებს
ახალგაზრდობის ნიშანსა.

პოეტის სასახელოდ უნდა ითქვას – ახალგაზრდული ჟინი და შემართება, „დაუდგრომლობა, ზავთი, ყიჟინა“ ბობოქარ, მღელვარე ლექსებში სიცოცხლის ბოლომდე არ ჩამქრალა, რაც მისმა უბერებელმა ნიჭმა განაპირობა.
გიორგი ლეონიძე ხშირად დადიოდა თავის უსაყვარლეს მშობლიურ კუთხეში, რაც მეტწილად პურობით მთავრდებოდა. ერთხელ, კახეთიდან ჩამოსულმა მითხრა – გუშინ უცნაურ სუფრაზე მოვხვდი. თამადად ჯმუხი, თავდაჯერებული კაცი დააყენეს. ცდილობდა როგორმე იქ მყოფთა ყურადღება მიეპყრო. მაშინვე შევატყვე, დიდი ჭკუა-გონების პატრონი რომ არ იყო. ჭიქა აიღო თუ არა, ხმამაღლა დასჭექა: „პატივცემულო და შაგნებულო საზოგადოება!..“ ამის გაგონებაზე მივიხედ-მოვიხედე. ორმოცდაათამდე მაინც იქნებოდნენ. „პატივცემული და შაგნებული“, ჩემ გარდა, ვერავინ დავინახე და მათთან ყოფნის ხალისი დამეკარგაო, გაცინებულმა ჩაილაპარაკა.
ყოველთვის მხიბლავდა მისი გამორჩეული ხუმრობა. დევი სტურუა, ცეკას მაშინდელი მდივანი, ძალზე განათლებული პიროვნება, პოეზიისა და თვით გიორგი ლეონიძის შემოქმედების თაყვანისმცემელი, მასთან დაახლოებული იყო და სიამოვნებით საკითხავი, ცოცხალი მოგონებები გამოაქვეყნა პოეტზე. დევისთვის ეთქვა: აღარაა ჩემი საშველი – პატარძეულში ჩასულს, ამ სოფლის სიამაყედ მაცხადებენ, საგარეჯოში – საგარეჯოს სიამაყე ვარ, თელავში ასე მადღეგრძელებენ, მთელი კახეთი ასახელეო, კახეთს იქეთ არ მიშვებენო და მეტი ეფექტისათვის (ასე იცოდა ხოლმე) თავისი შეჭირვება რუსულად დაემთავრებინა: „Яжертвараионногопатриотизма“.
სხვათა შორის, გიორგი ლეონიძეზე დაწერილი მოგონებები, მოგროვებული და დალაგებული ჰქონდა განსვენებულ სილოვან ნარიმანიძეს – ორი ვეება საქაღალდე გადასცა პოეტის უმცროს ქალიშვილს, თინათინ ლეონიძეს და მერე იმ მოგონებათა კვალი აღარსად ჩანს. ცხადია, ყველაფერი თანაბარი ღირსებისა არ იქნებოდა, მაგრამ ერთი, საჭირო და კარგი წიგნი უთუოდ გამოვიდოდა.
„ნატვრის ხე“ ახალი გამოსული იყო (1963). დევი სტურუას, ერთ-ერთ პირველს, სულმოუთქმელად წაეკითხა და აღტაცებულმა მითხრა – სულ მეგონა, რომ ქართულ ენას დიდი მომავალი არ ჰქონდა, მაგრამ გიორგი ლეონიძის ამ სასწაულებრივმა წიგნმა დამარწმუნა, მწარედ ვცდებოდი. ჩემთვის საიდუმლოდ დარჩება, ეს აურწყავი სიმდიდრე რა წიაღიდან მოედინებაო.
ყველაფერი კი ასე დაიწყო – გიორგი ლეონიძეს გამომცემლობა „ნაკადულში“ შიო მღვიმელის ქალიშვილის, ქეთევან ქუჩუკაშვილისთვის ლექსების წიგნის წინასიტყვაობა უნდა მოეტანა, მაგრამ ყოველ მისვლაზე განყოფილების გამგეს უბოდიშებდა: შიოევნა, წერამ შემიყოლია, სიყრმის მოგონებებში გადავიჭერი და ცოტა ხანს კიდევ მადროვეო. ქალბატონმა ქეთომ, ვისი ოჯახის ხშირი სტუმარიც იყო გიორგი ლეონიძე (ერთხელ მეც ვახლდი), კარგად იცოდა, რაც მოჰყვებოდა ასეთ დაგვიანებას და იქეთ აგულიანებდა – ნუ აჩქარდებით, ბატონო გიორგი, რამდენი ხანიც არ უნდა დაგჭირდეთ დაგელოდებითო.
როდესაც სიყრმის მოგონებების კრებული დასახატავად გადასცეს თეგიზ მირზაშვილს, საერთო სათაური იყო „მშობლიურ ხეთა ჩრდილებში“. თენგიზს ალღო იშვიათად ღალატობდა და საქებური თვითნებობა გამოიჩინა, სათაურად სხვა მოთხრობის სახელწოდება – „ნატვრის ხე“ არჩია, რაც ავტორსაც ჭკუაში დაუჯდა. პირველი ორი გამოცემა, თანაც განსხვავებულად, თენგიზ მირზაშვილის მიერ საუცხოოდ არის გაფორმებული, ხალხური – ორნამენტები ამშვენებს.
ზედმეტი არ იქნება იმის თქმა, რომ გიორგი ლეონიძეს პროზაში ადრევე მოუსინჯავს კალამი. მისი გარდაცვალების მერე, ხელნაწერებში წავაწყდი უცნობი მოთხრობის („ამბავი ესტატე ლაფაჩისა“) ანაბეჭდებს, რომლის გამოქვეყნება, მიზეზთა გამო, ავტორს ვერ მოუხერხებია. მოთხრობის ქვესათაურია „ჩემი სოფლის სურათები“. თარიღად უზის 1928 წელი, როცა გიორგი ლეონიძეს შემოქმედებითი აღმავლობის ჟამი ედგა და იგი ბუნებრივად ერწყმის „ნატვრის ხის“ ციკლს. ჩემი დაჟინებული მოწადინებით (ქალიშვილები შიშობდნენ, რომ იგი ჩრდილს მიაყენებდა მათი მამის სახელს). „ამბავი ესტატე ლაფაჩისა“ დაიბეჭდა და ლიტერატურულ წრეებში დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მუზეუმის გამოცემულ ყველაზე მრავალფეროვან ერთტომეულში, იგი განუხორციელებული რომანის „პატარა ტამალიას“ პროლოგთან ერთად, „ნატვრის ხის“ ბოლოშია დართული და არავითარ უხერხულობას არ იწვევს. წიგნის რედაქტორმა იზა ორჯონიკიძემ, ვისაც ამ კრებულის შედგენაში ვეხმარებოდი, დამიჯერა, რომ ასეთი განლაგება გამართლებული იქნებოდა.
ხსენებული მოთხრობა სამაგალითო ოსტატობითაა დაწერილი და თვალნათლივ ასახავს სოფლის ეკლესიის მარტოხელა მნათეს, გატყიურებული არსების გაუხარელ ყოფას. იგი არც კაცია და არც ქალი, მისთვის უცხოა ბუნების მადლი, სიცოცხლის მშვენიერება. ესტატე ლაფაჩის უცნაურ პიროვნებასა და გარეგნობას სრულყოფილად გვიხატავს პირველივე აბზაცი:
„დაბალი, შავგვრემანი, ჩოფურა, დაჯაგრული, ზამთარ-ზაფხულ დურატყავში გამოხვეული, ის ან ორღობეებში მიეჩქარებოდა ხელში სამღვდელო ბოხჩით, რომელშიც ჭუჭყიანი ოლარი იდო და გამურული, ჭვარტლიანი საცეცხლური ან, როგორც შეგრძნებული, იჯდა სამრეკლოზე, ან მღვდლის საფუტკრეში ეძინა. მისი ნაწოლი იონჯა ორ დღეს გონზე ვერ მოდიოდა“.
მოთხრობის ცალკეულ, საუცხოო პასაჟებს არ შევეხები, მთავარს ვიტყვი. ესტატე ლაფაჩმა კარგად იცის ადამიანების უსულგულობა, მათი მტაცებლური მიდრეკილებები და საკუთარ საფლავს სიცოცხლეშივე იმზადებს, ქელეხსაც წინასწარ იხდის, მაგრამ ბოლოს სამუდამო განსასვენებელიც არ ერგება. ამ დროს დამყარებულია სისხლით მოსული საბჭოთა ხელისუფლება. ლაფაჩი სახადით იღუპება და კომისარი ნებას არ იძლევა მიცვალებული „ლოგინივით შემზადებულ საფლავში“ ჩააწვინონ და, როგორც სახადიანს, სადღაც მოშორებით დაფლავენ, ტურა-მგლების საჯიჯგნად. ხდება დაუჯერებელი რამ. უეცრად ამკრძალავი თვითონაც სახადით კვდება და „მაუზერიანი კომისარი“ ლაფაჩის საფლავს დაეპატრონება. სოფლელები ნიშნის მოგებით ამბობენ „ხედავ, რა უყო საწყალმა მნათემ, რა მალე გადაუხადა სამაგიეროო“. მოთხრობის ფინალს დიდი, ჭეშმარიტი შემოქმედის ხელი ეტყობა.
„ნატვრის ხეზე“ სხვადასხვა დროს, არაერთი საყურადღებო წერილი გამოქვეყნდა. მათგან განსაკუთრებით დამამახსოვრდა გიორგი ნატროშვილის და თამაზ ბიბილურისა. ახლახან ქუთაისში გამომავალ ჟურნალ „მწვანეყვავილაში“ (2018, №2, რედაქტორი გიზო თავაძე) სიამოვნებით წავიკითხე ელგუჯა თავბერიძის შესანიშნავი, მახვილგონივრული დაკვირვებების შემცველი ნააზრევი „ნატვრის ხის“ ფრიად სახალისო მოთხრობაზე – „ჭამპურას ჭამპურობა და სხვა ამბები“. სასიხარულოა, რომ ჩვენი გულითადი მეგობარი კვლავ აპირებს მიუბრუნდეს გიორგი ლეონიძის პროზაულ შედევრებს.
ცალკე უნდა ითქვას, რომ გიორგი ლეონიძე ჩვენი ლიტერატურის ისტორიის შეუდარებელი, უბადლო მკვლევარია. ამაზე მეტყველებს მისი მონოგრაფიუბი: 1. სულხან-საბა ორბელიანი. 2. ცხოვრება დავით გურამიშვილისა. 3. ბესიკი. აგრეთვე გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებზე, ფეშანგიზე, იოსებ ტფილელზე, ვახტანგ მეექვსეზე, საიათნოვასა და სხვებზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9