ფიროსმანის დახატული ადამიანი მუდამ მთლიანობითი მოცემულობით არსებობს, თავის უკვე ქმნილ სახეში.

იმ გლობალურ ხატში, რომელსაც დროში უკვე ვეღარ უკუაქცევს, უკან ვეღარ დააბრუნებს…

დრამა ცხოველურიდან ადამიანში ტრანსგრესიისა, ფიროსმანის ადამიანს უკვე გავლილი აქვს. ზღვარი გადალახულია იმდენად, რომ უკვე ფიროსმანისეული ცხოველებიც აღარ არიან საფრთხის მომასწავებელნი.

და ცხოველისადმი ნდობაც ყოფიერებისადმი ნდობითაა გამართლებული.

იმ ყოფიერებისადმი, ადამიანი რომ განასახიერებს.

და იმ ყოფიერებისადმი, რომელიც არარასთანაა ასოცირებული და იმ ცოდნასაც მოასწავებს, რასაც არა იმდენად სიკვდილის, რამდენადაც სიკვდილის შესახებ ცოდნა ჰქვია.

ცხოველმა ამ სიკვდილის შესახებ არა იცის რა…

ოღონდ, ეშინია!

ჟორჟ ბატაი იტყვის, რომ სიკვდილის შესახებ წინასწარი ცოდნა სექსუალობის შესახებ ცოდნას ესატყვისება.

ფიროსმანისეული ტურფები თავიანთი თანატოგრაფიული იმიჯებით გარკვეულწილად მათივე სექსუალობის ნიღბებია, ანდა პირიქით.

და ტექსტიც – „შემომხედეთ რა დღეში ვარ“, თავისებური თანატოგრამაა, რომელიც გამუდმებული კოიტალურობის კონტრფორმად მოვლენილი, სიკვდილის რეპრეზენტაციად გვეცხადება; და იმ სევდასაც ეხმიანება, მერაბ მამარდაშვილი პოსტკოიტალურ სევდას რომ ეძახდა.

ორთაჭალის ტურფებსა და მათ ნებიერ პოზებში ის ლატენტური პროგრამაა თემატიზირებული („რა დღეში ვარ“), რომლის კონტექსტშიც არა მხოლოდ გარჯა, როგორც შრომითი საქმიანობა, ეწინააღმდეგება ეროტიულ თავისუფლებას, არამედ თავად სიკვდილის გაცნობიერებაც უპირისპირდება ეროტიზმთან მი-ბრუნებას; იმ ეროტიზმთან, რომელსაც ძალუძს ისევ მიგვიყვანოს სიხარბესთან, გაუმაძღრობასთან, ძალადობასთან…

სიკვდილთან, როგორც განადგურებასთან, გაიგივებული განგაშის გრძნობა, მართლაც ეროტიზმთანაა დაკავშირებული – სექსუალური აქტივობა საბოლოოდ მოასწავებს სიკვდილის შემაძრწუნებელ ხატს, სიკვდილის შეცნობა კი ეროტიზმის უფსკრულს აღრმავებსო, იტყვის ბატაი.

მაგრამ ეს ვერაგი სიკვდილი, ეროტიზმთან შეწყვილებული, სიცოცხლის დაპირებაცაა.

და ამ დაპირებით ნებივრობენ ფიროსმანის ტურფები;

იმ სასოებით, რომ თავისთავად ცხოვრება – ფუფუნებაა;

და მისი მწვერვალი – სიკვდილი, ამ ცხოვრების ყველაზე მდიდრული ფორმაა.

ესეც ბოლო მომენტი, ბოლო ეპიზოდი, ბოლო კადრი, როდესაც უკიდურესობამდე იზრდება, ფართოვდება, განივრცობა სიკვდილის აღქმა და შესაბამისად მცირდება აქ ყოფნის უსაფრთხოება…

ფიროსმანს თანაბრად მოსდგამდა თანამედროვეობის ხედვაცა და ამ თანამედროვეობის განხილვაც მარადისობის ჰორიზონტიდან Sub specie aeternitas.

ფიროსმანის მოვლინებაც თითქოსდა კაიროლოგიურად იყო შემზადებული.

ამ კაიროსს, რა ხანია, „ფიროსმანის დროს“ ვეძახით.

„ხანმა უნდობარმა“ მას ვერაფერი დააკლო.

პირიქით, უფრო გა-ახარა.

და ამ კაიროსმავე გადა-ფარა ფიროსმანისდროინდელი წარმავალი, დღემოკლე საგნების სივრცეც.

ესაა ფარი, მასზე გამოსახული მთელი იკონიკური ონტოტექსტებით…

ფარი ფიროსმანისა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11